გრიგოლ ფერაძე: მართლმადიდებლობა ღირებულებაა – ამისთვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც

© National Archives of Georgiaგრიგოლ ფერაძე
გრიგოლ ფერაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
1930 წლის შობის დღეებში გრიგოლ ფერაძე მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მისულს ხილვა ჰქონდა, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს ლონდონის წმინდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა.

ხატია გიგოლაშვილი

„როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზედ, ის არ ჰგულისხმობს პირველ რიგში ტაძრებს, ან საქართველოს მზეს ან მთებსა და ველებს, არამედ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც ყველა ამათ ჰქმნის, სდარაჯობს, სულს უდგამს, ინახავს და იცავს“.

მამა გრიგოლ ფერაძე ერთ-ერთი იმ რჩეულთაგანია, გულს — გონებასთან, რწმენას — საქმესთან, პირადს — საზოგადოსთან რომ ამთლიანებენ. მისი სახელი საბჭოთა საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო, მაგრამ დღეს თითქმის აღარ დარჩა გამოცემა, მის შესახებ რომ არ მოეთხრო მკითხველისთვის. გრიგოლის პიროვნების სიდიადესა და უნიკალურობას აღიარებს ნებისმიერი – მორწმუნეცა და ათეისტიც, ქრისტიანიცა და სხვა აღმსარებლობის მიმდევარიც, ინტელექტუალიცა და უწიგნურიც.

თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა) მღვდლის რომანოზ ფერაძის ოჯახში დაიბადა. რომანოზს გორის საოსტატო სასწავლებელი ვაჟა-ფშაველასთან ერთად დაუმთავრებია. დედა — მარიამ სამადაშვილი  მოძღვრის ქალიშვილი იყო. მათი გვარი სამღვდელო ყოფილა. რომანოზი 1905 წელს გარდაიცვალა. ამ უწესიერესი და ქველმოქმედი ადამიანის ოჯახს ისე უჭირდა, რომ, როგორც მამა გრიგოლის დღიურებიდან ვიტყობთ, დასაკრძალი ფულიც კი არ ჰქონიათ.

© FB / Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი
Дом-музей Григола Перадзе - Sputnik საქართველო
გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი

1913 წელს გრიგოლმა თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, 5 წლის შემდეგ კი სასულიერო სემინარია. სემინარიის რექტორი იმჟამად კორნელი კეკელიძე იყო. გრიგოლი საუკეთესო იყო სემინარიის კურსდამთავრებულთა შორის. სემინარიის დასრულების შემდეგ, 1918 წელს სწავლა ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. ეს იყო უმძიმესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში. ორ ძმასთან ერთად გრიგოლ ფერაძე იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. საქართველოს ანექსიის შემდეგ მას დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ გრიგოლი კახეთში, სოფელ მანავში მასწავლებლად გაგზავნა. თავისუფალ დროს გრიგოლი, უსახსრობის გამო, ერთ სომეხს ედგა მოჯამაგირედ.

1921 წელს გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე გრიგოლი გარეკახეთის სამღვდელოების წარმომადგენელი იყო. იქვე მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა) და პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით მისი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრების საკითხი გადაწყდა.

გრიგოლი გერმანიაში, ბერლინის უნივერსტეტში თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, შემდეგ კი ბონის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა და ნაშრომისათვის, რომელიც საქართველოს მონასტრებს შეეხებოდა, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. ამასობაში საქართველოში კომუნისტური წყობა დამყარდა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსკენ გზა დაეკეტათ. მათ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებაც აღარ შეეძლოთ.

წმინდა გრიგოლის ხატი - Sputnik საქართველო
ქართველი, რომელიც წმინდანად შერაცხეს, ანუ „თეთრი ანგელოზის ძიებაში“

გრიგოლი ინგლისში გაემგზავრა და იქ სამეცნიერო მუშაობას შეუდგა. ეცნობოდა ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებსა და მასალებს. მალე იგი მიიწვიეს ბონში, რათა ლექციები წაეკითხა ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე, ერთი წლის შემდეგ კი ოქსფორდში შესთავაზეს ლექციების წაკითხვა ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხების შესახებ. უშუალოდ სამეცნიერო საქმიანობის გარდა გრიგოლი აქტიურად იყო ჩაბმული სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

1930 წლის შობის დღეებში გრიგოლ ფერაძე მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მისულს ხილვა ჰქონდა, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს ლონდონის წმინდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო შემდეგ გაგზავნეს პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმ. ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დაუღალავად იღწვოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის.  მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცემოდა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. მამა გრიგოლმა შეადგინა ქართული ეკლესიის წესი, რომლის თანახმადაც, ამ ტაძარში მხოლოდ ქართველ მღვდელმსახურებს უნდა ემსახურათ და აუცილებლად ქართულ ენაზე. ამ სამრევლოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი საქმე იყო, რადგან იგი ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენდა სამშობლოდან გადმოხვეწილი და სამშობლოს უიმედოდ მონატრებული ქართველობისთვის. როდესაც გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, საშობაო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე ყოველთვის პარიზში ჩადიოდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ გროგოლ ფერაძე მიიწვიეს პოლონეთში, ვარშავაში არსებული მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. მან უდიდესი შრომა გასწია სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების მოძიება–შესწავლის საქმეში. საბერძნეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკებში მან 162 ქართული ხელნაწერი აღმოაჩინა, პოლონეთის მართლმადიდებლურ მონასტრებში — ისტორიული, პალეოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები.

ომის დროს ფაშისტები სასტიკად ექცეოდნენ ხალხს, აწამებდნენ, ხოცავდნენ, განსაკუთრებით კი – პოლონელებსა და ებრაელებს. მამა გრიგოლი ასეთ ადამიანებს იფარებდა და ეხმარებოდა. ქუჩაში მკვდრებს აპატიოსნებდა. გესტაპომ იგი დააპატიმრა. სამწუხაროდ, გესტაპოს ხელში სწორედ ფაშისტებთან სამსახურში მყოფი ქართველების უშუალო „დამსახურებით“ ჩავარდა. მისი ბინის ხრეკის შემდეგ დაიკარგა ძვირფასი ქართული ხელნაწერები, გამოუქვეყნებელი ნაშრომები, პირადი დღიურები. გრიგოლს ბრალად ედებოდა დევნილი ებრაელების დახმარება და პოლონელ იატაკქვეშელებთან თანამშრომლობა.

გრიგოლ ფერაძე ჯერ პავიაკის ციხეში იყო, 1942 წელს კი ოსვენციმში გადაიყვანეს. მასთან ყოველგვარი კავშირი გაწყდა. ბანაკში პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი ასეთ ჩანაწერს აკეთებს: „1942 წლის 6 დეკემბერს 16 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, გრიგოლთან ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა მიუსაჯეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, სასჯელი საკუთარ თავზე აუღია და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში. მამა გრიგოლის მოწამებრივი აღსრულების შესახებ ერთ-ერთი და, ალბათ, ყველაზე სარწმუნო ვერსიით, იგი გაზის საკანში დაიღუპა — ნებაყოფლობით შევიდა მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად. ამის თაობაზე მიტროპოლიტ დიონისეს ბანაკიდან დაბრუნებულმა ყოფილმა პატიმარმა აუწყა, რომელმაც მიტროპოლიტს მამა გრიგოლის ჯვარიც გადასცა.

მომზადებულია ინტერნეტში არსებულ ღია წყაროებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0