21:36 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (55)
8720

სრულიად საქართველო მომავალი პატრიარქი, ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ვლადიკავკაზში.

ღუდუშაურთა გვარი უძველესი დროიდან მოდის. V საუკუნის 40–იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასალმა ილაშქრა ჩრდილო კავკასიაში, დაამარცხა ალან–ოსები და ჩაკეტა დარიალის კარი. გადმოცემის თანახმად, მეფის ლაშქარში თავი გამოუჩენია სნოელ ღუდუშას, რომელსაც მეფემ პატივისცემის ნიშნად შვილი მოუნათლა. ღუდუშას შთამომავლები – ღუდუშაურები განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ხევის ცხოვრებაში. XVII საუკუნეში ხევში განთქმული იყო შიოლა ღუდუშაურის სახელი, რომლის შთამომავლებიც შიოლაშვილებად იწოდებიან. შიოლას შთამომავლები არიან: შარამბალი–სუღუტა–გლახა–შაქრო–გაგა, იგივე გიორგი – უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მამა).

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

გიორგი შიოლაშვილის ახალშექმნილი ოჯახი სნოში დამკვიდრდა. 1927 წელს კი ოჯახი დროებით საცხოვრებლად ვლადიკავკაზში (ძაუში) გადაიყვანა, სადაც შეიძინა სახლი.

გიორგი შიოლაშვილის ოჯახი ვლადიკავკაზში ცნობილი იყო, როგორც ღვთისმოშიში და ღრმადმორწმუნე. 1933 წლის 4 იანვარს ოჯახს ახალი წევრი შეემატა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც მამამ მეფე ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვა. იმ დროს ვლადიკავკაზში ჯერ კიდევ იყო წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ტაძრის წინამძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი.

პატარა ირაკლი სწორედ წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში მონათლეს. მისი ნათლია იყო მონაზონი ზოილე დვალიშვილი, რომელსაც ნათლული ხშირად ჩამოჰყავდა მცხეთაში. ერთხელ, სვეტიცხოვლობაზე, ღვთის განგებით ერთმანეთს შეხვდა საქართველოს ორი პატრიარქი – ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.

მომავალი პატრიარქის მრავალრიცხოვანი ოჯახი (დედა, მამა, ძმები: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო) ყოველდღე ლოცულობდა. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს:

„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა".

გიორგი შიოლაშვილის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული დედასამშობლოსთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესთან. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა 1938 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც გაუქმდა ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და დაიწყო მორწმუნე ქართველობის დევნა–შევიწროება.

"ჩემი ბავშვობა, – აღნიშნავს მისი უწმიდესობა, – დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა–ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე."

გიორგი შიოლაშვილის ოჯახთან მეგობრობდნენ მაჰმადიანი ქისტებიც. როგორც უწმიდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავს, ხშირად ისინი მათი სახლის სტუმრებისთვის გამოყოფილ ოთახშიც ლოცულობდნენ თავიანთი წესის მიხედვით, შემდეგ კი სტუმრები და მასპინძლები სადილზე ერთად იკრიბებოდნენ. გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ღვაწლით, 1947 წელს ვლადიკავკაზში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია მასალები, რომლებიც ადასტურებს ამ ფაქტს.

პატარა ირაკლი ზაფხულს ძირითადად სნოში, საგვარეულო სახლში ატარებდა, უფროსებისგან ისმენდა ხალხურ თქმულებებს, დადიოდა სნოსა და თრუსოს ხეობებში, ათვალიერებდა მრავალრიცხოვან ციხე–კოშკებს, ეკლესია–მონასტრებს… იგი 1941 წლის სექტემბერში ქალაქ ორჯონიკიძის N22 საშუალო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე გახდა. ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, პატარა ირაკლი დიდ დროს უთმობდა წირვა–ლოცვებს, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა კარგად ესწავლა სასკოლო საგნები. განსაკუთრებით იტაცებდა ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენა.

ირაკლი შიოლაშვილმა სკოლაში სწავლა დაამთავრა 1952 წელს. იმავე წლის ივნისში ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილის სახელზე ძაუჯიკაუს (ორჯონიკიძე – ვლადიკავკაზი) 22-ე სკოლამ გასცა ატესტატი N 946415. ახალგაზრდა ირაკლიმ გადაწყვიტა, სწავლა გაეგრძელებინა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში.

1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტია. აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსმა ზინობმა ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცა და სახელად ილია უწოდა. როდესაც მეუფე ზინობმა ბერადაღკვეცილი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III-ს წარუდგინა, გახარებულმა პატრიარქმა ამ სიტყვებით მიმართა მას:

ათი შენისთანა რომ მყავდეს, საქართველოს ეკლესიას აღარაფერი გაუჭირდებაო!

18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ ხელი დაასხა მას იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ის წერილობითი ნებართვით რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა ზაგორსკის წმიდა სერგის სავანის სატრაპეზოში იეროდიაკონი ილია მღვდელმონაზვნად აკურთხა.

სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ირაკლი შიოლაშვილს კიდევ უფრო გაუმძაფრდა დედაეკლესიისა და სამშობლოს სიყვრული. ამის დასტურია მისი წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III–სადმი.

"თქვენო უწმიდესობავ, გვაკურთხეთ… აქ, ჩვენ წრეში, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თითქოს დასასრულს უახლოვდება, რადგან: მთელი რიგი ეპარქიები უმოქმედოდ, მღვდელმთავრის გარეშეა და არც არსებობს სათანადო კადრი; ღვთისმსახურების დროს ეკლესიებში მორწმუნეთა დასწრება ერთობ მცირეა; საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიას არ აქვს სემინარია, გამომცემლობა, საეკლესიო მუზეუმი, წიგნსაცავი, ბიბლიოთეკა. ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში არ იქნება დაშვებული ახლად ხელდასხმული ქართველი მღვდელმთავარი (საუბარია ეპისკოპოს ლეონიდე ჟვანიაზე – ს.ვ.)...“

1960 წლის ივნისში ზაგორსკის აკადემიაში შედგა ირაკლი შიოლაშვილის საკვალიფიკაციო ნაშრომის საჯარო დაცვა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ავტობიოგრაფიაში აღიშნავს:

„სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ დაადგინა, მე ვყოფილიყავი დატოვებული აკადემიაში პროფესორთა სტიპენდიატად, მაგრამ ჩემი ერის სიყვარულმა მიმატოვებინა ეს ყველაფერი და მომიყვანა საქართველოში".

იგი ეახლა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ეფრემ II–ს და ასეთი განცხადებით მიმართა:

„თქვენო უწმიდესობავ! გაცნობებთ, რომ 1960 წელს დავამთავრე მოსკოვის სასულიერო აკადემია. გთხოვთ, მომცეთ სამსახური, გამგზავნოთ იქ, სადაც თქვენ სცნობთ საჭიროდ".

უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ მღვდელმონაზონი ილია ბათუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II–ის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:

„1960 წლის 19 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის მიერ აღყვანილ ვიყავი იღუმენის ხარისხში, 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის პატივში".

1963 წლის 23 აგვისტოს წმიდა სინოდის სხდომამ არქიმანდრიტი ილია, გამოარჩია შემოქმედელ ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი ილია დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მასვე დაევალა 1963 წლიდან მცხეთის სამოძღვრო კურსების ხელმძღვანელობა. ახალგაზრდა მღვდელმთავარი ენერგიულად შეუდგა მცხეთის სამოძღვრო კურსების სასულიერო სემინარიად გადაკეთებისათვის ნიადაგის მომზადებას და მალე მცხეთის სასულიერო სემინარია შემოქმედელი ეპისკოპოსის ილიას თავდადებული შრომით ღირსეულ სასწავლებლად იქცა - აქაურ კურსდამთავრებულებს უგამოცდოდ იღებდნენ ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში.

1967 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის ლოცვა–კურთხევით, ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.

იმ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო 7 ეკლესია: სოხუმის წმიდა ნიკოლოზის, თავისუფლების, სასაფლაოს ეკლესია, ილორის წმიდა გიორგის, ლიხნის, უსპენსკის, გაგრის სამლოცველო სახლი. ღვთისმსახურთა უმრავლესობა არაქართველი იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა რწმუნებული იყო გააფხაზებული ქართველი ა. ლაგვილავა, რომელიც ყველანაირად ავიწროებდა სასულიერო პირებს, მორწმუნე მრევლს. ერთ–ერთ საიდუმლო წერილში, რომელიც მან საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნა, იგი წერდა, რომ აუცილებელი იყო სოფელ კამანში მეღორეობის ან მეფრინველეობის ფერმის აშენება.

ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ მოახერხა მრევლის შემოკრება. თუ მის მღვდელმთავრობამდე მხოლოდ ორი ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა ეპარქიაში, 1975 წელს ისინი უკვე თორმეტნი გახდნენ. ეს იყო მეუფე ილიას შორს გამიზნული პოლიტიკა, ასეთ ვითარებაში აფხაზი სეპარატისტები ვერ მოახერხებდნენ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში თავისი მიზნების განხორციელებას.

1969 წლის 17 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ეფრემ II-მ ეპისკოპოსი ილია მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1972 წელს საქართველოს ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის მან მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. მიტროპოლიტი ილია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სახედ იქცა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა...

Sputnik-საქართველო ულოცავს სრულიად საქართველოს მხცოვან კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაბადების დღეს და მადლობას უხდის ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის!

თემები:
საქართველოს სიამაყე (55)

მთავარი თემები