22:48 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ფესტივალზე პოლონეთში

პოლონეთში შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალზე ქართველმა გაიმარჯვა

photo: courtesy of Nugzar-Petre Chiaberashvili
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
42740

პოლონეთიდან ახალი ამბავი გვაცნობეს - შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალზე „პრო ომნიბუს", რომელიც ქალაქ ჩიხოჩინეკში გაიმართა, ქართველმა თორნიკე ტურაბელიძემ მეორე ადგილი დაიკავა.

ჩვენ ვესაუბრეთ „განსაკუთრებული ჟურნალის“ დამაარსებელს და არაერთი პროექტის ავტორს ნუგზარ ჭიაბერაშვილს, რომელიც თორნიკეს პოლონეთში ახლდა.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი
ნუგზარ ჭიაბერაშვილი

– ბატონო ნუგზარ, გილოცავთ ამ წარმატებას, რომელიც, გარკვეულწილად, ალბათ თქვენიცაა…

— ვულოცავ საქართველოს, თორნიკეს და საკუთარ თავსაც, რადგან თორნიკეს გამარჯვება ჩემი გამარჯვებაცაა. ვამაყობ ამ გამარჯვებით – თორნიკე მეორე ადგილზე გავიდა. საკმაოდ რთული იყო გამარჯვება კონკურსში, რომელშიც 130-ზე მეტი მონაწილე იყო. თორნიკეს ჯგუფში 28 ადამიანი იყო. მან ცნობილი სიმღერა "ახ ტურფავ, ტურფავ" შეასრულა. გალა-კონცერტი და დაჯილდოება კვირას შედგა. თორნიკე ძალიან ნიჭიერი ადამიანია, სულ ხუთი ძმანი არიან, ის ტყუპისცალია და ეტლში ზის. ჩემ ჟურნალში მუშაობს კორესპონდენტად. ჩვენ გავიმარჯვეთ შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალზე „პრო ომნიბუს", რომელიც ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია ევროპასა და მსოფლიოში. ის უკვე 22 წელს ითვლის და უმაღლესი ხარისხის ევროპული ბრენდია. თორნიკე შარშან უკრაინაში წავიყვანეთ და იქ გამართულ სიმღერის კონკურსზე პირველი ადგილი დაიმსახურა.

– არ გკითხავთ რატომ გახდა ასეთი ჟურნალის დაარსების საჭიროება, ეს გასაგებია, მოგვიყევით მისი სახელით გაკეთებულ საქმეებზე.

— შშმ პირებისთვის დაარსებული ეს ჟურნალი 2014 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოდის. როდესაც ილია ჭავჭავაძის გაზეთი „ივერია“ ხელმეორედ გამოვეცი, იქ შშმ პირები დავასაქმე. მაშინ პრეზენტაციაზე ვთქვი, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, არსებობს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. „არაჩვეულებრივი ჟურნალი“ შშმ პირთა უფლებების თემებს აშუქებს. ყველა, ვინც კი ჩვენთან მუშაობს, შშმ პირია. ბევრი მათგანის ოცნება იყო, რომ ჟურნალისტი ყოფილიყო და ცნობად ადამიანებს შეხვედროდა. ამიტომ ამ ადამიანებს ოცნება ავუსრულეთ. ყველა მათგანს კონკრეტული დავალება აქვს, რასაც სიამოვნებით ართმევენ თავს. ამავე სახელწოდების საზოგადოებრივი ორგანიზაციაც არის, ამიტომ ჟურნალის სრული სახელია სოციალური საწარმო „განსაკუთრებული ჟურნალი“. ისინი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ ჩემ მიერ 10-12 წლის წინ შერჩეული კოლეგები ზუსტად ამირჩევია. ეს მართლაც განსაკუთრებული ჟურნალია და მისი ეგიდით არაერთი საინტერესო და საჭირო პროექტი განხორციელდა.

თორნიკე ტურაბელიძე
თორნიკე ტურაბელიძე

– ჟურნალისტობის გარდა ეს ადამიანები სხვადასხვა პროექტებშიც მონაწილეობენ?

— დიახ, გარდა ჟურნალისტობისა ეს ადამიანები საზოგადოებრივი საქმიანობითაც არიან დატვირთული და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მათი სურვილები ავასრულოთ. მაგალითად, ერთხელ მათ სურვილი გამოთქვეს, რომ წასულიყვნენ ღამის კლუბში, სადაც არასოდეს ყოფილან და იქ მოხვედრა ძალიან აინტერესებდათ. ჩვენ ეს სურვილი ავუსრულეთ და ერთ ღამის კლუბში ავიყვანეთ, რომელიც შარდენზე მდებარეობს. იქ მისვლა მათთვის სრული შოკი იყო. ელექტრონული მუსიკა, კოქტეილები – ეს ყველაფერი პირველად ნახეს. სურვილი ჰქონდათ, რომ ბოულინგი ეთამაშათ და ამის საშუალებაც მიეცათ. მერე სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერასაც დავასწარით. იმ კონკურსში გამარჯვებული გახდა ერთ-ერთი ჩვენი წევრი, რომელმაც თევზჭერის ფედერაციის ისტორიაში ყველაზე დიდი თევზი დაიჭირა. ამ ამბით თავად ფედერაციის წევრებიც გაოცებული იყვნენ.

შშმ პირების კონკურსზე თევზჭერაში
შშმ პირების კონკურსზე თევზჭერაში

– გამოდის, რომ თქვენი ჟურნალი ოქროს თევზივით უსრულებს ამ ადამიანებს სურვილებს…

— ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ… მათ შეუძლიათ კარგად სიმღერა, რაც თორნიკემ უკვე დაამტკიცა. ამ ხალხში უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალია. ოქტომბრის თვეში საქართველოში სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების პირველ ფესტივალს ვაწყობთ. მასში  ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებს ველოდებით. ამგვარი ღონისძიებები მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც საქართველო შშმ პირების ინტეგრაციის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა.

შშმ პირთა შეჯიბრებაზე
შშმ პირთა შეჯიბრებაზე

– ვფიქრობ, ბოლო წლებში მათ მიმართ დამოკიდებულება ჩვენში შეიცვალა, თუმცა გამონაკლისებიც იქნება…

— ისინი სიბრალულის ობიექტები არ არიან. ესენი არიან სულიერად ძლიერი ადამიანები, უბრალოდ, მათ გააჩნიათ გარკვეული დისკომფორტი, მაგალითად, ზოგს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ყრუ-მუნჯებს საუბრის პრობლემა აქვთ. თუმცა ისინი მაინც ახერხებენ კომუნიკაციას დანარჩენ სამყაროსთან.

– იქნებ საზოგადოებამ მათთან ურთიერთობის ფორმა უნდა შეცვალოს?

— ამაშია საქმე. მე, მაგალითად, არ ვიცი ბრაილის შრიფტით კითხვა და ამ დროს მართლა მინდა მისი სწავლა, იმიტომ რომ როცა ხელში ჩამივარდება ბრაილის შრიფტით დაწერილი, მე ეს არ მეცოდინება. მინდა ასევე ვისწავლო ყრუ-მუნჯების ენაც, მინიმალურ დონეზე მაინც, იმიტომ რომ ერთი ერთზე რომ დამჭირდეს მათთან კომუნიკაცია, ძალიან გამიჭირდება. რატომ არ გვინდა, რომ მეორე მხარესაც გავიხედოთ? ყოველთვის მათ ვეუბნებით, ჩვენთან მოდიო! არა, ბატონო, ეს ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი ენა, იმიტომ რომ მათ ჩვენი ისედაც ესმით… ეს ადამიანები ყოველთვის არიან მოტივირებული იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ითანამშრომლონ, მაქსიმალურად ადაპტირებული იყვნენ და ყველას დაუმტკიცონ, რომ გარიყულები და უუნაროები არ არიან…

მთავარი თემები