02:36 04 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6919
  • 100 RUB4.2633
  • USD3.1048
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
4924 0 0

მართალია, სიყვარულის საზომი აპარატი ჯერ არ გამოუგონიათ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: თითოეულ ადამიანს თავისებურად უყვარს, თავისებურად გამოხატავს ან არ გამოხატავს ამ სიყვარულს, ზოგი ძალზე ემოციურია, სხვა – თავშეკავებული და ა.შ.

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების წარმომადგენლებს, ამ განსხვავებებთან ერთად, საერთო მახასიათებლებიც გააჩნიათ. ნახეთ, როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა და გაიგეთ მეტი თქვენი პარტნიორის შესახებ.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი

ვერძი ცეცხლოვანი, იმპულსური ნიშანია. შეუძლია ერთი ნახვით შეუყვარდეს. ამ თვისებას მთელი ცხოვრება არ კარგავს და ძლიერი გრძნობის განცდა ნებისმიერ ასაკში შეუძლია. ვერძის ვნება გზაზე ყველაფერს წალეკავს, მაგრამ თუ ერთფეროვნებას იგრძნობს, შეიძლება ისევე მალე ჩაქრეს, როგორც აღმოცენდა. მას აინტერესებს ყველაფერი ახალი, უჩვეულო, ეფექტური. მისი მოთხოვნები და ამბიციები დიდია. ვერ იტანს, როდესაც ვიღაც უცერემონიოდ იჭრება მის ცხოვრებაში და მის თავისუფლებას ზღუდავს.

კურო

კუროს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება სიყვარულის გარეშე. მისთვის სიყვარული იგივეა, რაც სუნთქვა. ეს გასაგებიცაა, მათ ხომ სიყვარულის პლანეტა - ვენერა მართავს. კუროს თაყვანისმცემლების რაოდენობას ხარისხი ურჩევნია და ეძებს ადამიანს, რომელთანაც მთელი ცხოვრება ჰარმონიაში გაატარებს. არის ძალზე ვნებიანი ნიშანი, მაგრამ, ვერძისგან განსხვავებით, იმპულსური არ არის. მასში გრძნობა თანდათან ვითარდება. და როცა შეუყვარდება, ვერაფერი აღუდგება წინ - ვერც კრიტიკა და ვერც დისკომფორტი.

ტყუპი

თუ გინდათ, ტყუპის გრძნობაში დარწმუნდეთ, მუდამ მის გვერდით უნდა იყოთ, უნდა შეახსენოთ, რომ მასთან ხართ. ეს ძალზე არაპროგნოზირებადი ნიშანია, რომელსაც თავისი ემოციების ამოცნობა თავადაც არ ძალუძს. რაც ყველაზე მეტად სძულს ტყუპს - ეს სკანდალები და ურთიერთობების გამორკვევაა. თუ ეს დაამძიმებს, საერთოდ დაივიწყებს ამ ადამიანს. ტყუპს რომ მოეწონოთ, უნდა იყოთ საინტერესო მოსაუბრე, ცოცხალი პიროვნება, მთავარი მისთვის გონებაა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაფერს მსუბუქად უყურებენ და სიყვარული გამონაკლისი არაა. ტყუპისთვის სიყვარული ხშირად თამაშია. ერთი კია - ტყუპის გვერდით არასდროს მოიწყენთ.

კირჩხიბი

კირჩხიბს არსებობა სიყვარულის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ეს ყველაზე მგრძნობიარე და ემოციურად დაუცველი ნიშანია. ის რომანტიკოსი, მეოცნებეა, რომელიც იდეალურ სიყვარულს ეძებს. როდესაც შეიყვარებს, არის ამ სიყვარულის ერთგული. მეორე მხრივ, თუ იმედი გაუცრუვდება, შესაძლოა, ტირანი და მესაკუთრე გახდეს. კირჩხიბისთვის ყველაზე ფასეულია სახლი და ოჯახი. შესაბამისად, თავი შეიძლება ყველაზე ბედნიერად ან უბედურად იგრძნოს იმის მიხედვით, თუ როგორ ახდენს თავის რეალიზებას ამ სფეროში. კირჩხიბი მთლიანად თავის პარტნიორს ემორჩილება. თუ ის უყვართ, მაშინ იდეალური ადამიანია. და პირიქით - თუ გულგრილობასა და სიცივეს გრძნობს, ძალზე მძიმე ადამიანი ხდება.

სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის>>

ლომი

ლომის ცხოვრებაში სიყვარულს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის რომანტიკული, სენტიმენტალურია, სურს, რომ აღმერთებდნენ და თაყვანს სცემდნენ. უყვარს ყვავილები, საჩუქრები, სასიყვარულო გზავნილები. და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ აზრს ითვალისწინებს, სიყვარულისთვის ყველაფრისთვის მზად არის. ლომი თავს მეფეს ადარებს და მოთხოვნებიც, შესაბამისად, მეფური აქვს. გოგონა-ლომები ცდილობენ „ფეხზე მყარად მდგარ მამაკაცებს“ გაჰყვნენ ცოლად, ხოლო ბიჭს თავისი მეორე ნახევრის პოვნა სურს, იმის, ვისთვისაც დაიბადა. წარმატების შემთხვევაში სიყვარული ლომისთვის დიდი ზეიმია. ის თავის სიყვარულს გააღმერთებს.

ქალწული

ქალწულები ორბუნებოვანი, წინააღმდეგობრივი, ცივი და ამავდროულად, შთამბეჭდავი არიან. ვნებას ქალწული სულის ავადმყოფობად აღიქვამს, რომელიც გონებამ აუცილებლად უნდა განკურნოს. ის აანალიზებს თავის გრძნობებს, ცდილობს, დაამარცხოს ეს „ავადმყოფობა“ გონების მეშვეობით, ეჭვებით, ამ დროს ის საყვარელ ადამიანს ყველანაირ ნაკლს მიაწერს. ხანდახან ასეთი მეთოდებით სასურველს აღწევს - იმედგაცრუებას, ხანდახან კი ადამიანს უფრო მეტად ეჩვევა, ვიდრე ჰგონია. ქალწული ენაწყლიანი არ არის, არ დაიწყებს სიყვარულის ფიცის დადებას. ის საქმით მეტს დაამტკიცებს, ვიდრე სიტყვით. ის ძალზე მომთხოვნი ნიშანია. ქალწულს სურს ურთიერთობები, სადაც აქცენტი კეთდება პატიოსნებაზე, სიწმინდეზე და მიჩვევაზე და თუ ამას არ იღებს, მარტოობას ამჯობინებს.

სასწორი

სასწორის ძირითადი თვისებაა ადამიანებთან ურთიერთობების უნარი. მათ, ჩვეულებრივ, ერთი ნახვით არ უყვარდებათ. არიან ნაზი და სენტიმენტალური. სასწორებს დიდხანს მარტო ყოფნა არ შეუძლიათ, მათ ურთიერთობები სჭირდებათ. თავი რომ სრულყოფილად იგრძნონ, სხვა ნიშნებთან შედარებით პარტნიორული კავშირები ესაჭიროებათ. ეს არ არის „დამპყრობელი“ ნიშანი, მათ ურჩევნიათ, რომ ისინი აირჩიონ; წინააღმდეგ შემთხვევაში ბედნიერების საძებნელად სხვაგან გაეშურებიან.

მორიელი

მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი უძლიერესი ნიშანია, გააჩნია დაუოკებელი ენერგია. აქედან მომდინარეობს მისი სწრაფვა მწვავე შეგრძნებების, უკიდურესობებისადმი, მათ შორის - სიყვარულში. მორიელი ძალზე ვნებიანია, მისი სიყვარული ძლიერია და თავის გზაზე ყველაფრის წალეკვა შეუძლია. ის არ დაუშვებს მარცხს და დასახული მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევს. მისი მთავარი ნაკლია ეჭვიანობა. მაშინაც კი ეჭვიანობს, როცა ამის არანაირი საბაბი არა აქვს. მესაკუთრე მორიელს სურს, რომ ერთადერთი იყოს თავისი შეყვარებულისთვის. მორიელს არ უყვარს გრძნობების სახალხოდ გამომჟღავნება.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი უფრო მეტად შინაბერებისა და ბერბიჭების ნიშანია, სხვა ნიშნებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად უყვარს ქორწინება და კისერზე უღლის დადგმა. მამაკაცები ნამდვილი დონ-ჟუანები არიან, ქალები - ქარაფშუტები. მათთვის სიყვარული სპორტია, თავგადასავალი. სიყვარულისადმი ასეთი დამოკიდებულება შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეს ძალზე დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე ნიშანია. როდესაც მშვილდოსანს უყვარს, არ ფიქრობს, რომ რაღაც კონტრაქტისმაგვარს აწერს ხელს. მას ურჩევნია დარჩეს იმ პარტნიორთან, რომელსაც არა აქვს მესაკუთრის აშკარად გამოხატული თვისებები. მას ასევე თრგუნავს სკანდალები და ვერ იტანს ურთიერთობების გამორკვევას.

თხის რქა

თხის რქა, რომელიც გონებას ემოციებსა და ინსტიქტებზე მბრძანებლად მიიჩნევს, ხანდახან თავისივე გაბმულ ხაფანგში ებმება. თხის რქა სიყვარულის გრძნობას დაკარგვის შიშით ეწინააღმდეგება. მაგრამ სიყვარული მის გულსაც იპყრობს და მაშინ თხის რქა სხვა ამაზე არანაკლებ რთულ ამოცანას ისახავს - არ აჩვენოს თავისი ემოციები; ირგებს ყინულივით გულგრილის ნიღაბს, რომლის უკან ვერავინ შენიშნავს ძლიერ მტანჯველ ვნებას, რომელიც ითრგუნება. თუ თხის რქა ვერ მოძებნის კომპრომისს ემოციურ და გონებრივ სფეროებს შორის, ეს შეიძლება დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს. თხის რქამ ნახევარი ცხოვრება შეიძლება უსიყვარულოდ გაატაროს, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად გაიხსნას და დამორჩილდეს იმას, რასაც მთელი ცხოვრება უარყოფდა და ებრძოდა. ძირითადად ისინი კონსერვატული შეხედულებების ადამიანები არიან, სურთ ისეთი მეგზურის პოვნა, რომელსაც შეიძლება ენდო. ვერ იტანენ თავქარიან ადამიანებს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

მერწყული

მერწყული მგრძნობიარე ნიშანია. მას თავისი სიყვარულის ობიექტის გაიდეალების მიდრეკილება აქვს, უყვარს მისთვის იდუმალი და ხანდახან მისტიკური სახის მიცემა. ამის გამო ხშირად რჩება იმედგაცრუებული, რაც აიძულებს, სიყვარულზე უარი თქვას მეგობრობის გამო. მერწყულის სიყვარული მსუბუქი და სასიამოვნოა, რაღაცით ტყუპის გრძნობას ჰგავს, მაგრამ საერთოდ არ გვაგონებს მორიელის დაუოკებელ ვნებას. ვნება შეიძლება მერწყულსაც მოედოს, მაგრამ ის მის გულს არ დაანგრევს. დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა მას კიდევ უფრო დააშორებს სიყვარულის ობიექტს, განსაკუთრებით, თუ ეს ობიექტი მომთხოვნი გახდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის აუტანელია ურთიერთობები, როდესაც მას გისოსებში სვამენ, თუნდაც ეს ოქროს გისოსები იყოს.

თევზები

თევზების გული იდუმალია, მასში სხვადასხვა გრძნობა და ემოციაა გადაჯაჭვული. ამის მიხედვით თევზები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყვნენ. დიაპაზონი კი დიდია: დონ-ჟუანიდან მდუმარე ტანჯულ მსხვერპლამდე. გოგონები იცვლებიან რომანტიკული, საბედისწერო, მისტიკურიდან ერთგულ, ნაზ, ერთი მამაკაცის მოსიყვარულეებამდე. არიან ისეთებიც, რომლებსაც „შორით ბნედა, შორით კვდომა“ შეუძლიათ, როდესაც მათი გრძნობების შესახებ არავინ იცის. ამ მგრძნობიარე გულში ყოველთვის მოიპოვება ადგილი ამაღლებული ემოციებისთვის.

მთავარი თემები