01:18 29 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6663
  • 100 RUB4.2235
  • USD3.1052
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
80 0 0

მეუფე გრიგოლი იმედს გამოთქვამს, რომ სინოდი აუცილებლად იმსჯელებს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეისათვის დაგროვდა.

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახლადდანიშნული დირექტორის გეგმები და საქმიანობა დადებითად შეაფასა.

მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონიდან ზოგიერთი აღმზრდელის გათავისუფლება ადრეც უნდა მომხდარიყო.

„ის რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისი განცხადებით, ყველა ინსტიტუციაში არსებობს პრობლემა, მაგრამ ამას აღიარება და დაძლევა სჭირდება.

„არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე, უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა, ამას სჭირდება აღიარება, იდენტიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის. სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა კითხვაზე, ხომ არ აპირებს საპატრიარქო მის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების მონიტორინგს, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ცოტა მეტია გასაკეთებელი.

„მე ვფიქრობ, რომ მონიტორინგი ერთგვარი საზედამხედველო ფუნქციაა, ყოველთვის ჰქონდა საპატრიარქოს და მეტ-ნაკლებად ახორციელებდა კიდევაც. როგორც ჩანს, ცოტა მეტია გასაკეთებელი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლს თქმით, როცა სინოდი შეიკრიბება, უნდა იმსჯელოს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დღეისთვის დაგროვდა.

„სინოდი როდესაც შეიკრიბება იმედი მაქვს იმსჯელებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე რაც დღემდე არის დაგროვილი, თუმცა ჩვენ არ ვიცით როდის შეიკრიბება სინოდი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხდადა, რომ ნინოწმინდის პანსიონში მზოლოდ ის აღმზრდელები დარჩებიან, ვის მიმართაც პანსიონის აღსაზღდელებს პრეტენზიები არ ჰქონდათ. მისი თქმით, 40 თანამშრომლიდან მუშაობას მხოლოდ 19 გააგრძელებს.

მეუფის განმარტებით, პანსიონში ძალზე სწრაფად და ხარისხიანად მოხდება სასიკეთო ცვლილებები. პანსიონის ადგილზე დღის ცენტრი გაიხსნება, ბავშვებისთვის კი ნინოწმინდაშივე, მაგრამ სხვა ადგილზე მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტის შესაფერისი ბავშვთა სახლები და თითოეულში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ექვსი ბავშვი განთავსდება. დიდი პანსიონების არსებობა მიუღებელია, დასძინა მეუფე იაკობმა.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

 

ნიკა ლატარია

მთავარი თემები