01:19 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
დოლისყანის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 7 ნოემბერი

© photo: Buba Kudava / FB
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (196)
52 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 7 ნოემბერს მოწამეთა: მარკიანეს და მარტვირის, ანასტასის, მართლი ტაბითას ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატ5ომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი 

წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი - იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებასაც აღასრულებდნენ - მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან დაბნეული სამწყსოსადმი.
მას შემდეგ, რაც ერეტიკოსებმა წმიდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მალულად მოკლეს, მისი კათედრა ადრიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვითა და პატივის აღთქმით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ წამებით ამოხდიდნენ სულს, მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ მათთვის სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: უფლის რჩეულები კვლავ ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხალხსაც მოუწოდებდნენ, მტკიცედ დაეცვათ ეკლესიის მამათა მიერ გადმოცემული სწავლების სიწმიდე. წმინდანებს სასიკვდილო სასჯელი გამოუტანეს. მოწამეებმა სიხარულით მიუპყრეს ქედი უსჯულოთა მახვილებს (+დაახლ. 355 წელს). მათი წმიდა ცხედრები მართლმორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას. მოგვიანებით, წმიდა მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის დროს, უფლის სათნომყოფელთა უხრწნელი ნაწილები მათ სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს, სადაც წმიდანების ლოცვით მრავალი საკვირველი კურნება აღესრულა.

წმიდა მოწამე ანასტასი

წმიდა მოწამე ანასტასი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას თავისი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. უღმერთოებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა. წმიდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.

მართალი ტაბითა

მართალი ტაბითა, როგორც „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს, ცხოვრობდა ლიდიაში.

მოულოდნელად ნეტარი მძიმედ დასნეულდა და მოკვდა. იმჟამად ლიდიაში პეტრე მოციქული ქადაგებდა. მართლმორწმუნეებმა ხალხი მიავლინეს წმინდა პეტრესთან დამათთან მისვლა  მდაბლად შესთხოვეს. როცა პეტრე მივიდა,  მოციქულთა თავმა ყველას გარეთ გასვლა უბრძანა, ცხედართან მუხლი მოიყარა, მხურვალედ ილოცა, შემდეგ კი გვამს მიუბრუნდა და თქვა: „ტაბითა, აღდეგ!“ მიცვალებულმა თვალები აახილა და პეტრეს დანახვაზე წამოჯდა. წმიდა მოციქულმა მოუწოდა შემოკრებილ ქრისტიანებს და „წარუდგინა იგი ცოცხალი“. ეს სასწაული მთელ ქალაქში გახმაურდა და მრავალმა ირწმუნა განკაცებული მაცხოვარი.

 

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (196)

მთავარი თემები