ბანკებისა და მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება და მსესხებელთა რისკები

გამოწერა
კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კერძო მევახშეები... ვინ ლიდერობს უძრავ-მოძრავი ქონების დასაკუთრებაში, რა ღირებულების ქონებას კარგავენ ყოველწლიურად მსესხებლები საქართველოში და როგორ ნაწილდება საკრედიტო რისკები?

მოსახლეობა ყოველ წელს ნახევარი მილიარდი ლარის ქონებას კარგავს! სახელმწიფოში სულ უფრო მწვავედ დგება ე.წ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხი. დიდი ხანია არავის უკვირს, რომ სხვადასხვა საფინანსო კომპანიისა თუ კერძო პირების მიერ დასაკუთრებული ქონება ყოველ წელს ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. შესაბამისად, წლიდან წლამდე მატულობს იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც გაუსტუმრებული საკრედიტო ვალდებულების გამო დაკარგა უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის უკანასკნელი საცხოვრისიც კი… კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი, ბოლო მონაცემებით 210 მილიონ ლარს გაუტოლდა…

სპეციალისტები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები  და მევახშეები, ჯამში, გაცილებით მეტი ქონების რეალიზებას ახდენენ, ბოლო წლებში უძრავი ქონების მინიმუმ ორ მესამედს ისინი ისაკუთრებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს სხვადასხვა ფინანსური ჯგუფის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარის ფარგლებში მერყეობს.

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამარჯობა, თქვენ გელით კრედიტი! ანუ „Надо меньше пить…“

კომერციული ბანკების ანგარიშების მიხედვით, 2017 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობამ 209 192 767 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. 2017 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 94.9 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე 58.5 მილიონი ლარით „თიბისი ბანკია“, სამეულში შედის „ბანკი ქართუც“, რომლის ანგარიშზეც 31.8 მილიონი ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონებაა. დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლების მიხედვით, სხვა ბანკების პოზიციები ასე გამოიყურება — „ვითიბი ბანკი“ – 9.621.861 ლარი, „ტერა ბანკი“ კი – 5.922.476 ლარი. „საპრიზო“ ხუთეულს მიღმა კი არიან: „ბაზისბანკი“ – 5.440.010 ლარი, „სილქ როუდ ბანკი“ – 1.159.039 ლარი, „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“ – 600.000 ლარი და „ბანკი კრედო“ – 357.866 ლარი. ბოლო პოზიციაზე კი „ხალიკ-ბანკი საქართველოა“ – 310.450 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონებით…

თი-ბი-სი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
ბანკირი „ჯოტიას“ ახალი რეკორდი და „ხუტა უფროსის“ განცდები...

მდგომარეობა სულ უფრო უკონტროლო ხდება, რადგან წლიდან წლამდე ბანკების, სხვა საფინანსო ორგანიზაციების ან თუნდაც კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი მკვეთრად იზრდება. ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2011-2016 წლებში, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ რეალიზებულია 11 796 ერთეული უძრავი ქონება. 2016 წელს რეალიზებული უძრავი ქონებიდან კომერციულ ბანკებზე 454 ერთეული (25.7 პროცენტი) მოდიოდა, 337 შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც საერთო რაოდენობის 19 პროცენტის ტოლია. 978 შემთხვევაში კრედიტორები კერძო მევახშეები და იურიდიული პირები იყვნენ, რაც მთლიანი რაოდენობის 55.3 პროცენტია. 2016 წლის ტენდენციისგან დიდად არ განსხვავდებოდა შარშანდელი წელი. მართალია, ზუსტი საერთო მონაცემები ჯერ არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელსაც იძულებით რეალიზებული ქონების ნახევარი კერძო მევახშეებმა მიისაკუთრეს, ხოლო დაახლოებით მეხუთედი კი მიკროსაფინანსოებმა… დარწმუნებული ვარ, ზედმეტია იმის განმარტება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, კერძო მევახშეებისა თუ ბანკების მიერ დასაკუთრებული უკლებლივ ყოველი მოძრავ-უძრავი ქონების მიღმა ე.წ პრობლემური კრედიტი მოიაზრება, თუმცა ბანკია და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, კერძო მევახშეებთან სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთული ქონება დაკარგვისთვის, მაღალი ალბათობით, იმთავითვე განწირულია.

თბილისი - Sputnik საქართველო
ლაღად „მოცურავე“ ლარი, გაძვირებული კრედიტები და გაღარიბებული ხალხი!

მაშინ, როცა არასაკმარისი შემოსავლების, არასახარბიელო საკრედიტო ისტორიის გამო, სესხს არ უმტკიცებენ, მოქალაქეებს „მხსნელად“ კერძო მევახშეები ევლინებიან. მათთვის არსებითია იპოთეკით დატვირთული ქონება ლიკვიდური იყოს, მისი ღირებულება რამდენჯერმე აღემატებოდეს გაცემული სესხის ოდენობას… თუმცა იმასაც ამბობენ, რომ კერო მევახშის მიერ გაცემულ სესხსაც ბანკის ფულის სუნი ასდის…

ეკონომისტი გიორგი კეპულაძე: „ჩვენ ყოველწლიურად ვიკვლევთ დასაკუთრებულ უძრავი ქონების მოცულობას და იქ, როგორც წესი, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კერძო მევახშეების. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ითხოვენ კომერციული ბანკები და ასევე სხვა საფინანსო კომპანიები უძრავი ქონებით სესხის უზრუნველყოფას, რამდენად გავრცელებულია ასეთი მეთოდით მუშაობა. მევახშეები შეფასებული თანხის დაახლოებით 30-40 პროცენტს გასცემენ სესხის სახით, ბანკმა კი შეიძლება, 80 პროცენტამდეც დააკრედიტოს. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კერძო მევახშეთა დიდი ინტერესი მოდის უძრავ ქონებაზე. რაც შეეხება მსესხებელს, ის იმიტომ მიდის მევახშესთან, რომ ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხს არ უმტკიცებს. არსებითი განსხვავებაა გადახდის მხრივაც, როდესაც ბანკებსა და მიკროსაფინანსოებში პროცენტთან ერთად ძირი თანხაც იფარება. კერძო გამსესხებელთან პროცენტის გადახდის შემთხვევაში ძირი უცვლელი რჩება…”

ბანკის სალაროსთან - Sputnik საქართველო
ლარის გამბიტი, ანუ „გულუხვი“ ბანკები და „გაქცეული“ დოლარი...

სპეციალისტები ბანკების, საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების მიერ ქონების დასაკუთრების მიზეზად სოციალურ პრობლემებს ასახელებენ. მათი თქმით, არსებული ტენდენცია მოსახლეობის გადახდისუუნარობას უკავშირდება. კომერციული ბანკებისთვის, კერძო მევახშეებისგან განსხვავებით, ქონებაზე მაღლა თანხით ანგარიშსწორება დგას.

ეკონომისტი ირაკლი ბერძენაძე: „სიტუაცია საკმაოდ რთულია. წინა წლებთან შედარებით, აშკარად არის გაზრდილი დასაკუთრებული უძრავი ქონების მოცულობა. საუბარია იმ ქონებაზე, რომელიც გავიდა აუქციონზე და შემდეგ ბანკის მიერ მოხდა მისი შესყიდვა. როდესაც 209 მილიონი ლარის ქონების დასაკუთრება ხდება, ეს ნიშნავს, რომ რეალურად გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. ასევე აქ მნიშვნელოვანია, რა ტიპის ქონება არის იძულებით რეალიზებული: საცხოვრებელი ბინები, საოფისე ფართები, თუ მიწის ნაკვეთები. აქ აშკარად იკვეთება მსხვილი ბანკების დომინირება ამ მიმართულებით.

ლარის სხვადასხვა ნომინალის კუპიურები - Sputnik საქართველო
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკურ კრედიტზე - ეროვნული ბანკის რჩევები

ბანკებისთვის კრედიტში ჩადებული ქონება არის მომგებიანი, მაგრამ მას პრიორიტეტი ნამდვილად არ ენიჭება. მათთვის მთავარია მისაღები თანხა, რომელიც წინ დგას ნებისმიერ უძრავ ქონებაზე. ნაღდი ანგარიშსწორება არის ლიკვიდობის მაჩვენებლი. უძრავი ქონებაც, აქტივების ნაწილში ხელს უწყობს ბანკის ლიკვიდობის ზრდას, მაგრამ აქაც არის რისკი, რადგან მისი ქცევა ფულად რესურსად მთელ რიგ შემთხვევაში ბანკსაც კი უჭირს…“

საკამათო არ არის, რომ ნებისმიერი საკრედიტო ვალდებულება გარკვეულ რისკებს მოიცავს, თუმცა აშკარაა, რომ ჩვენში კრედიტორი, ბანკი იქნება ეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ კერძო მევახშე, ამ რისკებისგან სრულად დაცულია. რისკავს, მხოლოდ მსესხებელი. ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია, უმრავლეს შემთხვევაში კრედიტი არაეკონომიკურ აქტივობას, „თავის გატანას“ ხმარდება და მთავარი, გრძელვადიანი რისკიც სწორედ ეს არის!

 

ყველა ახალი ამბავი
0