საეკლესიო კალენდარი: 17 ნოემბერი

© courtesy of Giorgi Gamtenadzeგიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ნოემბერს წმიდათა და მართალთა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა საკრძალთა თაყვანისცემას აღნიშნავს, ასევე იხსენიებს ღირს იოანიკე დიდს, მღვდელმოწამეებს ნიკანდრეს და ერმე ხუცს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

იოანე, სტეფანე და ესაია

წმიდა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა. წმიდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთ-შემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს.

საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმიდანთა შორის სულ ოთხი წმიდანია მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზირებული. მათ შორის - ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო-ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმიდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველენი. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე რამოდენიმე საუკუნეა აღასრულებს.

როგორც მეცნიერები და მკვლევარები ვარაუდობენ, წმიდანები იერუსლიმში მოღვაწეობდნენ და იყვნენ ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები.

ღირსი იოანიკე დიდი

ღირსი იოანიკე დიდი დაიბადა ბითვინიის სოფელ მარიკატში 752 წელს. მისი მშობლები ისე ღარიბები იყვნენ, რომ შვილს დაწყებითი განათლებაც ვერ მიაღებინეს. იოანიკე ბავშვობიდანვე იძულებული იყო, ნახირი ემწყემსა, რაც მათი ოჯახის მთელს ავლადიდებას შეადგენდა. იგი ხშირად ჯვარს გადასახავდა ხოლმე საქონელს და განკრძალულ ადგილას განმარტოებული მთელი დღე ლოცულობდა. ამ დროს ნახირს არც მხეცი ეკარებოდა და არც მპარავი.

იმპერატორ ლეონ IV-ის (775-780) ბრძანებით ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ელჩები საუკეთესო ჭაბუკებს არჩევდნენ სამხედრო სამსახურისთვის. ყმაწვილი იოანიკეც იმპერატორის ლაშქარში ჩარიცხეს. მტრები ახოვანი მხედრის შიშით ძრწოდნენ, თანამოსაგრეებს კი გულწრფელად უყვარდათ იგი სიმშვიდისა და სიმდაბლის გამო. ამ ხანებში წმიდანი მკრეხელური ქადაგების გავლენით წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ აღმდგარ ხატმბრძოლ მწვალებლებს მიემხრო.

ერთხელ, როცა იგი თავის მხედრიონთან ერთად ოლიმპოს მთიდან მოდიოდა, ერთმა უცნობმა ბერმა სახელით უხმო: „შვილო იოანიკე, როგორ შეგიძლია ქრისტიანად იწოდებოდე და ქრისტე მაცხოვრის გამოსახულებები გძულდეს?“ იოანიკე მიხვდა თავის შეცდომას, სინანულში ჩავარდა და შემდგომში ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგული დამცველი შეიქნა. წმიდანმა ექვსი წელი იმსახურა არმიაში, ზემდგომებმა და თავად იმპერატორმაც მისი მხედრული დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღნიშნეს, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ პატივს ვერ ჰგუობდა - სულ სხვა სარბიელს ითხოვდა და უფალმაც თავისი მსახურებისკენ მოუწოდა.

ოცდაოთხი წლის იყო იოანიკე, როცა განერიდა ამსოფელს და უდაბნოში აპირებდა დამკვიდრებას, მაგრამ ერთმა წმიდა მოსაგრემ ურჩია, ჯერ მონასტრული ცხოვრების სკოლა გაევლო. წმიდანმა რამდენიმე წელი დაყო ძმათა კრებულში, წერა-კითხვას დაეუფლა, დავითის ოცდაათი ფსალმუნი ზეპირად ისწავლა. ნეტარი თორმეტი წლის მოღვაწეობის  შემდეგ აღიკვეცა ბერად.  მოღვაწეობის სამოცდაათი წლის მანძილზე კი  ღირსმა იოანიკემ სულიერი სრულყოფის მაღალ საფეხურს მიაღწია.
წმინდანმა წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე და გარდაიცვალა 846 წლის 4 ნოემბერს, ერთი ცნობით - ოთხმოცდათოთხმეტი, სხვა წყაროს მოწმობით კი - ასთხუთმეტი წლის ასაკში.

მღვდელმოწამე ნიკანდრე, მირონის ეპისკოპოსი და ერმე ხუცესი

მღვდელმოწამე ნიკანდრე - მირონის ეპისკოპოსი და ერმე ხუცესი წმიდა ტიტე მოციქულის  მოწაფეები იყვნენ, მანვე აკურთხა ისინი სამღვდელო ხარისხში. დაუცხრომელი ღვაწლით უფლის რჩეულებმა მრავალი წარმართი მოაქციეს ქრისტიანობაზე. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ქალაქის თავ ლიბანიოსთან მიიყვანეს დაკითხვაზე. მტარვალებმა ვერც ცბიერი შეგონებებით და ვერც მუქარით ვერ გადადრიკეს წმიდა მოწამეები მაცხოვნებელი სარწმუნოებისგან, რის შემდეგაც სასტიკად აწამეს: ცხენზე გამობმულები ათრიეს, სხეულები რკინის კავებით დაუგლიჯეს, გახურებულ ქურაში ჩააგდეს. მაგრამ მარტვილებმა უფლის შეწევნით დაითმინეს ის, რისი დათმენაც ადამიანური ძალებით შეუძლებელია. ბოლოს ჯალათებმა მოწამეები ორმოში ჩაყარეს და ცოცხლად დამარხეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0