13:26 17 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1127
  • 100 RUB4.5228
  • USD2.8718
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (263)
42 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 6 დეკემბერს მოწამე გრიგოლ არქიმანდრიტის, წმიდა ამფილოქეს, წმიდა გრიგოლის, მოწამეთა სისინიოსისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა და თეოდორე ანტიოქიელისა, ასევე კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლი, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული 

მღდელმოწამე გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 (13.09) აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში (ახლანდელი გურჯაანის რაიონი), მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში.
1918 წელს, გრიგოლი ტფილისის ახალგახსნილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ხოლო 1922 წლის მაისში, გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1925 წელს, გრიგოლი სასწავლებლად გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1932 წელს, გრიგოლი მიიწვიეს ოქსფორდში საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს, გრიგოლი მონაზვნად აღიკვეცა, მალევე მღვდლად დაასხეს ხელნი, არქიმანდრიტობაც უბოძეს და პარიზის ქართული სამრევლო ჩააბარეს. გრიგოლ ფერაძემ პარიზში დააარსა წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და სამრევლო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.1932 წელს, მამა გრიგოლი ვარშავის მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად აირჩიეს. 

იმ დროს, საფრანგეთში ინახებოდა საქართველოს ეკლესიის განძეულობა, რომელიც გრიგოლ ფერაძის თავგანწირული მოქმედების შედეგად გადაურჩა გერმანელი ფაშისტებისაგან კონფისკაციას. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ ქართული კულტურის საუკეთესო ნაწილი, არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა.

1942 წლის მაისში მამა გრიგოლი ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. გრიგოლის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.

ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, მოყვასის სიყვარულით თავს იდვა სხვებისთვის განკუთვნილი სასჯელი და მათ ნაცვლად აღესრულა, იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა.

წმიდა ამფილოქე - იკონიელი ეპისკოპოსი

წმიდა ამფილოქე - იკონიელი ეპისკოპოსი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. იგი წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ახლო ნათესავი და ბასილი დიდის მეგობარი იყო. წმიდა ამფილოქე თითქმის ორმოცი წლის მანძილზე ცხოვრობდა უდაბნოში მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით, მაგრამ 372 წელს, როცა იკონიის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, უფლის ანგელოზები საღვთო ხილვით სამჯერ გამოეცხადნენ ნეტარ მამას და მოუწოდეს, იკონიაში წასულიყო სამღვდელმთავრო მოღვაწეობისთვის.

მღვდელმთავარი ამფილოქე მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა იკონიის ეპარქიას. მართლმადიდებლობის ერთგული მოღვაწე მკაცრად ამხელდა არიოზისა და ევნომიუსის მწვალებლურ სწავლებებს, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო კრების (381) მუშაობაშიც და სათავეში ედგა ბრძოლას მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ.

ჩვენამდე შემონახულია მღვდელმთავარ ამფილოქეს ეპისტოლეები და ქადაგებები. 394 წელს წმიდა მწყემსმთავარმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა გრიგოლი, აკრაგანტელი ეპისკოპოსი

წმიდა გრიგოლი, აკრაგანტელი ეპისკოპოსი კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ აკრაგანტის მახლობლად მდებარე სოფელ პრეტორიაში დაიბადა, კეთილმსახური ქრისტიანების, ხარიტონისა და თეოდოტიას ოჯახში.

წმიდა მამის ასკეტურმა ცხოვრებამ, სულიერმა გამოცდილებამ და ღვთისმეტყველურმა ცოდნამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ევტიქის (552-565) ყურადღება მიიპყრო. მისი მოთხოვნით გრიგოლმა მონაწილეობა მიიღო მეხუთე მსოფლიო კრების (553) მუშაობაში. კრების დამთავრების შემდეგ წმიდანი რომში გაემგზავრა მოციქულების, წმიდა პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად.

როდესაც აკრაგანტის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, პაპმა ყველა მოწოდებული წინადადება უარყო და მღვდელმთავრად წმიდა გრიგოლი დაადგინა.

წმიდანი მღვდელმთავრის ხარისხშიც  ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა. სამწყსოს უყვარდა თავისი მღვდელმთავარი, ენდობოდა მას, მაგრამ ნეტარს გამოუჩნდნენ მტრებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ მისი სახელი. როცა წმიდა გრიგოლი ტაძარში იმყოფებოდა, მოშურნეებმა მის სენაკში ფარულად შეიყვანეს მოსყიდული ქალი, შემდეგ კი ხალხის წინაშე, რომელიც ღვთისმსახურების შემდეგ სახლამდე მიაცილებდა მწყემსმთავარს, გამოიყვანეს იგი და გრიგოლს მეძაობის ცოდვაში დასდეს ბრალი. წმიდა ეპისკოპოსი დააპატიმრეს.

ორი წლის შემდეგ პაპთან მივიდა განჭვრეტის ნიჭმიმადლებული ბერი მარკოზი, რომელიც გრიგოლს სიყმაწვილიდანვე იცნობდა. მან არ ირწმუნა ცილისწამებისა და პაპს მოსთხოვა, წმიდანის საქმის გასარჩევად საგანგებო კრება მოეწვია. პაპის მოწვევით კრებაზე ქალაქ აკრაგანტის მრავალი ღვთისმსახური ჩავიდა, მივიდნენ წმიდა მღვდელმთავრის ცილისმწამებლებიც, მათ შორის - ეშმაკეულქმნილი მეძავიც.

კრებაზე ცილისმწამებლები ცდილობდნენ, თავიანთი ბრალდების დამტკიცებას. მათ, როგორც მთავარი საბუთი, მსაჯულთა წინაშე წარადგინეს გონდაკარგული მეძავი - თითქოსდა გრიგოლის ჯადოსნობის მსხვერპლი. მღვდელმთავარმა ილოცა და მეძავისგან ეშმაკი განდევნა, რის შემდეგაც განკურნებულმა ქალმა კრების მონაწილეებს მთელი სიმართლე განუცხადა. ცილისმწამებლები დამარცხდნენ. მარკიანეს ცილისმწამებლების სიკვდილით დასჯა სურდა, მაგრამ წმიდა გრიგოლმა მათთვის წყალობა გამოითხოვა.

უფლის რჩეული კათედრას დაუბრუნდა და, საყოველთაო სიყვარულით გარემოცული, აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს (VI-VII).

წმიდა მოწამე სისინიოსი - კვიზიკელი ეპისკოპოსი

წმიდა მოწამე სისინიოსი - კვიზიკელი ეპისკოპოსი დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის ქალაქ კვიზიკის მმართველის, ალექსანდრეს ხელით. ხანგრძლივი და სასტიკი სატანჯველების შემდეგ მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა აღმსარებელი თეოდორე ანტიოქიელი

წმიდა აღმსარებელი თეოდორე ანტიოქიელი, თხუთმეტი წლის ყრმა, ქრისტეს აღსარებისთვის სასტიკად აწამეს იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას. ჯალათებს თავზარი დასცა იმან, რომ წმიდანი წამების დროს ხარობდა, მისი შეწყვეტისას კი ტკივილებს გრძნობდა. მათ ამ სასწაულის შესახებ იმპერატორს შეატყობინეს, რომელმაც მარტვილის განთავისუფლება ბრძანა. მოგვიანებით ნეტარი თეოდორე ყვებოდა, რომ როცა აწამებდნენ, მას უფლის ანგელოზი ეცხადებოდა და სატანჯველებს უმსუბუქებდა, წამების შემდეგ კი ანგელოზი ქრებოდა და ისიც ტკივილებისაგან იტანჯებოდა. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი 

კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი ვლადიმირის დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის ძე იყო. წმიდანი 1220 წელს დაიბადა. მან სიყმაწვილიდანვე შეითვისა ქრისტიანული მოძღვრება. ნეტარს ძლიერ უყვარდა საეკლესიო საგალობლები, მუდამ წმიდა მამათა ნაწერებს კითხულობდა. ღამისთევები და ღვთისადმი ლოცვა-ვედრება მისი საყვარელი საქმიანობა იყო. 1236 წელს ალექსანდრე ნოვგოროდის მთავრად აირჩიეს. სულ მალე, 1340 წელს მის სამთავროს თავს დაესხნენ შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს შემომტკიცებას და აქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ცდილობდნენ. ღვთის მსასოებელმა ალექსანდრემ მდინარე ნევის ნაპირებზე მცირერიცხოვანი რაზმით სასტიკი დამარცხება აგემა მტრის ურიცხვ ლაშქარს, რისთვისაც ხალხმა „ნეველი“ უწოდა. 1242 წელს ნეტარი გერმანელ ჯვაროსნებს შეებრძოლა და, უფლის შეწევნით, კვლავ გაიმარჯვა.
1262 წელს თათართა მძლავრობისგან შევიწროებული ხალხი აჯანყდა. განრისხებულმა ხანმა მათ დასასჯელად ლაშქარი გაამზადა. ალექსანდრე ურდოში წავიდა, რომ თათარი ხელისუფლის გული მოელბო, მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ, ხანგრძლივი ღვაწლით დაუძლურებული, უკან მობრუნებისას სასიკვდილოდ დასნეულდა. სულთმობრძავმა მთავარმა სქიმა შეიმოსა ალექსის სახელით, წმიდა საიდუმლოს ეზიარა და 1263 წლის 14 ნოემბერს, ორმოცდასამი წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (263)

მთავარი თემები