არსებობს თუ არა ბულინგის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში

© Pixabay / Pavlofox ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვების მხრიდან ძალადობა თანატოლებზე მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. რა არის ბულინგი და როგორ დავიცვათ ბავშები „ჩაგვრისგან“, ამის შესახებ ფსიქოლოგი მარიკა არევაძე საუბრობს.

ნინი რაზმაძე

– რა არის ბულინგი?

– ბულინგი ეს არის არასასურველი, აგრესიული ქცევა სასკოლო ასაკის ბავშვებში, რომელსაც ახორციელებს ბავშვი (ან ბავშვების ჯგუფი) „გარიყული“ ბავშვის მიმართ. ხშირ შემთხვევაში, ეს არ არის ერთჯერადი მოვლენა და მას აქვს განმეორებადი სახე. 

– ბულინგის რა სახეები არსებობს და რომელია ყველაზე გავრცელებული?

— ბულინგი, შესაძლოა, განხორციელდეს როგორც მსხვერპლთან უშუალო კონტაქტით (პირდაპირი გზა), ასევე უშუალო კონტაქტის გარეშე (ირიბი გზა). ჩაგვრის, ე.წ. ბულინგის პირდაპირი გზა გულისხმობს უშუალოდ მსხვერპლის მიმართ ფიზიკური ან სიტყვიერი აგრესიის გამოხატვას, ხოლო ჭორების გავრცელება კონკრეტულ ადამიანზე, ეს უკვე ბულინგის ირიბი გზაა. არსებობს ბულინგის ოთხი სახე: ფიზიკური, სიტყვიერი, ინდივიდის სოციალურ ურთიერთობებზე/რეპუტაციაზე ორიენტირებული და ინდივიდის საკუთრების დაზიანება. 

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გავრცელებულია სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია. თანატოლებისთვის ე.წ. „სასაცილო მეტსახელების“ მოფიქრება, მიმართვა, ბავშვის დამცირება მის განსხვავებულობაზე, ან სუსტ მხარეზე მითითებით — სიტყვიერი აგრესიის ერთ-ერთი ფორმაა. 

კომპიუტერული ტექნოლოგიების თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ.„კიბერ–ბულინგი“. ასეთი ტიპის ჩაგვრა გულისხმობს თანატოლის არასასურველი ფოტოების გამოქვეყნებას, დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას. ასევე დღითიდღე უფრო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში სპეციალური გვერდების შექმნის პრაქტიკა, სადაც გამიზნულად აბუჩად იგდებენ ადამიანებს მათი გარეგნობის, შემოქმედების, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის გამო.  

© Flickr / jimpg2_2015შეშინებული ბავშვი
შეშინებული ბავშვი - Sputnik საქართველო
შეშინებული ბავშვი

– როგორია ბულინგის სტატისტიკა საქართველოში?

— ბულინგის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია თავად ბულინგის იდენტიფიცირების სირთულესთან სკოლებში. ხშირია შემთხვევა, როდესაც მასწავლებლები ან მშობლები სიტყვიერი, ფიზიკური აგრესიის შემცველ ქცევას ბავშვურ სიცელქედ მიიჩნევენ და ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ. გარდა ამისა, მჩაგვრელი ბავშვი იშვიათად ახორციელებს მსგავს ქცევას უფროსის თანდასწრებით. იცის რა, რომ შეიძლება დაისაჯოს, მსხვერპლის დასაჩაგრად ირჩევს საკლასო ოთახს — შესვენებაზე, ან ცარიელ დერეფანს — გაკვეთილების მსვლელობისას. 

განათლების ნაციონალური ცენტრის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ყოველი 5 ბავშვიდან 1 ბულინგის მსხვერპლია. Modecki, Minchin, Harbaugh, Guerra, & Runions-ის 2014 წელს გაკეთებული 80 კვლევის მეტა-ანალიზის მიხედვით, 12-18 წლის მოზარდების 35% განიცდის ტრადიციულ ბულინგს (ფიზიკური, სიტყვიერი აგრესია), ხოლო 15% – კიბერ-ბულინგს. Petrosina, Guckenburg, DeVoe, & Hanson-ის 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ბულინგის მსხვერპლი ბავშვებიდან 64% არ საუბრობს ამაზე. Davis & Nixon-ის 2010 წლის კვლევის მიხედვით, ჩაგვრის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ბავშვის გარეგნობა (55%); სხეულის ფორმა (37%) და ეროვნება (16%). 

რომანტიკური ურთიერთობები, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: გიყვარდეთ თქვენი შვილები უპირობოდ, ისეთები როგორებიც არიან

– როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, როდესაც ხედავს, რომ ბავშვს სხვა ბავშვები ჩაგრავენ? როგორია ბულინგის პრევენციული ღონისძიებები?

— პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ადეკვატური ღირებულებები. ის, თუ როგორი ატმოსფეროა კლასში, რა პრიორიტეტებია, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბულინგის წარმოქმნის ალბათობას. მაგალითად, არაჯანსაღი გარემოს შემთხვევაში, შესაძლოა, აბუჩად აიგდონ ბავშვები, რომლებიც კარგად სწავლობენ და საშინაო დავალებებს ამზადებენ. აშკარაა, რომ ასეთ კლასში პრიორიტეტი არ არის განათლების მიღება, რაც ცალსახად შეაფერხებს ამ კლასის თითოეული მოსწავლის კეთილდღეობას. 

მეორე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი — სასურველია თუ მასწავლებელი თავად შესთავაზებს მოსწავლეებს ერთმანეთთან კომუნიკაციის პოზიტიურ გზებს და მისცემს ამას კლასის წესების სახეს. მაგალითად, „ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს“, „ვეხმარებით მეგობარს, რომელსაც სწავლა უჭირს“, „საჭიროების შემთხვევაში ვუნაწილებ კლასელს სამუშაო მასალას“ და ა.შ. შესაძლებელია ამ თემატიკაზე მრავალი აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება. პრეზენტაციები, ჯგუფური სამუშაოები, პოსტერების დამზადება, სხვადასხვა ორგანიზაციებში სტუმრობა — რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში ტოლერანტობის გაზრდას. 

2010 წელს Davis & Nixon-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბულინგის მსხვერპლი მოსწავლეების აზრით, ყველაზე სასარგებლო, რაც შეიძლება მასწავლებელმა გააკეთოს ბულინგის დროს, არის: ჩაგვრის მსხვერპლი ბავშვის მოსმენა, ბავშვისთვის რჩევის მიცემა და შემდგომ შემოწმება — შეწყდა თუ არა მოსწავლის ჩაგვრა. ხოლო ყველაზე საზიანო, რაც მასწავლებელმა შესაძლოა გააკეთოს ამ დროს, არის – ურჩიოს მოსწავლეს პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა, უთხრას მოსწავლეს, რომ ასე არ მოხდებოდა განსხვავებულად რომ არ იქცეოდეს, უყურადღებოდ დატოვოს ბავშვის მიმართვა, ან უთხრას, რომ თავი უნდა დაანებოს „ენის მიტანას“. 

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგის რჩევები: როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის?

– მომავალში რა საფრთხეების შემცველია ბავშვობაში გადატანილი ტრავმა?

— ბულინგის თემაზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბულინგი მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ძალადობის განმახორციელებელზე, ასევე ძალადობის მსხვერპლსა და ძალადობის მოწმეზე (დამკვირვებელზე). რეტროსპექტული კვლევების მიხედვით, სასკოლო წლებში ბულინგის განმხორციელებლები არიან მოძალადეები მოზრდილ ასაკში და შემდგომში მათ ჰყავთ ბულინგის განმახორციელებელი შვილები. ხოლო ბულინგის მსხვერპლებს კი, შესაბამისად, მომავალში ჰყავთ ასევე ბულინგის მსხვერპლი შვილები. 

ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს მოზრდილობისას, შესაძლოა, ჰქონდეთ მაღალი შფოთვა და დაუცველობის განცდა. ხშირად აქვთ დაბალი თვითშეფასება და ირჩევენ მარტო ყოფნას. უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისადმი. Olweus-ის რეტროსპექტული კვლევის მიხედვით, ბულინგი ბიჭების შემთხვევაში დროში მეტად მყარია. მაგალითად, ბიჭები, რომლებიც 13 წლის ასაკში განიცდიდნენ ბულინგს, 16 წლის ასაკში, ისევ ბულინგის მსხვერპლნი იყვნენ. გარდა ამისა, ბიჭების შემთხვევაში ხშირია თანატოლების მხრიდან ზეწოლა. მათ აიძულებენ ასევე გახდნენ მოძალადეები და ჯგუფთან ერთად განახორციელონ ძალადობის შემცველი ქცევა. 

– როგორია მშობლის როლი ასეთ დროს, რა უნდა გააკეთოს მაშინ, როდესაც ხშირ შემთხვევაში მშობელმა არც კი იცის, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლია?

— მნიშვნელოვანია მშობლის აქტიური ჩართულობა ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში. ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვთან ერთად საშინაო დავალების მომზადებით. ეს გულისხმობს მასწავლებლებთან ყოველკვირეულ შეხვედრებს, კლასის მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე მისვლას, შვილის თანაკლასელების, მეგობრების გაცნობას და მათ ქცევაზე დაკვირვებას თავისუფალ გარემოში. 

ბულინგის მსხვერპლი ბავშვი იშვიათად საუბრობს იმაზე, რომ ჩაგრავენ, თუმცა, ხშირად ღიად აფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას კლასელებისადმი: არ მეგობრობს მათთან, თავისუფალ დროს უარს ამბობს მათთან ურთიერთობაზე, არ იღებს დაბადების დღეზე მიწვევებს და არც თავად იწვევს კლასელებს. 

უფრო მეტი კომუნიკაცია მშობელსა და ბავშვს შორის მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ მშობელს არ გამოეპარება შვილზე განხორციელებული ბულინგი სკოლაში.  

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Petras Gagilas / fight clubბავშვი ჩალურჯებული თვალით სარკეში იყურება
ბავშვი ჩალურჯებული თვალით სარკეში იყურება - Sputnik საქართველო
ბავშვი ჩალურჯებული თვალით სარკეში იყურება

– რა არის ბულინგის განმახორციელებელი ბავშვის მიზანი და როგორ მტკიცდება ეს ქცევა დროთა განმავლობაში?

— მოძალადე ბავშვის მიზანი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ხშირ შემთხვევაში ეს არის ყურადღების მიქცევა, ე.წ. რეპუტაციის, სტატუსის მოპოვების მცდელობა თანატოლების თვალში. 

– როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? 

— შევთავაზოთ ბულინგის განმახორციელებელ ბავშვს საკუთარი მიზნის მიღწევის სოციალურად მისაღები გზა. ამ დროს ვეყრდნობით ამ ბავშვის ძლიერ მხარეებს: ხატვა, ძერწვა, კონკრეტული საგნით ძლიერი დაინტერესება, მიღწევები სპორტში და ა.შ. სასურველია ბავშვს ვაჩვენოთ, რომ მას შეუძლია თანაკლასელებისგან აღიარების მიღება იმ წარმატების გაზიარებით, რასაც მან მიაღწია. ამის პარალელურად აუცილებელია მუშაობა კლასის დონეზე. ბავშვებმა არ უნდა წაახალისონ მათი მეგობრის მიმართ განხორციელებული დამცინავი, შეურაცხმყოფელი ქცევა. იმ შემთხვევაში, თუ სიტყვიერი/ფიზიკური ძალადობა იმსახურებს მხოლოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას კლასელების თვალში, ბულინგის განმახორციელებელ ბავშვს ეკარგება მსგავსი ქცევის ჩადენის მოტივაცია. 

ყველა ახალი ამბავი
0