15:57 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
15110

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ივნისს ღირს იოანე (თორნიკე) მთაწმიდელს; ღირს ისიდორე სამთავნელის, ;ღირს ონოფრე დიდს, ღირს პეტრე ათონელს, ღირსთა: იოანეს, ანდრიას, ირაკლემონსა და თეოფილეს იხსენიებს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი

თორნიკე ერისთავი (Xს) ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, ქართლის სპასპეტი, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე.

 ილანე მას ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა. ის ერთხანს ათონის მთაზე, ათანასე დიდი ლავრაში მოღვაწეობდა. 979 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში.

დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომელმაც სძლია სკლიაროსს და ხელთ იგდო დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა.

980 წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978) და კირილე I-ის თხზულების — „განძის“ 981 წლის ნუსხა.

ისიდორე  სამთავნელი

წმიდა ისიდორე (ეზდერიოს) სამთავნელი, ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომელიც  საქართველოში VI საუკუნეში იოანე ზედაზნელთან ერთად ჩამოვიდა. წმინდა ისიდორე თავიდან წმინდა იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზედაზნის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი, როცა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაუშვა სამოღვაწეოდ, წმინდა მამამ ქართლს მიაშურა. მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე (კასპიდან 11 კმ-ზე) დამკვიდრდა და სოფელ ჭალის მახლობლად დააარსა მონასტერი.

ონოფრე დიდი

ღირსი  ონოფრე დიდი IVთებაიდაში, ერითის მონასტერში იზრდებოდა. აქ შეიტყო უდაბნოში მოღვაწე ბერების უმძიმესი და უმაღლესი ღვაწლის შესახებ, მათი მიბაძვის სურვილით აენთო და ერთხელ, ღამით ფარულად დატოვა მონასტერი. წინ მანათობელი სხივი მიუძღოდა, ამან ისე შეაკრთო, რომ გაბრუნებაც დააპირა, მაგრამ მფარველმა ანგელოზმა გზის განგრძობისკენ მოუწოდა. ასე ჩააღწია ღირსმა მამამ ერთ მეუდაბნოე ბერამდე და მას დაემოწაფა. როცა მოძღვარი დარწმუნდა, რომ ონოფრე საკმაოდ განმტკიცდა დემონის საცთურებთან ბრძოლაში, სამოღვაწეო ადგილი მიუჩინა მას და განშორდა. ამის შემდეგ იგი წელიწადში ერთხელ აკითხავდა სულიერ შვილს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ერთი ასეთი სტუმრობის დროს, მიიცვალა. ღირსმა ონოფრემ უკაცრიელ უდაბნოში სამოცი წელი დაჰყო სრულიად მარტოდმარტომ და როცა მიიცვალა,  უდაბნოში შეხვედრილმა თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ დაკრძალა.

პეტრე ათონელი

პეტრე ათონელი (+734) ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი  ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა. ამის შემდეგ პყრობილმა მკაცრი მარხვა დაიწყო, თან გულმოდგინედ ევედრებოდა მეოხებას ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს.  წმიდა ნიკოლოზი მას  ძილში  სვიმეონ ღვთისმიმრქმელისგან ერთად გამოეცხადა  .მართალმა სვიმეონმა ხელის შეხებით ცვილივით გაალღო პეტრეს ბორკილები, შემდეგ კი საპყრობილის კარები გაიხსნა და პყრობილი გათავისუფლდა. წმიდა პეტრემ რომს მიაშურა.

რომის საკათედრო ტაძარში. მორწმუნეებს შორის მდაბლად იდგა და ჩვეული სასოებით ლოცულობდა პეტრე ათონელი. უეცრად ამბიონიდან პაპის ხმა გაისმა: „ჩემთან მოვიდეს საბერძნეთიდან ჩამოსული პეტრე, რომელიც წმიდა ნიკოლოზმა გაათავისუფლა საპყრობილიდან!“ პაპმა წმიდანი მისი დიდი თანამოსახელის ლუსკუმასთან აკურთხა ბერად, თავისთან დატოვა, მონაზვნური ცხოვრების წესს აზიარა, შემდეგ კი უფლის ნებას მიანდო.

პეტრე აღმოსავლეთისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. როცა გემი ათონის  მთას გაუსწორდა, თავისით გაჩერდა. პეტრე მიხვდა, რომ აქ უნდა ჩამოსულიყო. ეს მოხდა 681 წელს. ათონის ნახევარკუნძულის უდაბურ ადგილებში წმინდანმა 53 წელი გაატარა.

იოანე, ირაკლემონი, ანდრია და თეოფილე ღირსნი: იოანე, ირაკლემონი, ანდრია და თეოფილე ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდნენ IV საუკუნეში.

 

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

მთავარი თემები