09:57 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (69)
61010

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ „Sputnik–საქართველო“ საბერძნეთში მცხოვრებ ქალბატონს ნესი რობაქიძეს გაგაცნობთ.

აქტიური ბუნებისა და პოზიტიური ენერგიის წყალობით უცხო ქვეყანაში ადაპტაცია არ გასჭირვებია. დღეს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, უკვე ბევრი იცნობს.

უყვარს ხელოვნება და ათენში ასომატონის ხელოვნების სკოლა-აკადემია დაამთავრა. არის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანების დამფუძნებელი. მისი ინიციატივით ათენში ბევრი საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომელთა წყალობით არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მისი თაოსნობით ათენში სხვადასხვა სახის ქართულ-ბერძნული კულტურული ღონისძიებები იმართება.

ნესი რობაქიძე
ნესი რობაქიძე

- ნესი, როგორ დამკვიდრდით უცხო ქვეყანაში, რა გზა გაიარეთ?

- მე უკვე 12 წელია აქ ვცხოვრობ. უცხოეთში დამკვიდრება ყველა ქართველისთვის რთულია და გამონაკლისი არც მე ვიყავი. ეს პროცესი ჩემთვისაც რთული იყო, მაგრამ მოვხვდი კარგ გარემოში, აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. ვთანამშრომლობდი და სხვადასხვა დიასპორულ არასამთავრობო ორგანიზაციებში აქტიურად ვიყავი ჩართული. მათთან დღემდე ვთანამშრომლობ. ყველაზე თბილად 2011 წელს „ქართულ გაზეთთან“ ურთიერთობა მახსენდება. მახსოვს ქალბატონი ნინო ბაჯელიძე, ვინც ქართული გაზეთისთვის მასალებს აგროვებდა. როცა მასთან დავიწყე თანამშრომლობა, „კრიკუნის“ როლიც მოვირგე. მერე იყო ჟურნალი „ემიგრანტი ქალი“ და გაზეთი „ელადა“. პარალელურად არც სწავლა-განათლებაზე ფიქრი დამვიწყებია. ათენის ასომატონის ხელოვნების სკოლაში ფოტოგრაფია, თიხაზე, ხეზე, მეტალსა და კერამიკაზე მუშაობა შევისწავლე. დღეს სახლში ვხატავ და ვაკეთებ დეკორატიულ ნივთებს, რომლებსაც საქველმოქმედო აქციებზე ვყიდი.

ნესი რობაქიძე
ნესი რობაქიძე

- თურმე ბევრი საქველმოქმედო ღონისძიების ინიციატორი ხართ...

- დიახ, როცა მწერენ, რომ ვინმეს დახმარება სჭირდება, თავს არ ვზოგავ, გვერდით მიდგას ისეთი ადამიანები, ვისთან ერთადაც ბევრი გადაგვირჩენია. 2018 წელს, როცა საბერძნეთში დიდი ხანძარი იყო, ჩემი გუნდით ზაფხულში ორი თვე, ყოველდღე მოხალისედ დავდიოდი, რათა ხანძრით დაზარალებულებს დავხმარებოდით. ადრე „მეცამეტე თვის პოეტების“ წიგნის წინასწარი შესყიდვის აქცია მოვაწყვეთ. ეს ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მხარდაჭერით მოხდა, რის შემდეგაც გარკვეული თანხა შეგროვდა და დაიბეჭდა წიგნი, რომელმაც ბევრი მკითხველი გაახარა. 2016 წლის დეკემბერში ჩემი ინიციატივით მოვიწვიეთ ბათუმელი პოეტები აჩი ბერიძე, როი აბუსელიძე, გენრი დოლიძე, გიორგი გაბაიძე. მათი ლექსების კრებულის „აბგდ“ წარდგენაც „კავკასიაში“ გაიმართა – საოცარი საღამო იყო.

ნესი რობაქიძე
ნესი რობაქიძე

- გასულ წელს საკუთარი თავით თუ იყავით კმაყოფილი?

- 2019 წელი ჩემთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. ძალიან ბევრი ბავშვისთვის გავმართე აქცია. ისინი სახელებით მახსოვს: კლარკი, ანიტა, გაბრიელი, ხატია, ალექსანდრა, იოანე, მერიკო... არ მინდა რომელიმე მათგანი გამომრჩეს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თქვენი საშუალებით საბერძნეთში მცხოვრებ ათენის ემიგრანტებს მადლობა გადავუხადო. ჩემი ყველა საქველმოქმედო აქცია ასე კეთილად სწორედ მათი დახმარებით მთავრდება.

ნესი რობაქიძე
ნესი რობაქიძე

- ძალიან გახმაურებული იყო აქცია, რომელიც გიორგი კალიაევის გადასარჩენად ჩატარდა...

- გიორგი კალიაევი, ანუ კლარკი – ფოტოხელოვანია, რომელიც საბერძნეთში გაიზარდა. ახლა 22 წლისაა და საქართველოში ცხოვრობს. თბილისში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. გიორგის ლეიკემია აღმოაჩნდა და მის გადასარჩენად აქციები გასულ წელს, თებერვლიდან დავიწყე. დავდიოდი ყუთით ხელში ქუჩებში და სხვადასხვა ღონისძიებაზე. ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ ზამთრის ერთ სუსხიან დღეს „ფეისბუქ“-გვერდზე გაჩნდა სიტყვები: „გადამარჩინე მეგობრის გადარჩენით“, რომელიც მაშინვე აიტაცეს. იმ დროს მეც ცოტა რთული პერიოდი მქონდა და საკუთარ ნაჭუჭში ვიყავი გამომწყვდეული. ამ პოსტს ყურადღება მივაქციე, თუმცა ძალა არ მყოფნიდა, რომ სხვებს ავყოლოდი. ცოტა ხნის მერე ჩემმა მეგობარმა მელანომ მომწერა, შენი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება, რომ გიორგი გადავარჩინოთო.

ნესი რობაქიძე
ნესი რობაქიძე

- ანუ ამ ამბავმა თქვენც გამოგიყვანათ მდგომარეობიდან?

- ასე გამოდის... რამდენიმე დღე პასიურად ვაკვირდებოდი ბავშვებს, რომლებიც სუსხსა და ქარში გადიოდნენ გარეთ და გიორგისთვის დახმარებას ითხოვდნენ. უცებ ჩემში რაღაც მოხდა. ერთ დილით გავიღვიძე და ლოკოკინასავით გამოვძვერი საკუთარი ნიჟარიდან, საკუთარი ფეხები და თავი ვაიძულე, რომ ქუჩაში გავსულიყავი და იმ დღიდან მათი დიდი ოჯახის წევრი გავხდი. ხელში ავიღე ყუთი, ათენის ქუჩებში სიარული და თანხის აგროვება დავიწყე. გზადაგზა მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და გვერდში დამიდგნენ. გიოს სოცოცხლის გადარჩენაში ათენში არსებულმა თითქმის ყველა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. ათენის მთავარ მოედანზე კლარკის გადასარჩენად გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მე დახლთან ვიდექი და სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს ვყიდიდი. ასე ერთად დგომით გიოც გადავარჩინეთ და ჩვენც გადავრჩით...

ნესი რობაქიძე
ნესი რობაქიძე

- ბოლო დროს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს შესწავლა დაიწყეთ...

- სამზარეულოში ყოფნა ძალიან მიყვარს, ეს ის ადგილია, სადაც უფრო ნათლად  ვგრძნობ, რომ ქალი ვარ. რაღაც დაფარული ხომ ყველა ადამიანს აქვს. ჰოდა, მზარეულობა ჩემი დაფარული ინსტიქტია. მე ხორცს არ ვჭამ, ვეგეტარიანელი ვარ. მეგობრები მეუბნებიან, რომ გემრიელი ხელი მაქვს და ჩემი მომზადებული კერძები მოსწონთ. მინდა ყველა ქვეყნის სამზარეულო კარგად ვიცოდე. ქართულიდან განსაკუთრებით აჭარული და სვანური სამზარეულო მიყვარს. ბერძნულიდან მიყვარს კერძი სახელად "გემისტა", რომელსაც საქართველოში „საზაფხულო ტოლმას“ ეძახიან. ოღონდ ეს კერძი ჩემი მომზადებული მიყვარს – იმ ინგრედიენტებით, როგორც სასწავლებელში მასწავლეს.

ქართულ-ბერძნული საზოგადეობის წევრები უცხოელებთან ერთად
ქართულ-ბერძნული საზოგადეობის წევრები უცხოელებთან ერთად

- საქართველოსთან კავშირი გაქვთ, ანუ სამშობლოში ხშირად ჩამოდიხართ?

- 12 წლის მერე სამშობლოში უკვე ოთხჯერ ვიყავი. ამდენი წლის მერე პირველად 2019 წლის სექტემბერში ჩამოვედი. საბერძნეთში ნებისმიერ გარემოში, სადაც ვხვდები ხოლმე, ყოველთვის საქართველოზე ვსაუბრობ. ჩემს რამდენიმე უცხოელ მეგობარს ქართულის სწავლაც დავაწყებინე. მიხარია და მეამაყება, რომ საბერძნეთში მყოფ ქართველებთან ერთად ჩემი ქვეყნის კეთილი სახელის დამკვიდრებაში თითო აგურს მეც ვდებ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მსოფლიოში არსებობს უძველესი ისტორიის მქონე სამოთხესავით ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია და ის ჩემი სამშობლოა… 

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (69)

მთავარი თემები