06:47 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის კუთხით ეკლესიაში, როგორც ქვეყანაში მდგომარეობა მძიმეა და აუცილებლობის შემთხვევაში ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანის საკითხზე შეიძლება მსჯელობა გაიმართოს

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. პანდემიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება, განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლიმ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ათასობით ახალი შემთვევა დასტურდება. ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. თუმცა ეს შეზღუდვები ეკლესიას არ შეხებია.

„ჩვენ  ვცდილობთ, რაც დადგენილია, სწორედ ის ნორმები შევასრულოთ, მხედველობაში მაქვს უსაფრთხოება, რომ დაცული იყოს ადამიანები და  მათ შორის სასულიერო პირები... ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან და ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს... ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს არაერთი არ არის ორი, ათი და ასი, უამრავი ადამიანია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი... ამაზე უამრავი სპეციალისტი მუშაობს და მჯერა, როგორ დღემდე ბევრი რამ დაძლეულა, დაიძლევა ესეც. ოღონდ საჭირო არის საერთო ძალისხმევა და გათვალისწინება ამ საფრთხეებისა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შემთხვევაში საკითხზე იმსჯელებენ და სპეციალისტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, ამჟამად კი ეპარქიაში შემავალ ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა რეგულაციით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

„თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით დგანან, ასევე მრევლი. ამ ეტაპზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით“ - განაცხადა მეუფემ.

მისი თქმით, სასულიერო პირების ინფიცირების გამო ბევრ ეკლესიაში მსახურების ჩატარების პრობლემა დადგა.

„ისეთი ვითარებაა თვითონ ეკლესიაში, სასულიერო პირები ზოგი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემა, რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია. იგივე ევროპის ქვეყნებში ამჯერად უკვე დაკეტვების ფონზე ეკლესიები არ დაკეტილა, უფლება აქვთ ღვთისმსახურებისა, თუმცა გარკვეული შეზღუდული რაოდენობებით, მაგრამ ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ და ილოცონ. ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

როდის აღარ დაგიცავთ COVID-19-სგან მრავალჯერადი პირბადე: დასახელდა ნიშნები >>

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს. ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID-19-ის 4 321 დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 133 511-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 504 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკა ლატარია

მთავარი თემები