02:57 26 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0349
  • 100 RUB4.1725
  • USD2.6822
როგორ დახვდნენ ბექა ფიფიას მეგობრები აეროპორტში

მე, შენ, ჩვენ - დიდი ძალა ვართ: ბექა ფიფიამ ლეიკემია დაამარცხა

© Sputnik / Shota Nozadze
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
შოთა ნოზაძე
187550

ბექა ფიფია, რომელიც 9 თვის მანძილზე ისრაელში, შიბას კლინიკაში მკურნალობდა, მშობლებთან ერთად დღეს დაბრუნდა საქართველოში

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. 8 წლის ბექა ფიფია, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, უკვე საქართველოშია. მან დაავადებას ქიმიოთერაპიის ხუთი კურსის გავლის შემდეგ სძლია. დაავადების რეციდივის პრევენციის მიზნით, თებერვალში ბექა პირველ შემოწმებას კვლავ ისრაელის კლინიკაში გაივლის.

ბევრმა იცის პატარა ბექა ფიფიას ისტორია - ბიჭის, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ბექა აპრილის შუა რიცხვებიდან ლეიკემიას ებრძოდა. მშობლებმა შეიტყვეს თუ არა დაავადების შესახებ, მაშინვე დაიწყეს კლინიკის ძებნა, რომელიც ბავშვის მკურნალობას შეძლებდა. მათი არჩევანი შეჩერდა ისრაელის „შიბას“ სამედიცინო ცენტრზე. მკურნალობისთვის საჭირო იყო ოჯახისთვის უზარმაზარი თანხა — 350 ათასი დოლარი. მაშინ მშობლებმა დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართეს და Facebook-ში შექმნეს გვერდი ბექასთვის\4Beka.

მწერლებმა, ბიზნესმენებმა, მუსიკოსებმა, მასწავლებლებმა, თანაკლასელებმა და ყველამ, ვინც ეს ისტორია გულთან მიიტანა, ბექას ანგარიშზე თანხები ჩარიცხეს.

ბექას უფროსმა ძმამ — 17 წლის რატიმ დაწერა ნოველა „მოხდენილი ნახტომი“, რომელიც წიგნად გამოსცა და თავის პატარა ძმას მიუძღვნა.

„ეს ნოველა ერთი წლის წინ დავწერე. უბრალოდ ჩემთვის დავწერე. ალბათ როგორც ბევრმა თქვენგანმა, როდესაც ჩემზე ოდნავ უფროსები ან უმცროსები იყავით. ერთ ძალიან ცუდ დღეს ჩემი ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემი ძმა ლეიკემიით არის ავად და მას ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვართ ჩვენ, ჩემი ოჯახი, მე, ჩემი მშობლები, ძმები, და ჩვენი ბექა“, — გვიამბო საკუთარი განცდების შესახებ რატიმ.

ბექას უფროსი ძმის წიგნის გაყიდვის სარეკლამო აქციას შეუერთდნენ ქართველი მსახიობები, მომღერლები, მწერლები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები: დათო ტურაშვილი, ნინო სუხიშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები. მოკლე ვიდეორგოლებში ისინი მოუწოდებენ მკითხველებს წიგნის შეძენას და ბექას დახმარებას.

მუსიკალური ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ფარგლებში იდგა კარავი, სადაც შესაძლებელი იყო რატის წიგნის შეძენა. საქველმოქმედო კონცერტები პარკებსა და საკონცერტო დარბაზებში თბილისის გარდა ფოთსა და ზუგდიდში ტარდებოდა.

ბექას კლასელები და ბრიტანული საერთაშორისო სკოლა Buckswood-ის თბილისის ფილიალის სხვა მოსწავლეებიც არ დარჩნენ გულგრილი. ბავშვები უქმეებზე მანქანებს რეცხავდნენ და გამომუშავებულ თანხებს პატარა მეგობრის ფონდში რიცხავდნენ. ბექას ირგვლივ Buckswood-ის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობები გაერთიანდნენ. „მხოლოდ ქართულის“ ფინალისტმა საბა კემულარიამ კი ფონდში 5 000 ლარი გადარიცხა.

მთავარი თემები