აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ზარზეიმით აღნიშნავენ. ყველა ქვეყანას თავისი სააღდგომო ტრადიცია აქვს.
მაგალითად, საქართველოში ოჯახებში იშლება სააღდგომო სუფრა, სადაც აუცილებელი კომპონენტია წითლად შეღებილი კვერცხი და პასკა. დღემდე შემორჩენილია წითელი კვერცხების „დაჭიდების“ ტრადიცია, რომლის დროს ქრისტიანები აუცილებლად ულოცავენ და ესალმებიან ერთმანეთს სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა!“
ქვემოთ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები იქაურ სააღდგომო ტრადიციებზე გიამბობთ.
ირმა გიბრაძე — იტალია:
იტალიელები ძალიან თბილი ხალხია. ტრადიციებს დიდი მონდომებით იცავენ. აღდგომას კვერცხებს არ ღებავენ. ქართველებმა ვიცით მისალმება „ქრისტე აღსდგა“. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იტალიელები აღდგომის დღეს ერთმანეთს ასე არ ესალმებიან. შეღებილი კვერცხების ნაცვლად იციან შოკოლადის კვერცხები და პასკა, მაგრამ საფლავზე არავინ გადის. აქ ბავშვები ისე იზრდებიან, რომ არც შობის და არც აღდგომის დღის მნიშვნელობა არ იციან. აქ უფრო ბზობას აღნიშნავენ.
ლანა დოიჯაშვილი — გერმანია:
აღდგომას გერმანიაში მხიარულად აღნიშნავენ. არსებობს უამრავი ტრადიცია და უბრალოდ წეს–ჩვეულება. მაგალითად, გაზაფხულის სიხარული. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, როდესაც ევროპელებს ბუნების ღმერთებისა სწამდათ, გაზაფხულს ცეკვით, სიმღერითა და ძღვენით ხვდებოდნენ.
დროთა განმავლობაში ზოგი დაიკარგა, ზოგიც განახლდა და ახალი სახით დამკვიდრდა და დღეს ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც სააღდგომო კვერცხები გერმანიაში — კვერცხი, როგორც სიმბოლო ნაყოფიერებისა, ახალი სიცოცხლისა, ახალი საწყისისა, ქრისტიანებისათვის კი აღდგომის ნიშანი.
სააღდგომოდ აღნიშნავენ მწვანე ხუთშაბათს, დუმილის პარასკევს, აღდგომის შაბათს და კვირას უკვე საზეიმო ლიტურგიები ტარდება. სააღდგომოდ მოწნულ გვირგვინებზე ანთებული სანთლებით შედიან ეკლესიებში, იმის ნიშნად, რომ იესომ სინათლე მოიტანა დედამიწაზე.
გარდა ამისა, ანთებენ კოცონს, იკრიბებიან ერთად და მხიარულად ატარებენ დროს. ცეცხლი, კოცონი ნიშანია დიდი სინათლისა.
სკანდინავიის ქვეყნებში კოცონს ავი სულების განდევნას უკავშირებენ. ალპურ რეგიონში ჩალის მოწნულ ბორბალას მოუკიდებენ ცეცხლს და დააგორებენ მთიდან უხვმოსავლიანი წელიწადის იმედით.
სააღდგომოდ იმართება დიდი ნათლობები. მარხვის შემდეგ ფერადი კვერცხებით იხსნილებენ მარხვას. მიირთმევენ ცხვრის ხორცს, რასაც ებრაულ ჩვეულებას უკავშირებენ.
რადგან წარსულში ყველას არ შეეძლო ცხვრის შეძენა, ამიტომაც არსებობს ტკბილეული ცხვრის ფორმით. ეს არის მსხვერპლად შეწირული იესოს სიმბოლო.აუცილებელი და განუყრელი ატრიბუტია შოკოლადისა და ნამცხვრის კურდღელი. გერმანიაში დამკვიდრებულია რწმენა, რომ ფერადი კვერცხები სააღდგომოდ კურდღელს მოაქვს და საგულდაგულოდ მალავს. ამიტომაც ბავშვებს ძალიან უხარიათ კვირა დილის დადგომა, როდესაც გადამალული კვერცხები და საჩუქრები უნდა მოძებნონ.
აღდგომის კვირას ოჯახები ერთად იკრიბებიან, მიდიან სასეირნოდ და საინტერესოდ ატარებენ დღეს.
ვიკა თუთისანი – რუსეთი:
აღდგომა მთელ ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი დღესასწაულია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მკაცრი ეკლესიური განჩინება მის შესახებ, მაინც ყველა ქვეყანაში იგი თავისებურადაა „შეზავებული“ უძველესი ხალხური ტრადიციებით. გამონაკლისი არც რუსეთია.
აი, რა მიამბო მეზობელმა, რომელსაც უგემრიელესი ხაჭოს კულიჩის (პასკის) რეცეპტი ვთხოვე. თურმე უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ყოველ დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებულ მარილს ამზადებს ბებიის რეცეპტით: ქვის მარილს გამოწვავს თუჯის ჭურჭელში, შემდეგ უმატებს წყალს, სახლში დამზადებული ბურახის ნალექს ან ჭვავის ფქვილს და სურნელოვან ბალახეულს, პიტნას, ორეგანოს, კამას, გვირილასა და ძირას. მიღებულ მასას ახვევს კომბოსტოს ფოთლებში, ათავსებს შესაფერის ჭურჭელში და ისევ ახურებს ღუმელში. გამზადებულ მასას აცივებს და ფქვავს. შემდეგ კულიჩებთან და შეღებილ კვერცხებთან ერთად მიაქვს ეკლესიაში საკურთხებლად. ასეთ მარილს იყენებენ, როგორც საკმაზად, ასევე სამკურნალოდ და სხვადასხვა მაგიურ რიტუალშიც.
რაც შეეხება სასაფლაოზე გასვლას აღდგომა დღეს, ეს ტრადიცია საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა. სასაფლაოზე გასასვლელად ეკლესიურად სწორად მიჩნეულია ე.წ. რადონიცა —აღდგომის შემდეგ მეცხრე დღე.
ნინო ხუგაევა — საბერძნეთი
აღდგომის წინა კვირას, დილით და საღამოს, ეკლესიაში ტარდება ლოცვები. ხუთშაბათ საღამოს იმართება ქრისტეს ჯვარზე გაკვრის ცერემონია. ამ დღეს იღებება კვერცხები წითლად. ეკლესიას რთავენ ულამაზესი ყვავილებით. პარასკევ საღამოს ხდება ქრისტეს გარდამოხსნა, ანუ ჩამოსვენება ჯვრიდან. ამ ცერემონიალს ათასობით ადამიანი ესწრება. ეს რიტუალი ტარდება ყველა ეკლესიაში.
აქ დიდი სამზადისია სააღდგომოდ. მაღაზიები და სახლები მორთულია ლამაზად. ადამიანები გადიან საფლავებზე, აცხობენ პასკებს.
ნინო ხოხობაშვილი – შვედეთი:
სააღდგომოდ შვედეთში სახლებს რთავენ ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის ყვავილებით, ბუმბულებითა და სხვადასხვა დეკორით — ახალი წლის მსგავსად. სააღდგომო კვერცხებს აკეთებენ მუყაოსაგან და თითოეულ კვერცხში დებენ დიდ ლამაზ კანფეტსა თუ საჩუქრებს.
კვერცხებს ისე არ ღებავენ, როგორც ჩვენ. უბრალოდ მაღაზიებში ყიდულობენ ფერად-ფერად კვერცხებს.
ქართველები სააღდგომოდ ჯეჯილს ვზრდით, შვედებსაც აქვთ მცენარე, რომელსაც სააღდგომოდ თესავენ.
აქ მიცვალებულს კრემაციას უკეთებენ, მხოლოდ მდიდრები იმარხებიან, შესაბამისად საფლავებზეც არ გადიან.
ნინო გაბაშვილი – პოლონეთი:
პოლონეთში აღდგომის მეორე დღეს ერთმანეთს წყალს ასხამენ. ისინი აღდგომას აუცილებლად ოჯახის წევრებთან, მშობლების სახლში ზეიმობენ. მათ სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ პირშუშხას, რომელსაც ხშირად რუსული ფორმით „ხრენის“ სახელით მოიხსენებენ, და აუცილებლად აცხობენ პასკას, რომელსაც „ბაბკას“ ეძახიან.