09:09 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
ანაკლია

ანაკლიის პორტთან ქალაქ–თანამგზავრი გაჩნდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ანაკლია – მომავლის ქალაქი–2018 (22)
16210

გრანდიოზული გეგმა, რომელზეც ჯერ კიდევ წინა ხელისუფება საუბრობდა, განხორციელდება – საკურორტო დასახლება ანაკლიასთან გაჩნდება ღრმაწყლოვანი პორტი და ახალი, თანამედროვე ქალაქი.

მომავალ ნავსადგურთან ქალაქ–თანამგზავრის მშენებლობის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (JSC Anaklia Development Consortium (Georgia) განაცხადა. კონსორციუმმა მის ასაშენებლად უკვე შექმნა კომპანია – Anaklia City.

კონსორციუმმა JSC Anaklia Development Consortium (Georgia) 2016 წლის თებერვალში პორტის მშენებლობის კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა. დაგეგმილი ინვესტიციების საერთო მოცულობა 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კონსორციუმი დაარსებულია კომპანია TBC Holding–ისა და ცნობილი ამერიკული დეველოპერული კომპანია Conti International LLC-ს მიერ, რომელიც ახორციელებს პროექტებს ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროებში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე ანაკლიაში ახალი ქალაქის აშენებასა და მისთვის "ლაზიკის" დარქმევაზე ოცნებობდა. ახლა მისი ოცნება ახდება, ოღონდ სხვა დასახელებით.

ახალი პორტი

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და ახალი ქალაქის აშენება აუცილებელი გახდა საქართველოს ხელისუფლების გეგმებიდან გამომდინარე, რაც ითვალისწინებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და "ახალი აბრეშუმის გზასთან" მიერთებას, რომელმაც აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

საქართველოში ამჟამად ბათუმისა და ფოთის პორტები ფუნქციონირებს, მაგრამ ძირითადი საზღვაო გზა დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის ნაკლი მისი ტვირთგამტარობაა – პორტს 1,5 ათასი კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება არ შეუძლია. ამასთან, პორტის აკვატორიის სიღრმის შემცირების გამო, მისი მუშაობა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით პერიოდულად ჩერდება.

პორტის მშენებლობის პირველ ეტაპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. მშენებლობა 2020 წლამდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია, რომ აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 16,8 მლნ ტონა იქნება.

სულ მშენებლობა 52 წელი გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 76,5 მლნ ტონა იქნება.

ახალი ქალაქი

ახალი ქალაქი ანაკლიის პორტთან იქნება ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი ინდუსტრიული პარკითა და საცხოვრებელი კომპლექსებით. იქ განთავსდება საბავშვო ბაღები, სკოლები, დასვენების ზონები და გამაჯანსაღებელი კომპლექსები, საგამოფენო დარბაზები, პავილიონები და ოფისები.

ახალი ქალაქის ფართობი 1 ათასი ჰექტარი იქნება.

გეგმის თანახმად, პორტში 6,4 ათასი ადამიანი იმუშავებს. ისინი ახალ ქალაქში იცხოვრებენ.

კონსორციუმის ჩანაფიქრით, ახალი ქალაქი თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქნება და დაეფუძნება შემოქმედებითი ეკონომიკური სიახლეების კონცეფციას, ბიზნესის დერეგულაციას, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას.

"ქალაქი ანაკლია მიმზიდველი იქნება როგორც მსუბუქი ინდუსტრიის, ისე მომსახურების სფეროსათვის; ის ღია იქნება გლობალური კორპორაციების, ფინანსური და სადაზღვევო სექტორების, კვლევისა და ტექნოლოგიების ტრანსფერისათვის", – განაცხადა კომპანია Anaklia City–ს დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

ქალაქის მშენებლობა პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ნაწილია.

პორტისა და ქალაქის მშენებლობაზე სულ 2,5 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა იგეგმება.

ექსპერტული მოსაზრება

ექსპერტი, საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ახალი ქალაქი, თუ საგადასახადო ზონისგან თავისუფალი გახდება, მიმზიდველი იქნება.

"მსგავსი პროგრამა სააკაშვილის დროს იყო. ჩანაფიქრით, ქალაქი იმავე ადგილზე, ოღონდ სხვა დასახელებით უნდა აშენებულიყო კერძო სახით. სპეციალური იურიდიული სტატუსის მიღებით ეს ადგილი რაღაც საინტერესო, განსაკუთრებულ, მიმზიდველ სახეს იღებდა. ადამიანები დაიწყებდნენ იქ ჩასვლას, რადგან მათ ეკონომიკური საბაბი ექნებოდათ – გადასახადების არარსებობა, ქვეყანაში არსებული სხვა შეზღუდვების არარსებობა", – განაცხადა შეშელიძემ.

მისი თქმით, თავისუფალი საგადასახადო ზონის პირობებში ადამიანები მიიღებდნენ შესაძლებლობას, სხვაგვარად მოეხდინათ ბიზნესის ორგანიზება, სხვაგვარად მიეღოთ სერვისი და სხვაგვარად შეექმნათ თავისი მომავალი.

 

თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი–2018 (22)

მთავარი თემები