საეკლესიო კალენდარი: 22 დეკემბერი

© courtesy of Vlakerna Churchვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი
ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 დეკემბერს აღნიშნავს მუცლადღებას მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ასევე იხსენიებს: წმიდა ანა წინასწარმეტყველს, წმიდა სოფრონს, ღირსს სტეფანე ახალგაბრწყინებულს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა - ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის - ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს. მეუღლეები ოცი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ და რადგანაც იუდეველთა მაშინდელი შეხედულების მიხედვით უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, მათ მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა - ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნაყოფის მინიჭებას. ბოლოს ღმერთმა შეისმინა წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და ანგელოზის პირით იოაკიმესა და ანას ახარა ჩასახვა ასულისა, „რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“.

VII საუკუნის ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 21 დეკემბერი

წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა

წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა იყო მეუღლე ელკანასი, რომელიც, ეფრემის მთაზე ცხოვრობდა. უფლის რჩეულ დედაკაცს შვილი დიდხანს არ ეძლეოდა. ელკანამ მეორე ცოლიც შეირთო - ფენანა, რომელიც, ანასგან განსხვავებით, ნაყოფიერი გამოდგა. საშინლად წუხდა ნეტარი ანა და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა შვილის მონიჭებას.

ელკანა მთელი სახლეულითურთ ყოველწლიურად ადიოდა „ტაძარსა უფლისასა“ და თაყვანს სცემდა და მსხვერპლს სწირავდა ღმერთს. ერთხელ, ამგვარი მოგზაურობის დროს, დარდისგან ჩამომდნარი ანა დაემხო სკინიის წინ, „სალმობითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ, ტირილით ტიროდა და აღუთქუმიდა. ადონა უფალო, ილიო საბაოთ, უკუეთუ მოხედვით მომხედო სიმდაბლესა ზედა მჴევლისა შენისასა, მომიჴსენო და მომცე თესლი მამაკაცისაჲ, მიცემით მიგცე წინაშე შენსა ვიდრე სიკუდიდმდე მისა, ღჳნოჲ და სათრობელი არა სუას და რკინაჲ არა აღვიდეს თავსა მისსა“. ნეტარი დედა გულში ლოცულობდა - ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა, ამიტომ ელი მღვდელმა ჩათვალა, რომ ის ნასვამი იყო, აყვედრა უღირსი საქციელი და უბრძანა, ტაძარს მოშორებოდა. ანამ სიმდაბლით მიუგო: „ნუ ჰგონებ მჴევალსა შენსა ასულთაგან უღირსთაჲსა, რამეთუ მრავლითა ურვითა და სულმოკლებითა ჭირისაჲთა დადნობილ ვარ აქამომდე“. დედაკაცის სატკივარი რომ გაიგო, ელიმ აკურთხა იგი, მისი თხოვნის აღსრულება გამოსთხოვა უფალს და მშვიდობით განუტევა. ანამ გაიხარა, ნუგეში მიეფინა მის სულს და სულ მალე მუცლად იღო კიდეც. ნანატრ ძეს უფლის მხევალმა სამოელი დაარქვა (იხ. 20 აგვისტოს საკითხავი), რაც „უფლისგან გამოთხოვილს“ ნიშნავს. როცა სამოელი დედის ძუძუს განეშორა, ანამ და ელკანამ უხვი ძღვენი შესწირეს უფალს და ძეც, აღთქმისამებრ, ტაძარში დატოვეს. ელი მღვდელმა დალოცა მართალი დედაკაცი, მან კი, გახარებულმა, სამადლობელი გალობა შესწირა უფალს, სადაც ქრისტეს შობამდე ათასი წლით ადრე იწინასწარმეტყველა მაცხოვრის განკაცება. ეს საგალობელი დღესაც სრულდება ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. ამის შემდეგ ანას კიდევ სამი ძე და სამი ასული შეეძინა, ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მეიდანზე - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 19 დეკემბერი

წმიდა სოფრონი

წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა, კუნძულ კვიპროსზე. იგი მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, მაგრამ ყველაზე მაღლა წმიდა წერილს აყენებდა. უფლის რჩეული გამოირჩეოდა კეთილმსახურებით, გლახაკთმოყვარეობით და ასკეტური ცხოვრებით, რის გამოც უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კვიპროსის ეპისკოპოსის, წმიდა დამიანეს გარდაცვალების შემდეგ მთელი ხალხის სურვილით დაქვრივებულ კათედრაზე ღირსი სოფრონი აღასაყდრეს. ახალ ხარისხში იგი ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა თავის სამწყსოს. გარდაიცვალა VI საუკუნეში.

ღირსი სტეფანე ახალგაბრწყინებული

ღირსი სტეფანე ახლადგაბრწყინებული კეთილმსახური კონსტანტინოპოლელი მღვდლის, ზაქარიას ძე იყო. იგი სიყრმიდანვე მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლის დიდი ტაძრის ღვთისმსახურთა დასში. მამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა სტეფანემ დაყუდებული ცხოვრება იტვირთა და სულ უფრო და უფრო ამკაცრებდა ღვაწლს. ნეტარმა სრულყოფილების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს და წმიდა ანტიპას (იხ. 11 აპრილის საკითხავი) ხილვის ღირსი გახადა. წმიდა მამა სქიმაში აღესრულა 912 წელს (სხვა ცნობით, IX საუკუნეში). მას „ახლადგაბრწყინებულს“ უწოდებენ, რადგან ფიცხელი ღვაწლით ძველ მოსაგრეებს მიმსგავსებულმა, დიდი მადლი მოიგო და მათ ბრწყინვალე დასს შეერთო.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0