17:48 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (196)
256 0 0

ეკლესია 22 აგვისტოს მატათა მოციქულის, დიაკონ სევერიანეს, მოწამე ანტონი ალექსანდრიელის; ღირსი ფსოე ეგვიპტელის, მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მატათა მოციქული

მატათა მოციქული იყო ჯერ ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი,  შემდეგ ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელის მაგივრად არჩეული.

წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში. ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო წმიდა წერილისა და საღმრთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად, რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. მატათას წილად იუდეა ჰხვდა, სადაც  ის იღვწოდა. თუმცა გარდა იუდეველებისა, წმიდა მატათა წარმართთა შორისაც ქადაგებდა ქრისტეს რწმენას. საეკლესიო გადმოცემით, იგი მეორე ეთიოპის მცხოვრებთ უქადაგებდა ღვთის სიტყვას და მრავალი სატანჯველი დაითმინა იქაურ წარმართთაგან (აქ იგულისხმება პონტოს ეთიოპია, ანუ კოლხეთი):

ქრისტეს სახელით, წმიდა მოციქულმა მატათამ ბევრი სასწაული მოახდინა და ქრისტეს რჯულზე ბევრი მოაქცია, რისი გულისთვისაც განსაკუთრებით ვერ იტანდა იუდეის პირველი მღვდელმთავარი ანანია, რომლის ბრძანებითაც იერუსალიმის ტაძრის სახურავიდან გადმოაგდეს წმიდა მოციქული იაკობი. წმიდა მოციქულ მატათასაც, ზოგიერთი წყაროს თანახმად , მანვე გამოუტანა განაჩენი და მღვდელმთავარმა ჩაქოლვა მიუსაჯა.

ხოლო ქართლის ცხოვრების მიხედვით, მატათა მოაკვდინეს სოფ. ფსარცხაში - (დღევანდელი გონიო) და იქვეა დასაფლავებული. მისი აღსასრულის თარიღად მიჩნეულია 69 წლის 9 (22) აგვისტო. 

 IV საუკუნის წმინდა მამის,  ეპიფანე კვიპრელის თანახმად, საქართველოში დასაფლავებულია მეორე მოციქული, მატათა. მისი ცნობით: „მატათამ იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), სადაც არის აფსარის ციხე-სიმაგრე და ჰჳსის  ნავსადგური... იქვე გარდაიცვალა და დამარხულია დღემდე“. ეპიფანე კვიპრელის ამ ცნობაზე დაყრდნობით ქართველი მკვლევარების მიერ მიჩნეულია, რომ მატათა მოციქული დაკრძალულია ბათუმის მახლობლად მდებარე გონიოს ციხის ტერიტორიაზე, რომელიც უცხოურ წყაროებში აფსარის სახელწოდებითაა ცნობილი.

XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს კი დადიანის სამთავროში მყოფ რუს ელჩებს მღვდელ პავლე ზახარევსა და დიაკონ ფედოტი ელჩინს ერთ-ერთ მონასტერში უნახავთ ხატი, რომლის სანაწილეში დაცული ყოფილა მატათა მოციქულისა და ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილები...

ბერძნული წყაროები კი მატათა მოციქულის ბერძნული განსასვენებელ ადგილად საქართველოს არ მიიჩნევენ. მათი ცნობით  მატათა  იერუსალიმის მახლობლად, „ვეფლასკალად“ წოდებულ ადგილას წამებით მოკლეს და იქვე დაკრძალეს.

წმიდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლელი

დიაკონი სევერიანე ერისკაცობისას გახლდათ მუსლიმი. იგი იყო პირველი მუსლიმი აჭარელი, რომელიც ქრისტიანობას დაუბრუნდა და ნათელ-იღო ყოვლადწმიდა სამების სახელით, გასული საუკუნის სამოციან წლებში. იგი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში და ასობით მუსლიმი გააქრისტიანა.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში  დიაკონ სევერიანეს, ხსენება პირველად 2018 წლის 22 აგვისტოს აღინიშნა.

წმიდა მოწამე ანტონი

წმიდა მოწამე ანტონი ქალაქ ალექსანდრიაში დაიბადა. ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისათვის ნეტარი ხეზე დაჰკიდეს, საშინლად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, გამოჩნდა მარტვილის სრულიად უვნებელი ცხედარი. ნეტარის აღსასრულის ჟამი უცნობია.

წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვები.

წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვები წმიდა ხატთა თაყვანისცემისათვის ეწამნენ 730 წელს, იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. უღმრთო თვითმპყრობელმა სამღვდელმთავრო კათედრიდან გააძევა და გადაასახლა წმიდა პატრიარქი გერმანე (715-730), მის ნაცვლად კი ხატმბრძოლი ანასტასი (730-753) აღასაყდრა. კონსტანტინოპოლში კეთილმსახური მეფის, კონსტანტინე დიდის (306-337) დროიდან აღმართული იყო სპილენძისაგან ნაკეთები მაცხოვრის სასწაულთმოქმედი ხატი. იმპერატორმა ლეონმა და ხატმებრძოლმა პატრიარქმა ანასტასიმ მისი მოხსნისა და დამხობის განკარგულებაც გასცეს. ერთმა მხედარმა კიბე მიადგა კედელს ბრძანების შესასრულებლად. შემოკრებილმა ხალხმა ვერ გაუძლო ღვთის გმობის ყურებას. ჯერ დიდებული ქალბატონი მარიამ პატრიცია გამოეყო შეკრებილთ, მას სხვებიც მიჰყვნენ, მიეჭრნენ კიბეს და ზღუდეს მოაშორეს, რომ მკრეხელისათვის სიწმიდესთან შეხების ნება არ მიეცათ. მეომარი ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. ეს მოხდა 730 წლის 19 იანვარს. ხატის დაცვაში მონაწილეობას ღებულობდნენ პროტოსპათარი (მხედართუფროსი) გრიგოლი, ღირსმოწამე ქალწული თეოდოსია (ხს. 29 მაისს) და სხვები. როცა იმპერატორმა შეიტყო მომხდარი, იქვე ამოჟლიტა მართლმორწმუნეები. მოწამეობრივად აღესრულა პროტოსპათარი გრიგოლიც, ზოგიერთი მართლმადიდებელი კი დიდგვაროვანთა წრიდან – იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ლეონტი, ფოტიოსი და პეტრე – საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილები რვა თვის მანძილზე ყოველდღიურად ხუთას დარტყმას ღებულობდნენ. ბოლოს, იმპერატორის ბრძანებით, მათ თავები მოჰკვეთეს. წმიდა მარიამ პატრიცია არ იყო პყრობილთა შორის. მაგრამ როცა შეიტყო, რომ უფლის რჩეულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, ნებით გამოცხადდა მათი ხვედრის გასაზიარებლად. წმიდათა ცხედრები კონსტანტინოპოლში დაკრძალეს, წმიდა მოწამე თეოდორეს სახელობის ტაძრის სიახლოვეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
საეკლესიო კალენდარი (196)

მთავარი თემები