ნინოწმინდის პანსიონის კარი სახალხო დამცველისთვის მომავალ კვირაში გაიღება

© photo: Ombudsman / FBნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელს, მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მომავალ კვირაში მოინახულებს.

აღნიშნული შეთანხმება ლომჯარიას და პანსიონის ახალ ხელმძღვანელს, ბოდბელ ეპისკოპოსს, მეუფე იაკობს შორის თბილისში დღეს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული.

მანამდე ნინო ლომჯარიამ საქართველოს საპატრიარქოს მიმართა თხოვნით, მიეცეს ომბუდსმენის აპარატს ნინოწმინდის პანსიონში თავისი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა. ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა, რომ პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ სახალხო დამცველს ამ მხრივ პრობლემები აღარ შეექმნება.

ბოდბის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
საკადრო წმენდა ნინოწმინდის პანსიონში – მეუფე იაკობის გეგმები

„ეს იყო ძალზე კონსტრუქციული შეხვედრა, მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტისადმი საკმაოდ პოზიტიურად იყო განწყობილი. ჩვენ შევთანხმდით, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი (პანსიონში) ბავშვების მდგომარეობის შეფასებას და მოვლენები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განვითარდება", – განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება ერთობლივ გეგმებს, ომბუდსმენის თქმით, მომავალ კვირაში იგი მეუფესთან ერთად პანსიონის მონახულებას გეგმავს.

„ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ, მინდა მონიტორინგი ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და, ასე ვთქვათ, მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ ჩასვლას", – განაცხადა ლომჯარიამ.

თავის მხრივ, მეუფე იაკობმაც დადებითად შეაფასა სახალხო დამცველთან გამართული შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ყველა ის პრობლემა, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით არსებობს.

მეუფის განმარტებით, პანსიონში ძალზე სწრაფად და ხარისხიანად მოხდება სასიკეთო ცვლილებები. პანსიონის ადგილზე დღის ცენტრი გაიხსნება, ბავშვებისთვის კი ნინოწმინდაშივე, მაგრამ სხვა ადგილზე მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტის შესაფერისი ბავშვთა სახლები და თითოეულში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ექვსი ბავშვი განთავსდება. დიდი პანსიონების არსებობა მიუღებელია, დასძინა მეუფე იაკობმა.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

„ეს ძალზე მოძველებული ფორმაა, მსგავსი (დაწესებულებები) არ უნდა არსებობდნენ. ამიტომაც ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს. მსგავს დაწესებულებებს ლიცენზია 2022 წლის 1 აპრილამდე აქვთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მანამდე შევძლებთ ამ ცვლილებების განხორციელებას. მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის. ჩვენ ყველაფერს უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით", – განაცხადა მეუფემ.

მისი თქმით, პანსიონში მხოლოდ ის თანამშრომლები დარჩებიან, რომელთა მიმართაც ბავშვებს პრეტენზია არ აქვთ.

„იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელსაც მე გავეცანი, ყველა არ იმსახურებს ამ პანსიონში მუშაობას. ეს ძალზე რთული სამუშაოა", – აღნიშნა მან.

გუშინ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პანსიონში მუშაობას არსებული 40 თანამშრომლიდან მხოლოდ 19 გააგრძელებს.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

ყველა ახალი ამბავი
0