04:04 14 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
34730

ადამიანებს სიყვარულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ ჰქონდათ, მსოფლიო ისტორიის ნებისმიერ პერიოდში ჩანს.

სიყვარულით სავსე გმირები ქმნიდნენ და ცვლიდნენ ისტორიას და სწორედ ასეთი ისტორიული გმირი იყო ერთი უბრალო მღვდელი, წმინდა ვალენტინი, რომლის პატივსაცემადაც მსოფლიო ყოველ 14 თებერვალს სიყვარულის დღეს აღნიშნავს.

14 თებერვალი გათენდა. საქმე არაფერი მქონდა და გვიანობამდე მეძინა, მაგრამ როცა გავიღვიძე, დავხედე ტელეფონს და გამახსენდა! შეყვარებულის ხუთმა გამოტოვებულმა ზარმა ყველაფერი გამახსენა. დღეს ხომ ვალენტინობაა! მე კიდევ საჩუქარიც არ ამირჩევია. იწვის ალბათ წმინდა ვალენტინი ჩემი ცოდვით ამ დღეში რომ ჩამაგდო, დაეჯერებინა იმ იმპერატორისთვის და არც იმას მოჭრიდნენ თავს და არც მე ვიქნებოდი ახლა ასე. სასწრაფოდ წამოვხტი, დარჩენილი ფული გადავთვალე და ახლა ვფიქრობ, როგორ დავგეგმო დღე, ნეტავ რამდენი დამეხარჯება?

შეკითხვა – თუ რა თანხა დაჯდება ვალენტინობის დღე, ბევრს აწუხებს. 14 თებერვლის წინა დღეებში ისეთი შეკითხვა, როგორიცაა „გვეშველება რამე?“ უკანა პლანზე გადადის და მთავარ ადგილს იკავებს კითხვები: „რა გაუხარდება?“ ან „იაფად როგორ გამოვძვრე?“  

მართალია, „ვალენტინობის“ დღე ბევრის ჯიბეზე საგრძნობლად აისახება, თუმცა ეს არაფერია. ქართველებისთვის ხომ სიყვარულია გრძნობა, რომლის გარეშეც „მზე არ სუფევს ცის კამარაზე“. ამიტომ ამოიგდეთ თავიდან უაზრო ფიქრები და საჩუქრის მთელი გულით შერჩევას შეუდექით, თუ ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ.

და, მაინც, რა ღირს ვალენტინობა საქართველოში?

არავის არ უნდა თავისი საჩუქარი ბანალური ყვავილებითა და შოკოლადით შემოიფარგლოს, ამიტომაც ვალენტინობის დღე არის დღე, როდესაც ახალგაზრდების კრეატივი მაქსიმუმს აღწევს. ყველაზე მეტს ქართველი შეყვარებულები ალბათ მაინც საჩუქრებზე ხარჯავენ. ჩემი მეგობრების მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, საშუალოდ ქართველი ახალგაზრდა ვალენტინობის საჩუქრისთვის 200 ლარს ხარჯავს. ძირითადად ყიდულობენ ტრადიციულ სასიყვარულო ბარათებს, კონცერტის, თეატრის ან კინოს ბილეთებს, სამკაულებს, ან საჩუქრის ბიუჯეტურ ვარიანტზე აჩერებენ არჩევანს და უბრალოდ ყვავილებს ან გულის ფორმის შოკოლადებს ჩუქნიან მიჯნურს.

ამავე დროს, უმეტეს შემთხვევაში ერთი საჩუქრით ყველაფერი არ მთავრდება. ვალენტინობის დღესასწაულის აღნიშვნას წყვილები სადმე მყუდრო ბარში, რესტორანში ან კაფეში აგრძელებენ, რაშიც კიდევ სულ ცოტა 200 ლარი ეხარჯებათ.

წლის ამ პერიოდში აქტიურად იწყებს სხვადასხვა ბიზნესი თავისი სერვისის რეკლამირებას, იწყება აქციები, ფასდაკლებები. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ისე ჩანს, თითქოსდა წმინდა ვალენტინის დღე არის დღესასწაული, რომელიც შეყვარებულ წყვილებზე უფრო მეტად ბიზნესს უხარია.

თუმცა ეს მოსაზრება ვერ იქნება იმის მიზეზი, რომ ვალენტინობის დღე არ აღნიშნოთ და თქვენს მეორე ნახევარს გული ატკინოთ. გიყვარდეთ და დაასაჩუქრეთ ერთმანეთი, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ თქვენი გრძნობების საქციელით გამოხატვა, იყავით გამორჩეულები და კრეატიულები. უბრალოდ, ძვირიანი საჩუქარი, ჩემი აზრით, უაზრო „მარიაჟობაა“ და მეტი არაფერი...

მთავარი თემები