14:34 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (136)
205 0 0

მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივნისს წინასწარმეტყველ ამოსის, მოწამეთა: ვიტეს, მოდესტოსისა და კრისკენტიას, მოწამე დულე კილიკიელის, ღირსი დულე ეგვიპტელის; ღირსი იერონიმე სტრიდონელის, წმიდა ლაზარეს, წმიდა ეფრემის და ნეტარისა ავგუსტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა.  

წინასწარმეტყველი ამოსი იუდეველი იყო, სოფელ თეკუიდან. უსწავლელ, მაგრამ მხურვალე რწმენითა და საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა და ისრაელში გაგზავნა სჯულის მაგინებელი იერობოამისა და მის გზა შეცდომილ მკვიდრთა სამხილებლად. ამოსი წინასწარ უცხადებდა მათ იმ უბედურებებს, რომელიც ისრაელის სამეფოსა და მის გარშემო მცხოვრებ წარმართ ხალხს უნდა დასტყდომოდა თავს უღმრთოებისთვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს.

წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმიდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.

მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია 

წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია (+303) ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის დროს.

მოწამე დულე კილიკიელი

წმიდა მოწამე დულე კილიკიელი ქალაქ პრეტორიადაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანი იყო. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და ქრისტიანობისთვის აწამეს.

ღირსი დულე ეგვიპტელი

ღირსი დულე ეგვიპტის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. სიმშვიდით, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამორჩეული მოწესე სავანის ზოგიერთი ძმისგან 20 წლის მანძილზე ითმენდა დაცინვასა და შეურაცხყოფას. თავდაპირველად ძლიერ უჭირდა, მაგრამ შემდგომ ისეთ განურისხველობას მიაღწია, რომ გულწრფელად უყვარდა თავისი მტრები.

სიცოცხლის მიწურულს წმიდანს განსაცდელი დაატყდა თავს: ერთმა ბერმა საეკლესიო ჭურჭელი მოიპარა და გადამალა. როცა იღუმენმა საძმოსთან ერთად დამნაშავის მოძებნა გადაწყვიტა, მტრებმა ქურდობაში დულეს დასდეს ბრალი.

ბერი საერო სასამართლოს გადასცეს განსასჯელად, დულეს ორივე ხელის მოკვეთა მიუსაჯეს. როცა დულე დასასჯელად გაიყვანეს, მაშინ, როგორც იქნა, ნამდვილმა ქურდმა იგრძნო სინდისის ქენჯნა: იღუმენთან მივიდა და ითხოვა, შეეჩერებინათ ჯალათები.

ღირსი მამა მონასტერში დააბრუნეს. ბერები პატიებას სთხოვდნენ, ის კი სულაც არ ბრაზობდა. წმიდანი მხურვალედ ლოცულობდა მტრებისთვის. სამი დღის შემდეგ ღირსი მამა აღსრულებული იპოვეს - მას ლოცვის დროს, მუხლმოყრილს შეევედრებინა სული უფლისათვის.

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი ქალაქ სტრიდონში (დალმაცია და პანონია) მცხოვრებ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. განათლების მისაღებად მშობლებმა ჭაბუკი რომში გაგზავნეს, სადაც იგი საერო მეცნიერებებს სწავლობდა. დედაქალაქში ჩასული იერონიმე თავდაპირველად ქალაქური ფუფუნებითა და ახალგაზრდული თავაშვებულობით ცხოვრობდა, მაგრამ მალე მასში ცხოვრების წესის ძირფესვიანად შეცვლის სურვილი მომწიფდა. მომავალი წმიდანი 20 წლის იყო, როცა მოინათლა. ამის შემდეგ იგი გალიაში ჩავიდა, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა, ღვთისთვის მიეძღვნა თავი და ბერად აღკვეცილიყო.

თავისი დროის გამოჩენილმა მეცნიერმა ეკლესიას მდიდარი წერილობითი მემკვიდრეობა დაუტოვა: დოგმატურ-პოლემიკური და ზნეობრივ-ასკეტური ნაწერები, წმიდა წერილის განმარტებები, ისტორიული თხზულებები. მისი უმთავრესი ნაშრომია ძველი და ახალი აღთქმის საღვთო წიგნების ხელახალი თარგმანი ლათინურ ენაზე. ეს თარგმანი, რომელსაც ვულგატა უწოდეს, დასავლეთის ეკლესიაში საყოველთაო ხმარებაშია.

წმიდა იერონიმე ბეთლემის გამოქვაბულში თავის კელიაში აღესრულა დაახლოებით 420 წელს.

წმიდა ლაზარე, სერბეთის კეთილმორწმუნე მთავარი

წმიდა ლაზარე, სერბეთის კეთილმორწმუნე მთავარი ცხოვრობდა XIV საუკუნეში. ეს ის დრო იყო, როცა თურქებმა დაიპყრეს მეზობელი ქვეყნები და სერბეთის ხელში ჩასაგდებად ემზადებოდნენ.

წმიდა მეფის, დუშანის კარზე აღზრდილი ლაზარე ჯერ სერბეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნეს, შემდეგ კი, 1372 წელს, მეფედ აკურთხეს. წმიდანი დაუცხრომლად იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისთვის, აშენებდა ტაძრებს, შეეწეოდა მონასტრებსა და საქველმოქმედო დაწესებულებებს. 1380 წელს კეთილმსახურმა მთავარმა როვანცის სავანე ააშენა. მისი შუამდგომლობით კონსტანტინეპოლის ეკლესიის წინამძღვარმა თანხმობა განაცხადა სერბეთის მთავარეპისკოპოსის პატრიარქად ცნობაზე. ლაზარეს მმართველობის 10 წლის მანძილზე მთელს ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა.

შემდეგ დაიწყო ომი თურქებთან და 1389 წლის 15 ივნისს, სულთან ბაიაზეთის ბრძანებით, წმიდა ლაზარეს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა ეფრემი, სერბელი პატრიარქი

წმიდა ეფრემმა თავისი ბერული მოღვაწეობა ათონის მთაზე დაიწყო, შემდეგ კი სერბეთის იბროვოს მონასტრის იღუმენად აირჩიეს. 1376 წელს კი წმიდა ეფრემი სერბეთის გარდაცვლილი პატრიარქის, საბა III-ის მემკვიდრედ იქნა დადგენილი. ახალარჩეულ პატრიარქს უმძიმდა მწყემსმთავრული პატივი, მისი გული ისევ ჩუმი მოღვაწეობისაკენ მიილტვოდა. მან თავისი ნებით დატოვა საპატრიარქო კათედრა და სამოღვაწეოდ დუშანოვოს მონასტერში გადავიდა. 10 წლის შემდეგ წმიდა ეფრემი კვლავ სათავეში ჩაუდგა სერბეთის ეკლესიას და 1400 წლამდე, სიკვდილამდე ბრძნულად განაგებდა მას. წმიდა ეფრემი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნეტარისა ავგუსტინე

ნეტარი ავგუსტინე ერობაში ავგუსტინე ავრელიუსი (354 — 430) იყო  ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი, პატრისტიკის წარმომადგენელი, რომელმაც არსებითი ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანული ღვთისმეტყველური კანონიკის განვითარებასა და, მთლიანად, დასავლური ტიპის კულტურის ევოლუციაში.

ნეტარი ავგუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალი თხზულება. აღსანიშნავია მისი „აღსარებანი“, „ღვთის ქალაქის შესახებ“, „ჩვიდმეტი წიგნი პელაკიანელთა წინააღმდეგ“, „კომენტარები დაბადების წიგნისა“ და სხვა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (136)

მთავარი თემები