Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსი პატაპი
ღირსი პატაპი დაიბადა ქალაქ თებეში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სრულწლოვანებას რომ მიაღწია, წმიდანმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა. მრავალი წლის შემდეგ წმიდა პატაპიმ ასკეტური ღვაწლით შორს გაითქვა სახელი და ურიცხვმა ხალხმა იწყო მასთან სიარული რჩევა-დარიგების სათხოვნელად. მაშინ ღირსი მამა, რომელიც მდუმარებას ეძიებდა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და ვლაქერნის ტაძრის მახლობლად ქალაქის გალავანთან სენაკი მოიწყო. მალე პატაპის სახელი აქაც გახმიანდა. უფალმა თავის რჩეულს კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღირსი პატაპი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.
წმიდა მოციქული სოსთენი, აპოლონი, კეფა, კესარიოსი და ეპაფროდიტე – სამეოცდაათთაგანი
მოციქული სოსთენი მოქცევამდე კორინთოს სინაგოგის უფროსი იყო. ის ქრისტეს სჯულს წმიდა პავლე მოციქულმა აზიარა და თავის მოციქულებრივ ღვაწლში თანაშემწედ გაიხადა. კორინთოს ეკლესიისადმი მიმართვაში წმიდა პავლე მრევლს ორივეს სახელით ესალმებოდა: „პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა და სოსთენი ძმაჲ“ .მოგვიანებით წმიდა მოციქულ სოსთენს ხელი დაასხეს კორინთოს ეპისკოპოსად.
წმიდა აპოლონ მოციქულზე მოციქულთა საქმეებში ასეა მოთხრობილი: „ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ; ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი; ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ; და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მოუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მოვიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ; რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ“). წმიდა აპოლონი ერთგულად ეხმარებოდა წმიდა პავლეს. მოციქულთა თავი კორინთოში ქრისტიანობის გავრცელებაზე ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა“.მოგვიანებით წმიდა აპოლონი სმირნის ეპისკოპოსი გახდა.
წმიდა მოციქული კეფა, გადმოცემით, იკონიის ეპისკოპოსი იყო. ვარაუდობენ, რომ პავლე მოციქული სწორედ მის შესახებ წერს კორითელთა მიმართ ეპისტოლეში.
წმიდა მოციქული ეპაფროდიტე იყო წმიდა პავლეს თანამოღვაწე, რომელიც მან ფილიპელებთან გაგზავნა. შემდგომ იგი ადრიანის (იტალიის) ეპისკოპოსი გახდა.
წმიდა მოწამენი: სამოცდაორი ხუცესი და სამასი ერისკაცი, აფრიკაში არიანელთაგან მომწყდარნი
წმიდა მოწამენი: სამოცდაორი ხუცესი და სამასი ერისკაცი აფრიკაში ეწამნენ 477 წელს. იმპერატორ ზენონის (475-491) ზეობისას ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ვანდალთა სამეფოს მმართველმა ჰუნერიხმა (477-484) არიანელ ეპისკოპოსთა თანადგომითა და ხელშეწყობით მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო. როცა მორწმუნეები ერთ-ერთ ტაძარში შეიკრიბნენ საღვთო ლიტურგიის ფარულად აღსასრულებლად, მათ ბარბაროსთა მხედრობა დაესხა თავს. მლოცველთა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში უფრო მტკიცე სამასი ქრისტიანი კი ნებით ჩაბარდა მტერს. უღმრთოებმა ისინი ჯერ აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. სამოცდაორი ხუცესიდან ორი დაწვეს, სხვებს ენები ამოაჭრეს, მაგრამ, ღვთის მადლით, მათ მაინც განაგრძეს ქადაგება და არიანელთა ცრუსწავლების მხილება.
წმიდა მოწამე ანთისა რომაელი
წმიდა მოწამე ანთისა რომაელი წმიდა ამბროსი მედიოლანელმა მონათლა. როცა ქალაქის თავის მეუღლემ, სუნილდამ მას არიანული ცრუნათლობის მიღება შესთავაზა, წმიდანმა უარით უპასუხა. ამისათვის იგი აწამეს, დაბოლოს, ცეცხლში დაწვეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.