20:48 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (231)
39120

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს პართენ ლამპსაკელი ეპისკოპოსის, ლუკა ელადელის , 1003 ნიკომიდიელი მოწამის და მეფე სოლომონ მეორის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ლამპსაკელი ეპისკოპოსი პართენი

საეკლესიო კალენდარის მიხედვით 20 თებერვალი ლამპსაკელი ეპისკოპოსის პართენის ხსენების დღეა.

ღირსი პართენი, ლამპსაკელი ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ მელიტოპოლში (მცირე აზია),სადაც მამამისი, ქრისტეფორე, დიაკვნად მსახურობდა. ყმაწვილისთვის წერა-კითხვა არ უსწავლებიათ, მაგრამ საღვთო წერილი მან კარგად შეითვისა ტაძარში, ღვთისმსახურებაზე დასწრებით. მომავალი წმიდანი მებადური იყო და აღებულ თანხას გულუხვად უნაწილებდა გლახაკებს. ის 18 წლის ასაკიდან ქრისტეს სახელით კურნავდა სნეულებს და განასხმიდა ეშმაკებს.

როცა ჭაბუკის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ შეიტყო, მელიტოპოლის ეპისკოპოსმა ფილიპემ მას განათლება მიაღებინა და ხუცესად აკურთხა.

325 წელს კონსტანტინე დიდის მეფობაში, კვიზიკელმა მთავარეპისკოპოსმა აქილიუსმა იგი ქალაქ ლამპსაკის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აკურთხა.

ქალაქში ბევრი წარმართი ცხოვრობდა და მღვდელმთავარი მათ შორის გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მის მხურვალე ქადაგებებს უფლის დაშვებით მრავალი სასწაული და კურნება ახლდა თან. ხალხს თანდათან გული გაუცივდა წარმართული ღმერთების მიმართ. პართენმა კონსტანტინე დიდს მიმართა თხოვნით, მიეცა მისთვის უფლება, დაემსხვრია საკერპოები და მათ ნაცვლად ქრისტიანული ტაძრები აეგო. მეფემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და კეთილი განზრახვის განხორციელებისათვის საჭირო სახსრებიც გამოუყო. ლამპსაკში დაბრუნებულმა პართენმა ბრძანა, აღეხოცათ პირისაგან მიწისა წარმართული ბომონები, ქალაქის ცენტრში კი უფლის სადიდებლად მშვენიერი ტაძარი აეგოთ.

ერთ საკერპოში წმიდანმა იპოვა წმიდა ტრაპეზის მოსაწყობად შესაფერი ლოდი და ბრძანა, დამუშავების შემდეგ იგი ტაძრის მშენებლობაზე წაეღოთ. გზად ურემი გადაყირავდა, ქვამ მეურმე მოიყოლა და გასრისა. წმიდა პართენმა მკვდრეთით აღადგინა იგი და შერისხა დემონი, რომელსაც სურდა, წინ აღდგომოდა საღვთო საქმეს.

მწყემსმთავარი იმდენად გულმოწყალე იყო, რომ სხვადასხვა სნეულებებით გატანჯული თუ ბოროტი სულებით შეპყრობილი უამრავი ადამიანიდან, რომლებიც ხან შინ აკითხავდნენ, ხან კი – ქუჩაში ხვდებოდნენ, კურნებაზე უარს არც ერს არ ეუბნებოდა. ხალხმა ექიმებთან სიარული შეწყვიტა, რადგან პართენი, იესო ქრისტეს სახელის მოხმობით, უსასყიდლოდ კურნავდა მათ. ქრისტეს სახელით უძლეველი ძალით, იგი უამრავ დემონს განასხმიდა ადამიანებიდან.

პართენი მშვიდობით მიიცვალა და დაკრძალეს ლამპსაკის საკათედრო ტაძრის გასწვრივ, თავისსავე აგებულ ეკვდერში.

ლუკა ელადელი 

საეკლესიო კალენდრის მიხედვით  20 თებერვალი ლუკა ელადელის ხსენების დღეა.

ღირსი ლუკა ელადელი საბერძნეთის სოფელ კასტარიაში დაიბადა. მისი მშობლები ღარიბი მიწათმოქმედები იყვნენ. წმიდანი ბევრს შრომობდა, მიწას ამუშავებდა, ცხვრებს მწყემსავდა. იგი უდრტვინველად ემორჩილებოდა მშობლებს. ხშირად გულმოწყალე ჭაბუკი თავის ულუფა საჭმელს და ტანსაცმელს გლახაკებს უნაწილებდა, რისთვისაც მრავალი საყვედურების დათმენა უწევდა მშობლებისაგან. ერთხელ, იმ თესლების უმეტესობა, რომელიც თავის მინდორზე უნდა დაეთესა, უპოვრებს მისცა, მაგრამ ღმერთმა დააჯილდოვა გულმოწყალებისათვის: იმ წელს წინანდელზე მეტი მოსავალი მოვიდა.
მამის სიკვდილის შემდეგ ლუკა დედისგან ფარულად წავიდა ათონის მთაზე და მორჩილად შედგა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა დამწუხრებული მშობლის ვედრება და იგი სასწაულებრივად დააბრუნა მშობლიურ სახლში. აქ მან ოთხიოდე თვე იცხოვრა, დაამშვიდა დედა, შემდეგ კი, უკვე მისი კურთხევით, იოანეს მთაზე განმარტოვდა. აქვე აღკვეცეს იგი ბერად ამ ადგილის მოსალოცად მოსულმა მღვდელმსახურებმა. ამის შემდეგ ლუკამ გააძლიერა თავისი ღვაწლი და უფალმა დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის განჭვრეტის ნიჭი მიმადლა.

იოანეს მთაზე შვიდი წელი დაჰყო ღირსმა მამამ, ამის შემდეგ კი, ბულგარელთა შემოსევამ აიძულა შეეცვალა მოღვაწეობის ადგილი და კორინთოს მიაშურა. აქ მან შეიტყო ერთი მესვეტე ბერის შესახებ, რომელიც პატრებში მოღვაწეობდა, მოძებნა იგი და 10 წელი მის მორჩილებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ იოანეს მთაზე დამკვიდრდა. აქ ამომსვლელ ადამიანთა სიმრავლე არღვევდა ღირსი ლუკას მყუდროებას, ამიტომ მოძღვრის, თეოფილაქტეს კურთხევით იგი უფრო მივარდნილ ადგილას გადავიდა მოწაფესთან ერთად. სამი წლის შემდეგ არაბთა თავდასხმების გამო წმიდანი უდაბურ და უწყლო კუნძულზე ამპილზე გადასახლდა. მისი მოღვაწეობის უკანასკნელი ადგილი გახდა სტირი (სოტერიე). აქ მის  ირგვლივ საძმო შემოიკრიბა და დაარსდა მცირე მონასტერი, რომლის ტაძარიც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე აკურთხეს. ამ სავანეში ლუკა მრავალ სასწაულს აღასრულებდა, კურნავდა სულიერ და ხორციელ სნეულებებს. მან წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, კელიაში ჩაიკეტა და სამი თვის მანძილზე ემზადებოდა სიკვდილთან შესახვედრად. ღირსი მამა 946 წლის 7 თებერვალს აღესრულა.

შემდგომში მის საფლავზე ტაძარი ააგეს. წმიდანის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა და მრავალი კურნება აღესრულა.

1003 ნიკომიდიელი მოწამენი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 20 თებერვალი 1003 ნიკომიდიელი მოწამის ხსენების დღეა.

საეკლესიო ლიტერატურის თანახმად ეს მოწამენი, ნიკომიდიაში აღსრულებულნი, დიოკლეტიანეს (284-305) დროს ქრისტესთვის წამებული დიდებულების: ვასის, ევესტის, ევტიქისა და ვასილიდის მსახურები იყვნენ.
ბატონების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ მათაც აღეძრათ ქრისტესთვის მარტვილობის სურვილი, მხნედ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. ვერანაირმა შეგონებამ და დაპირებამ ვერ მოდრიკა ნეტარი აღმსარებლები, რის შემდეგაც მეომრებმა ალყაში მოიმწყვდიეს ისინი და ყველანი - 1003 ადამიანი დედებთან და ყრმებთან ერთად აჩეხეს. ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

სოლომონ მეორე

მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმიდა მეფე სოლომონ II_ის ხსენების დღესაც აღნიშნავს.  

სოლომონ II (გამეფებადმე დავითი)  იმერეთის მეფე 1789-1810, წლებში  იყო  სოლომონ I-ის ძმის, არჩილის, ძე. მისი დედა იყო ერეკლე II–ს და დარეჯანის ასული – ელენე.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, როგორც სამშობლოსათვის თავდადებული.

სოლომონ II-ის სულიერი მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ქართველი–ახალი (ერობაში იესე ყანჩაველი, შემდგომში ათონის მთის მოღვაწე). მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილება.

სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები.

მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: "შეიწირე, წმიდა გიორგი, აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე, ძე ქართლისა, მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება", მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი.

სარწმუნოებრივი ღვაწლისა და სამშობლოსათვის თავდადების გამო სოლომონ II წმინდანად გამოცხადება მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ. მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)

მთავარი თემები