საეკლესიო კალენდარი: 22 ნოემბერი

© Sputnik / Alexander Imedashviliღვთისმშოლის ხატი სვეტიცხოველში
ღვთისმშოლის ხატი სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებელი ეკლესია 22 ნოემბერს ღმრთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელი“დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ასევე მოწამეთა ონისიფორეს და პორფირიოსის, ღირს მატრონას, ღირს თეოქტისტას, მოწამე ალექსანდრე თესალონიკელს, ღირს იოანეს, ღირსთა ევსტოლიას და სოსიპატრას იხსენებენ.

დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“

ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი ათონის დოქიარის მონასტერში იმყოფება. ის, საძმოს სატრაპეზოს კედელზე, კართანაა მოთავსებული.

თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წელს გამოავლინა, როდესაც ჩვეულებისამებრ, ტრაპეზარმა ნილოსმა ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და ხმა შემოესმა „აქ ნუღარ გაივლი ანთებული კვარით და ნუ ჭვარტლავ ჩემ სახეს”. ნილოსმა ჩათვალა რომ ეს ძმების მიერ მოწყობილი ხუმრობა იყო, ყურადღება არ მიუქცევია და ძველებურად გაივლიდა ხოლმე ხატის წინ ანთებული კვარით. გავიდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: „ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ესე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?” და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაკარგა. მაშინ გაახსენდა ადრე ნათქვამი სიტყვებიც და იგრძნო თავისი ცოდვის სიმძიმე. მიხვდა, ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ნათქვამის უგულებელყოფის და დაუდევრობის გამო. ნილოსს დაბრმავების შემდეგ თვალის ტკივილები სტანჯავდა და დღედაღამ წმიდა ხატის წინაშე ლოცულობდა და მოთქვამდა. ერთხელ მას ხმა მოესმა : „ნილოს, შესმენილია შენი ლოცვა, გეპატია ცოდვა და მხედველობაც დაგიბრუნდება. როდესაც ამ წყალობას მიიღებ, აცნობე ძმებს, რომ მე ვარ მათი მფარველი და მცველი სავანისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს ჩემი ხატის წინაშე გაჭირვების ჟამს და მე არავის მივატოვებ, ყველასთვის ვინც ღვთისმოსაობით მომმართავს, შუამდგომელი ვიქნები და ძე და ღმერთი ჩემი, ჩემივე მეოხებით შეისმენს მათ ლოცვას, ასე რომ დღეიდან ჩემს ხატს „მსწრაფლშემსმენელი” ეწოდება რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოუვლენ წყალობას და მათ თხოვნას შევისმენ”.

მიქაელ მთავარანგელოზი ხატი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 21 ნოემბერი

ამ სასწაულებრივი ამბის შესახებ მთელმა ათონის მთამ შეიტყო. ამის შემდეგ ბერებმა ადგილს, სადაც წმიდა ხატი იმყოფებოდა, გალავანი შემოავლეს და მისგან მარჯვნივ მსწრაფლშემსმენლის სახელობის ტაძარი ააგეს.
მას შემდეგ “მსწრაფლშემსმენელის” ხატის მადლით მრავალი სნეული და გასაჭირში მყოფი განკურნებულა და გადარჩენილა. ხატი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებითა და შემუსრვილი გულით.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის “მსწრაფლშემსმენელის” ასლი საქართველოში 2005 წლის 12 მაისს, ათონის წმიდა მთიდან ჩამობრძანეს. რომელიც დოქიარის მონასტრის ბერებმა დაწერეს.

„მსწრაფლშემსმენელის”  ხატი სამების საკათედრო თაძარშია დაბრძანებული და ყოველდღიურად უამრავი მომლოცველი სტუმრობს.

წმიდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე 

წმიდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს ეწამნენ. ჯალათებმა ისინი დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენებზე გამოაბეს. მორწმუნეებმა უფლის რჩეულთა დაფლეთილი სხეულის ნაწილები შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია ნარიყალაზე - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 20 ნოემბერი

ღირსი მატრონა 

ღირსი მატრონა პამფილიის პერგეში (მცირე აზია) დაიბადა V საუკუნეში. იგი მდიდარ დომენტიანეს მიათხოვეს. როცა ასული - თეოდოტია შეეძინათ, მეუღლეები კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ. ოცდახუთი წლის მატრონას ძალიან უყვარდა ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა. ტაძარში გაეცნო წმიდანი ორ კეთილმსახურ მონაზონს - ევგენიას და სოსანას. ღირსმა მატრონამ მათი მიბაძვით ასკეტური ცხოვრება დაიწყო, რისთვისაც ხშირად უხდებოდა მეუღლის გამოხდომების დათმენა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მან ოჯახის დატოვება გადაწყვიტა, თავისი ასული დედა სოსანას ჩააბარა აღსაზრდელად, თავად კი თმები მოიკვეცა, მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ღირსი ბასიანეს მონასტერს მიაშურა იმ იმედით, რომ მეუღლე მის იქ ყოფნას ვერ გაიგებდა. წმიდანი, რომელიც დამხვდურებს საჭურის ბაბილად წარუდგა, ძმობაში მიიღეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის იღუმენს, ღირს ბასიანეს ჩვენებით განეცხადა, რომ საჭურისი ბაბილა ქალი იყო. იღუმენმა იგი ქალაქ ემესის დედათა მონასტერში გაგზავნა. ამ სავანეში წმიდანმა მრავალი წელი დაჰყო მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით, რითაც დების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. როცა იღუმენია გარდაიცვალა, მონაზვნებმა ერთხმად ისურვეს, რომ მის ნაცვლად ღირსი მატრონა დაედგინათ. დომენტიანემ შეიტყო მეუღლის ადგილსამყოფელი და მონასტერს მიაშურა. ეს რომ გაიგო, მატრონამ ფარულად დატოვა სავანე და იერუსალიმში წავიდა, აქედან სინას მთაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ბირითში, ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დასახლდა. წმიდანის სამკვიდრებლის მახლობლად მალე ახალი მონასტერი დაარსდა. ბოლოს, მატრონამ დატოვა ბირითი და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაცვლილიყო. სულიერი მამის, ღირსი ბასიანეს კურთხევით მან  კონსტანტინოპოლში დააარსა დედათა სავანე. აქ გადავიდნენ მატრონას მიერ დაფუძნებული ბირითის მონასტრის დედებიც. ღირსი მატრონას კონსტანტინოპოლის სავანე ცნობილი იყო მკაცრი წეს-განგებითა და დების კეთილმსახური ცხოვრებით.
ას წელს მიღწეულმა ნეტარმა დედამ დაახლოებით 492 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ეკლესია ხადის ხეობაში - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 19 ნოემბერი

ღირსი თეოქტისტა 

ღირსი თეოქტისტა დაიბადა კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქალაქ მითიმნაში (მცირე აზია). მას მშობლები ადრეულ სიყმაწვილეში გარდაეცვალა და ნათესავებმა მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად. გოგონას სული შეეთვისა ცხოვრების ორომტრიალს განრიდებულ მონაზვნურ ყოფას, 846 წელს წმიდანი, რომელიც უკვე თვრამეტი წლისა იყო, იღუმენიას კურთხევით, სააღდგომოდ მეზობელ სოფელში გაემგზავრა ღვიძლი დის მოსანახულებლად და ღამის გასათევად იქვე დარჩა. ამ დროს სოფელს არაბები დაესხნენ თავს, მისი მცხოვრებლები დაატყვევეს, ხომალდზე დასხეს და დილით ზღვაში გავიდნენ. ავაზაკებმა გემი გაუდაბურებულ კუნძულ ფაროსთან შეაჩერეს, რომ აქ ტყვეები დაეხარისხებინათ და შეეფასებინათ ბაზარზე გასაყიდად. უფლის შეწევნით თეოქტისტამ მოახერხა, უსჯულოებს გაქცეოდა. ამ დროიდან მოყოლებული ნეტარმა ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრა ფაროსზე და იქ გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი 

წმიდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას შეიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გადააყირავა კერპებისათვის გამზადებული სამსხვერპლო. მაშინ უღმერთო ხელისუფალმა მოწამისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. როცა სასჯელი აღასრულეს, იმპერატორმა და ჯალათმა ცხადად იხილეს, თუ როგორ წარუძღვა ანგელოზი ნეტარი ალექსანდრეს ცაში აღმავალ სულს. იმპერატორმა მაქსიმიანემ ნება დართო, წმიდა მოწამის ცხედარი პატივით დაეკრძალათ ქალაქ თესალონიკში.

გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 17 ნოემბერი

ღირსი იოანე

ღირსი იოანე კოლოვი (ბერძნულად - ტანმორჩილი) ეგვიპტეში, სკიტის უდაბნოში მდებარე ღირსი პიმენ დიდის  მონასტერში მოღვაწეობდა V საუკუნეში (შემდგომში სწორედ ამ უდაბნოს სახელწოდებიდან დაერქვა „სკიტები“ მონასტრისაგან მოშორებულ სავანეებს, სადაც ბერები განმარტოებით მოღვაწეობდა. მონასტერში იგი ძმასთან - დანიელთან ერთად მივიდა. ერთხელ ღირსმა იოანემ, თითქოსდა ანგელოზებრივი ცხოვრების მიბაძვით, გადაწყვიტა, სამოსელზე და საზრდელზე აღარ ეზრუნა, ტანსაცმელი განიძარცვა და სენაკიდან გავიდა. ღამით, როცა ძალიან აცივდა, მან სუსხს ვეღარ გაუძლო, დაბრუნდა და დანიელს კარებზე მიუკაკუნა. ძმა რამდენიმე ხანს კარებს არ უღებდა ნეტარს. უთხრა, ანგელოზები სხეულზე არ ზრუნავენო. წმიდანი მიხვდა, რომ საკუთარ თავს ზედმეტად მიენდო. ამ შეგონების შემდეგ იოანემ მტკიცე და ურყევი ნების მქონე მოძღვარს - ღირს პიმენს მიაშურა, სულიერი ხელმძღვანელობა სთხოვა და აღუთქვა, რომ ყველაფერში დაემორჩილებოდა. ახალგაზრდა ბერის მოთმინება რომ გამოეწრთო, წმიდა პიმენმა მას უცნაური მორჩილება დაუწესა: ნეტარი იოანე სამი წელი ეზიდებოდა წყალს გამხმარი ხის მოსარწყავად, რომელიც ბოლოს მწვანე ფოთლებით შეიმოსა და ნაყოფებით დაიხუნძლა. სასწაულებრივად განედლებულ ამ ხეს „მორჩილების ხე“ უწოდეს. შემდგომში უფლის რჩეული თავად წინამძღვრობდა ცხონების გულწრფელად მაძიებელ მოღვაწეებს. უფლის რჩეული მამა V საუკუნის I ნახევარში 422, ან, 430 წელს გარდაიცვალა.

ზესტაფონი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 14 ნოემბერი

ღირსი ევსტოლია  და სოსიპატრა

ღირსი ევსტოლია ქალაქ რომში დაიბადა. მან უფლის მსახურებისთვის გადადო თავი, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და დედათა ერთ-ერთ სავანეში დამკვიდრდა.
წმიდა სოსიპატრა იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ასული იყო. მას წრფელი გულით უყვარდა ქრისტე და მონაზვნურ ცხოვრებას ესწრაფოდა. ერთხელ ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში ნეტარი ღირს ევსტოლიას შეხვდა და ესაუბრა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ეს სოფელი და წინამძღვრის - ევსტოლიას ხელმძღვანელობით შესდგომოდა სულიერ ღვაწლს. სასახლეში, რომელიც კეთილმსახურმა იმპერატორმა უძღვნა თავის ასულს, თანდათან შეიქმნა მონასტერი, რომელიც მკაცრი წეს-განგებით იყო ცნობილი.
წმიდა ევსტოლია 610 წელს გარდაიცვალა, სოსიპატრა კი - 625 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0