ქართველი, რომელიც წმინდანად შერაცხეს, ანუ „თეთრი ანგელოზის ძიებაში“

წმინდა გრიგოლის ხატი
წმინდა გრიგოლის ხატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზელ ქართველებთან გრიგოლ ფერაძის ურთიერთობა უკვე 1929 წელს იწყება. პარიზში, რომელიც იმ დროს ქართული ემიგრაციის ცენტრია, მისი უშუალო მონაწილეობით წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა.

 ირმა ლეჟავა

 გვსურს, მკითხველს შევახსენოთ გამორჩეული, კეთილშობილი ქართველი გრიგოლ ფერაძე, მეცნიერი და სასულიერო პირი, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 მისი გარდაცვალების შესახებ ორი ვერსია არსებობს:  პირველის მიხედვით: მამა გრიგოლი გაზის კამერაში მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად ნებაყოფლობით შესულა. ამ პატიმარს მამა გრიგოლის ჯვარი გამოუტანია და ის მარიამ მაგდალინელის ეკლესიისთვის გადაუცია. მეორე ვერსია ასეთია: ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გერმანელი ოფიცერი მოუკლავთ. ბანაკის ადმინისტრაციას მკვლელი ვერ უპოვია. ამიტომ საშინელ ყინვაში მთელი ბანაკი შიშველი გამოუყვანია მოედანზე და დამუქრებია: ასე დედიშობილა იდგებით ყინულზე, ვიდრე მკვლელს არ ჩაგვაბარებთო. მაშინ გრიგოლ ფერაძეს მკვლელობა თავის თავზე აუღია, იგი ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, ხოლო შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ტყვეების თვალწინ დაწვესო. სრული უტყუარობით ისტორიული სიმართლის აღდგენა ალბათ შეუძლებელია. ოსვენციმის ბანაკის ჟურნალში, რომელიც შემდეგ კგბ-ს არქივში მოხვდა, 1942 წლის  6 დეკემბრის ჩანაწერი ამოხეულია. ცნობილია, რომ ფერაძეების სამივე ძმა მე-11 არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. 1931 წლის 31 მაისს მამა გრიგოლი პარიზის წმინდა ნინოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მღვდელმსახურად დანიშნეს, მაგრამ მეცნიერულ მოღვაწეობას იგი მაინც არ წყვეტს.  სხვათა შორის, ჯონი შალიკაშვილი გრიგოლ ფერაძემ მონათლა და უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძური ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად გრიგოლ ფერაძემაც გადაარჩინა.

 „მართლმადიდებლობა ღირებულებაა, — მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ღირს ცხოვრებაც და სიკვდილიც”, — უთქვამს წმიდა გრიგოლ ფერაძეს.  ამ გასაოცარ ადამიანზე მისი ძმისშვილი, რომანოზ ფერაძე გვიამბობს:

 -ჩვენი გვარი სასულიერო გვარი ყოფილა. ბაბუაჩემი რომანოზ ფერაძე მღვდელი გახლდათ, დედის მამა — ბესარიონ სამადალაშვილიც მღვდელი  იყო. ბაბუას სამი ვაჟი ჰყავდა: უფროსი არჩილი, შუათანა გრიგოლი, რომელიც 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში დაიბადა  და უმცროსი — ვასილი —  მამაჩემი. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს ძალიან გასჭირვებია. მამაჩემის ბიძის, ყვარლის მღვდლის, გიორგის რჩევით, ბებიას გრიგოლი მამის კვალზე დაუყენებია. გრიგოლმა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, 5 წლის შემდეგ კი — სასულიერო სემინარია, რომელსაც იმხანად კორნელი კეკელიძე რექტორობდა. შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილებაზე განაგრძო სწავლა, პარალელურად  - სოფელ ხანდაკის სკოლაში მასწავლებლობდა. ამასობაში „სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია და იძულებული გახდა, დროებით შეეწყვიტა სწავლა. სამივე ძმა იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. ანექსიის შემდეგ ჯარიდან დაბრუნებულ გრიგოლს დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფელ მანავში გააგზავნა მასწავლებლად. 1921 წლის ნოემბრის დამდეგს საკათალიკოსო საბჭოს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, კორნელი კეკელიძესა და ივანე ჯავახიშვილს სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი, არტურ ლაისტის დახმარებით, ბერლინში გაუგზავნიათ. 

 -ცნობილია, რომ ამის შემდეგ იწყება გრიგოლ ფერაძის უცხოეთში მოღვაწეობა.  სასულიერო ცხოვრებასთან ერთად იგი სამეცნიერო საქმიანობასაც განაგრძობს?

 -დიახ, ბერლინს ბონის უნივერსიტეტი მოჰყვა, სწავლას — აქტიური სამეცნიერო მუშაობა, სამეცნიერო ხარისხები და სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი ცხოვრება. პარიზელ ქართველებთან გრიგოლ ფერაძის ურთიერთობა უკვე 1929 წელს იწყება. პარიზში, რომელიც იმ დროს ქართული ემიგრაციის ცენტრია, მისი უშუალო მონაწილეობით წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა. შობის დღეებში უძლურებაში მყოფი მამა გრიგოლი, უცნაური ხილვის შემდეგ, ქართული ემიგრაციის სულიერ მოძღვრობასაც თანხმდება. 1931 წლის 18 აპრილს 32 წლის ასაკში იგი ლონდონის ბერძნულ ეკლესიაში ბერად აღიკვეცება, მეორე დღეს კი დიაკვნადაც აკურთხებენ. ამავე წლის 25 მაისს პარიზის წმინდა სტეფანეს სახელობის ბერძნულ ეკლესიაში მსოფლიო საპატრიარქო საყდრის ეგზარქოსი გერმანოზი მას მღვდლად აკურთხებს. 1931 წლის 31 მაისს მამა გრიგოლი პარიზის წმინდა ნინოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მღვდელმსახურად ინიშნება და იმავე დღეს პირველად წირავს. მეცნიერულ მოღვაწეობას მაინც არ წყვეტს. 

 — ბატონო რომანოზ, რამდენადაც ვიცი, უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძური ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად გრიგოლ ფერაძემაც გადაარჩინა?

—  საქმე ისაა, რომ მამა გრიგოლს საგანძურის შეფასება დაევალა. გრიგოლმა ყველაფერი აღნუსხა და  საექსპერტო დასკვნაც დაწერა: „ეს ნივთები მატერიალურად ნაკლებად ფასეულია, მათ მხოლოდ ქართველი ერისთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა“. ფაშისტები ენდნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი დაანებეს. 1933 წელს სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისე ვალედინსკიმ ვარშავაში, უნივერსიტეტის მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე პატროლოგიის პროფესორის მოადგილის და ამავე საგნის სემინარის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მიიწვია. ვინაიდან მუდმივი ხელფასი ექნებოდა, ის წასვლას დათანხმდა. ალბათ, ასეთი იყო მისი ბედისწერა. ვარშავაში, ბრუკოვის ქუჩაზე, პატარა ოთახში ცხოვრობდა და თავის მრევლთან პარიზში წელიწადში რამდენჯერმე ჩადიოდა. ვარშავაში ცხოვრობდნენ ე.წ. კონტრაქტის ოფიცრები, რომლებმაც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პოლონეთის ჯარში დაიწყეს კონტრაქტით მუშაობა. მათი მეთაური ზაქარიაძე იყო. იქ იყვნენ დიმიტრი ბაქრაძე და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის მამა. ცნობისათვის, ჯონი შალიკაშვილი გრიგოლ ფერაძის მონათლულია. ვერმახტის ლეგიონერებიდან  მამა გრიგოლს ურთიერთობა გენერალ შალვა მაღლაკელიძესთან ჰქონდა. მოკლედ, იგი პოლონეთში დაფუძნდა და თავის მეორე სამშობლოსაც კი უწოდებდა. 1934 წელს არქიმანდრიტის ხარისხში ამაღლდა. დადიოდა წმინდა მიწაზე. შეისწავლა იქაური ხელნაწერები.

 — ვიცი, რომ მამა გრიგოლს წმინდა მიწაზე შეუძენია ძველი ქართული „გარდამოხსნა“, რომელშიც ირანის მაშინდელ შაჰს თურმე დიდძალი სიმდიდრე შეუთავაზებია...

 - როგორც შალვა მაღლაკელიძე წერს, ის „გარდამოხსნას“ ძალიან უფრთხილდებოდა: ძილის დროს ბალიშის ქვეშ ამოიდებდა ხოლმეო. ამ „გარდამოხსნის“ ამბავი ირანის მაშინდელ შაჰს გაუგია, ირანის უკანასკნელი შაჰის მამას, 70-იან წლებში რომ განდევნეს ირანიდან. შაჰი ათასობით წითელ ოქროს სთავაზობდა თურმე „გარდამოხსნაში“. ერთხელ ვიქტორ ნოზაძეს უხუმრია: იქნებ დაგეთმო რიზე-ხანისთვის, აქ არ დაკარგო, იქ ის უფრო შეინახავს, თანაც ამდენ ფულს გთავაზობსო. გრიგოლი გაბრაზებულა: როგორ გეკადრება, უარი შევუთვალე შაჰს: ეს საქართველოს ეკლესიას უნდა დავუბრუნოო. გრიგოლი ისეთი უშიშარი ყოფილა, გერმანელებმა ვარშავა რომ დაიპყრეს, ქუჩებში ჭურვები სკდებოდა, ის კი დაჭრილებს უვლიდა და მიცვალებულებს აპატიოსნებდა. ერთხელ ქუჩაში შესწრებია, გერმანელი ოფიცერი ხელკეტით როგორ სცემდა მოხუც ებრაელ ქალს. გრიგოლი მისულა და ხელში წვდომია: თქვენ ამ კულტურით, ამ ცივილიზაციით გინდათ მსოფლიოს დაპყრობა?— ასე ბარბაროსებიც არ მოიქცევიანო. ამ სიტუაციით ისარგებლეს გერმანიის „გესტაპოში“ მომუშავე ქართველებმა და თავისი პატრონებისთვის რომ ერთგულება დაემტკიცებიათ, ის დააბეზღეს: სახლში ებრაელებისთვის ვალუტას ინახავსო. პოლონელებმა ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინეს, რომ გრიგოლის ქართველ მდივანს „ჩაუდევს“ მისთვის დოლარები. ბინის გასაჩხრეკად მისულ გერმანელებს სწორედ ის დოლარები უნახავთ. არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ფაშისტებისგან ვერც  გიორგი ნაკაშიძემ და მიტროპოლიტმა დიონისემ იხსნეს. დაპატიმრებას იგი ვერც შალვა მაღლაკელიძემ გადაარჩინა. მამა გრიგოლის  უნიკალური ბიბლიოთეკის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გადარჩა, ხატები დაიკარგა, ასევე დაიკარგა „გარდამოხსნაც“, რომელიც, მისივე ანდერძით, ხატებთან ერთად ქართულ ეკლესიას უნდა გადასცემოდა. მამა გრიგოლი ვარშავის პავიაკის ციხიდან 1942 წლის ნოემბერში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც  ის 1942 წ. 6 დეკემბერს გარდაიცვალა. ეს ბატონმა რეზო თაბუკაშვილმა მიამბო, — დასკვნა თავად გამოიტანეთ. 

 — როგორ შეინარჩუნეთ მამა გრიგოლის დღიურები და  ნაშრომები? 

 - დღიურები და ივერიის ღვთისმშობლის საგვარეულო ხატი ოჯახში გვქონდა. მამას უსაფრთხოებისთვის ეკლესიაში წაუღია, მაგრამ ამ ამბავს გრიგოლი განურისხებია და მოუწერია: სასწრაფოდ დააბრუნე ხატი შინო. ეგ ოჯახის მფარველი ხატიაო. დღეს ეს ხატი ჩემს უფროს ვაჟთან, ბიძის სეხნია გიგასთანაა. 1995 წელს მცხეთაში, სვეტიცხოველში მამა გრიგოლის კანონიზაციის შემდეგ შევხვდი დეკანოზ ჰენრიკ პაპროცკის, პროფესორს, თეოლოგსა და მამა გრიგოლის ბიოგრაფს. მახსოვს, ჩემი ვაჟი გიგა (გრიგოლი) რომ დაინახეს, როგორ გაოცდნენ: როგორ ჰგავს მამა გრიგოლსო. 

 - ვიცი, რომ გრიგოლ ფერაძეზე ფილმიცაა გადაღებული…

 - ეჟი ლუბახისა და თამარ დულარიძის ფილმს „თეთრი ანგელოზის ძიებაში“, საფუძვლად მამა გრიგოლის მოთხრობა „ბედისწერა“ დაედო. ფილმის მთავარი კონსულტანტი მამა ჰენრიკია, მთხრობელის როლს კი,- სწორედ უმცროსი გრიგოლ ფერაძე ასრულებს.


ყველა ახალი ამბავი
0