მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას აღნიშნავს

ბზობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
გამოწერა
დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს — ბზობას აღნიშნავს.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას.

აღდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2017
როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოში: შოკოლადის კურდღელი, „ბაბკა“ და პირშუშხა

ბზობა  სახარებისეულ ეპიზოდს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იერუსალიმში ჩავიდა. ქალაქის მაცხოვრებლები უფალს ზეიმით შეხვდნენ. ვირს, რომელზეც მაცხოვარი იჯდა, გზად სამოსელსა და პალმის რტოებს (ბზას)  უფენდნენ, თან „ოსანას” შესძახოდნენ. სწორედ აქედან წამოვიდა დღესასწაულზე ტაძარში მარადმწვანე მცენარის, ბზის მიტანის ტრადიცია.

ბზობის დღესასწაულზე მრევლის მიერ მიტანილი ბზები იკურთხება და  იგალობება „ოსანა”, რაც სიმბოლურად მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის ისტორიას იმეორებს. ბზას ყველა მოქმედ ტაძარში აკურთხებენ, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

ბზობის დღესასწაულის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0