საეკლესიო კალენდარი: 14 მაისი

© photo: Sputnik / Stringerსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 მაისს  თამარ მეფის, ზოსიმე II-ის კუმურდოელ ეპისკოპოსის და  წინასწარმეტყველი იერემიას ხსენების დღეც. დღეს აღინიშნება კუმურდოს ტაძრის დღესასწაული – კუმურდობა.

„Sputnik–საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

თამარ მეფე

თა­მა­რი XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა სახელმწიფოს. 

1185 წელს თამარ მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა ქმარს გაჰყროდა.1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარსა და დავითს ვაჟი შეეძინათ მას გიორგი-ლაშა უწოდეს. ერთი წლის შემდეგ თამარსა და დავითს მეორე შვილი, რუსუდანი შეეძინათ. 

საეკლესიო კალენდარი: 13 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
საეკლესიო კალენდარი: 13 მაისი

თამარ მეფის მეთაურობით, ქართველებმა მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვეს. თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. 

დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი: ბეთანიის ტაძარში, ბერთუბნის ეკლესიაში (თუმცა, აქ ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული), თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახული ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე და ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე.
ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა.

წმიდა ზოსიმე II კუმურდოელო ეპისკოპოსი

წმიდა ზოსიმე II კუმურდოელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XV სკ-ის ბოლოსა და XVI სკ-ის შუა წლებში. მისი საერო სახელი იყო ზებედე. ის აღზარდა ქართლის მეფე გიორგი VIII-ის (1446-1466) ასულმა ქეთეონმა.

1515 წელს ზებედე ბერად აღკვეცილა. ამავე წელს ვარაუდობენ მის ეპისკოპოსად ხელდასხმასაც.

ეპარქიაში სამღვდელმთავრო, საგანმანათლებლო, და აღმშენებლობითი მოღვაწერობის გარდა აღსანიშნავია წმიდა ზოსიმეს უდიდესი ღვაწლი იერუსალიმის წმიდა მიწაზე. როგორც ცნობილია, XV-XVI სს-ის მიჯნაზე განსაკუთრებულად იყო გამწვავებული ბრძოლა გოლგოთის გარშემო, ისტორია მოგვითხრობს თუ რა დიდი ჯაფა გადახდათ ქართველებს იერუსალიმის წმიდა მიწაზე მოპოვებული უფლებების დასაცავად. სწორედ ამ დროს ჩასულა იერუსალიმში წმიდა ზოსიმე და თავისი წვლილი შეუტანია კათოლიკებისგან გოლგოთის გამოხსნის საქმეში, რის გამოც მის სახელზე ორი სამუდამო კანდელი დაუკიდიათ გოლგოთისა და ჯვრის ტაძარში.

წმიდა წინასწარმეტყველი იერემია

წმიდა წინასწარმეტყველი იერემია, ძველი აღთქმის ოთხ უდიდეს წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი, იყო ანათოთელი მღვდლის ექელკისიას შვილი. იგი მოღვაწეობდა იუდეველთა სახელმწიფოს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში - ისრაელის მეფის იოსიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს. 15 წლის იერემიას გამოცხადებით ეუწყა, რომ შობამდე იყო მოწოდებული წინასწარმეტყველად. 

საეკლესიო კალენდარი: 12 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
საეკლესიო კალენდარი: 12 მაისი

იერემია ყოველ ღონეს ხმარობდა ცოდვებისაგან დამძიმებული თანამემამულეების მოსალოდნელი ღვთის რისხვისაგან დასახსნელად. 23 წლის მანძილზე წინასწარმეტყველებდა იგი, ქადაგებდა იერუსალიმის ტაძარში, ქალაქის კარიბჭესთან, მეფის სასახლეში, მოედნებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, ამხელდა იუდეველებს ჭეშმარიტი ღვთისგან განდგომისა და კერპთაყვანისმცემლობისათვის.

ბაბილონელთაგან იუდეველთა მომავალი დამონების ნიშნად, ღვთის ბრძანებით იერემია ქედზე ატარებდა ჯერ ხის, შემდეგ კი რკინის უღელს. მისი საშინელი წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა იუდეველმა უხუცესებმა იერემია ბინძურ ჭაში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ნესტისაგან სიკვდილი ემუქრებოდა, ერთ ღვთისმოშიშ საჭურისს - აბიმელექს რომ არ გამოეხსნა.

იერემიას წინასწარმეტყველება მალე ახდა: ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიპყრო, ხალხი ამოწყვიტა, დარჩენილები ტყვედ წაასხა, იერუსალიმი კი გაძარცვა და დაარბია. თავად იერემია გაათავისუფლეს, არჩევანის უფლებაც მისცეს - წასულიყო ბაბილონში, ან სამშობლოში დარჩენილიყო. იერემია ნანგრევებადქცეულ ქალაქში დარჩა, რადგანაც მიაჩნდა, რომ იუდეაში მის ყოფნას მეტი სარგებლობის მოტანა შეეძლო ხალხისათვის.

სამშობლოში დარჩენილ იუდეველებს შორის მტრობა ჩამოვარდა. ქალდეველთა მიერ იუდეაში ერისმთავრად დანიშნული ღოთოლია მუხანათურად მოკლა ერთმა იუდეველმა მხედარმა, შემდეგ კი გაექცა შურისმაძიებელთა რისხვას და არონიტელებს შეაფარა თავი. იუდეველთა უმრავლესობა ეგვიპტეში გაიხიზნა. თავად იერემიაც, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეგვიპტის ქალაქ ტაფნისში წაიყვანეს. აქ იგი ოთხი წელი ცხოვრობდა და ეგვიპტელების დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა. როდესაც იერემიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონელთა შემოჭრა ეგვიპტეში და იქ მცხოვრები ებრაელების ამოჟლეტა, იუდეველებმა წინასწარმეტყველი ქვებით ჩაქოლეს. იმავე წელს იერემიას წინასწართქმა ახდა. არსებობს გადმოცემა, რომ 250 წლის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა წინასწარმეტყველის ნეშტი ალექსანდრიაში გადაასვენა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0