ვოვა ასტრონომი და კუდიანი ვარსკვლავები, ანუ „გამოდით, უნდა დაგთვალოთ“!

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliპლანეტების ფოტოები
პლანეტების ფოტოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამწუხაროდ ყველაფერს ვეჩვევით ქართველები და მერე, ამ შეჩვეულს ვაუბრალოებთ ხოლმე. დღეს უკვე ჩვეულებრივად მიგვაჩნია ის ამბავიც, რომ აბასთუმანში ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სამთო-ასტროფიზიკური ობსერვატორია გვაქვს, რომელიც 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორმა, ევგენი ხარაძემ დააარსა.

შესაძლოა, ამ ობსერვატორიის ისტორია ბევრმა არ იცის და უმრავლესობა იქ ნამყოფი არც იყოს. ამ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ ეს მასალა დროში და დღევანდელ ობსერვატორიაში პატარა მოგზაურობაა, რომლის დროსაც მთავარი გიდი, ადგილობრივი ახალგაზრდა ასტრონომი, მეცნიერ-თანამშრომელი ვოვა აივაზიანია.

ბუნებრივია, ამ ვიზიტისთვის ღამე უნდა შეარჩიოთ, როცა ტელესკოპიდან ვარსკვლავებისა და პლანეტების ნახვის შესაძლებლობაა. ობსერვატორია ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და იქამდე მხოლოდ ავტომობილით თუ ახვალთ, რადგან საბაგირო ამ დროს უკვე არ მუშაობს.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliექსკურსია აბასთუმნის ობსერვატორიაში
ექსკურსია აბასთუმნის ობსერვატორიაში - Sputnik საქართველო
ექსკურსია აბასთუმნის ობსერვატორიაში

მთავარი აქცენტი ობსერვატორიაში ტელესკოპებზე მოდის. ერთი მათგანი, ყველაზე დიდი, იმდენად შთამბეჭდავია, რომ თავს ფენტეზის ჟანრის რომელიღაც ფილმის გმირად იგრძნობთ… სიტყვამ მოიტანა და, კარლ ცეისის ფირმის 40 სმ-იანი ტელესკოპი 1934 წელს დაიდგა და იმავე წელს, აბასთუმნის ობსერვატორია წყნარი ოკეანის ასტროფიზიკური ასოციაციის წევრად აირჩიეს.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliაბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომელი, მათემატიკოს-ასტრონომი ვოვა აივაზიანი
აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომელი, მათემატიკოს-ასტრონომი ვოვა აივაზიანი - Sputnik საქართველო
აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომელი, მათემატიკოს-ასტრონომი ვოვა აივაზიანი

ობსერვატორიის შესასვლელში მორჩილი ტანის ვოვა-ასტრონომი გვეგებება და იმ ღამის მანძილზე, ვინ იცის, მერამდენედ ემზადება თითქმის გაზეპირებული ტექსტის მოსათხრობად. თავიდანვე გავარკვიეთ, რომ ვოვა აბასთუმნის ობსერვატორიაში 2008 წლიდან მუშაობს, პროფესიით მათემატიკოს-ასტრონომია და თავის დროზე ამ სპეციალობას ახალციხის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა.

— ტურისტებთანაც ვმუშაობ, მაგრამ ძირითადი სამსახურიც მაქვს. აქ კი ყველა ასტრონომი თითო კვირა მორიგეობს. ვინც აქ მუშაობს, ის ასტრონომები უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliაბასთუმნის ობსერვატორია
აბასთუმნის ობსერვატორია - Sputnik საქართველო
აბასთუმნის ობსერვატორია

ჩვენს ჯგუფში მოხვედრილმა, ოდნავ შეზარხოშებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა, ყურებამდე ჩახეული პირით და რიხით გამოაცხადა: გამოდით, უნდა დაგთვალოთო! —ამ რეპლიკის ადრესატი, არც მეტი, არც ნაკლები, გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავები აღმოჩნდა. თუმცა (ალბათ სუფრიდან გამოყოლილ) მის ამგვარ პათოსს ვოვა ასტრონომმა ცივი წყალი გადაასხა, გვაცნობა რა, რომ ამ ღამით მზის სისტემის პლანეტები დიდად „არ გვწყალობდნენ“ და ტელესკოპში მხოლოდ სატურნის ნახვის საშუალება მოგვეცემოდა. აქვე „დაგვამშვიდა“, რომ ეს პლანეტა ყველაზე საინტერესო სანახავიაო, რაშიც მოგვიანებით, თავადაც დავრწმუნდით.

სამყაროში ყველაფერი რომ ხედვის რაკურსსა და განწყობაზეა დამოკიდებული, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა ჩვენი ჯგუფის ერთმა ასაკოვანმა წევრმა, ლამის საშინაო „ფოსტლებით“ (სავარაუდოდ ახლობლების ხათრით) წამოსულმა ქალბატონმა, სატურნი აბაზანის ეკონომ-ნათურას მიამსგავსა, რის გამოც ვოვა ასტრონომის საყვედურით სავსე და ლამის შეურაცხყოფილი მზერა დაიმსახურა…

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliერთ-ერთი ტელესკოპის პატარა ასლი
ერთ-ერთი ტელესკოპის პატარა ასლი - Sputnik საქართველო
ერთ-ერთი ტელესკოპის პატარა ასლი

სატურნი კი, თავისი სარტყელიანად ტელესკოპის მეშვეობით უფრო ახლოდან მოჩანდა და ჩვენს თვალწინ ლამაზად და კაშკაშით „პოზირებდა“… ისე, აქვე გავიხსენოთ, რომ ტელესკოპში ჩვენს მიერ დანახული სატურნის რგოლების სისქე პირველად, სწორედ ქართველმა ასტონომმა, როლან კილაძემ 1961 წელს გაზომა, რაც 14 წლის შემდეგ, ფრანგმა მეცნიერებმა დაადასტურეს. ამას გარდა1974 წელს მზის დისკოზე პლანეტა მერკურის გავლის დაკვირვების შედეგად, ბატონმა როლანმა შეძლო პლანეტა მერკურზე ატმოსფეროს არსებობის ნიშნებიც დაედგინა. 1975 წელს კი მანვე, გედის თანავარსკვლავედში ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა.

მოგვიანებით ქართველების მიერ აღმოჩენილ ვარსკვლავებს გალაქტიკაში მიემატა პირველი ზეახალი ვარსკვლავი NGC 3389, რომელიც ასტრონომმა ჭურაძემ შეამჩნია. ასე რომ, ქართველებს მარტო ვარსკვლავებიანი ცის ყურება და ოცნება როდის შეგვიძლია….

ობსერვატორიაში სატურნის და ვარსკვლავების გარდა კიდევ ბევრი რამაა სანახავი: ევგენი ხარაძის სამუშაო კაბინეტი,  ტელესკოპების მინიატურული ასლები, უნიკალური საარქივო ფოტო და დოკუმენტური მასალა და მეტეორიტის ნამსხვრევი, რომელიც იმდენად (უმწეოდ) მცირე ზომისაა, რომ მისი ყურებისას დედამიწაზე ამ ნამსხვრევის ჩაქროლვის საშიშროება (ამ გადასახედიდან) ირონიულ ღიმილს იწვევს…

ჩვენს კითხვაზე, რატომ არ გვყავს საქართველოში ამ სფეროს ბევრი და წარმატებული სპეციალისტი, ვოვა ასტრონომმა გულწრფელი დანანებით გვიპასუხა: რთულია ჩვენი სპეციალობა, რადგან ასტრონომს ღამე უწევს მუშაობა, დილით — იძინებენ და ასეთ რეჟიმს ყველა ვერ უძლებსო…

როგორც იცით, ამ ქვეყნად ყველაფერს გაუდის ყავლი და გამონაკლისი ალბათ არც ობსერვატორიის ტელესკოპია, ამიტომ ვოვას მის შესაძლებლობებზეც ვკითხეთ. მისი პასუხი მოკლე  და საქმიანი იყო:

— ბოლო წლებში ჩვენი ტელესკოპები დაძველდა და რამდენიმე დაგვიზიანდაო, ერთ-ერთს მართვის პულტი გაუფუჭდა და ახლის შეძენა 200 ათასი ევრო ჯდება…

— ამ ფასად სატურნის ვიყიდი თავის რგოლებიანადო — ხმამაღლა დაასკვნა  ნაქეიფარმა დამთვალიერებელმა.

ხუმრობა იქით იყოს და, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, დასანანია, რომ ასეთი უნიკალური ტელესკოპის განახლების შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამ საბაბით ალბათ ადვილი ასახსნელია ის ფაქტიც, რომ ამ პროფესიას ჩვენს ქვეყანაში ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი არ ეუფლება და ვერც გაამტყუნებთ…

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliმეტეორის პატარა ნამსხვრევი
მეტეორის პატარა ნამსხვრევი - Sputnik საქართველო
მეტეორის პატარა ნამსხვრევი

რახან სიტყვამ მოიტანა, შეგახსენებთ, რომ აღმოჩენილ ვარსკვლავებს შორის 1942 წელს ქართველი ასტრონომის, გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილი მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტაა“, რომელთა სახელებია: „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. სხვათაშორის, ამ აღმოჩენის გამო წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე გიორგი თევზაძე „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა.

ქართული ბუნების რომანტიული ხასიათიდან გამომდინარე, ასტრონომს  ისიც ვკითხეთ, რამდენად მართალი იყო გავრცელებული მითი იმის თაობაზე, რომ ვარსკვლავის ჩამოვარდნის დროს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდებოდა.

როგორც გავიგეთ, სულ ამაოდ დავმშვრალვართ, როცა ყოველ ჯერზე ჩვენი სანუკვარი სურვილი კოსმოსში გაგვიშვია, რადგან მისი განმარტებით —ვარსკვლავები არ ცვივა, ესენი მეტეორებია, რომელთა ვარდნის დროს, ერთადერთი ადექვატური სურვილი, რომელსაც ჩავიფიქრებთ — ისევ დედამიწის გადარჩენა იქნება…

და ბოლოს, შეგახსენებთ, სულ ახლახან, რომ გვეგონა, გალაქტიკაში ჩვენი მსგავსი პლანეტა არ არისო, NASA-ს მეცნიერებმა დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის დაშორებით დედამიწის მსგავსი 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. შორეული ვარსკვლავები კი თავისთვის არიან და მოთმინებით ელიან თავის აღმომჩენ ქართველებს, მანამდე კი ქართველმა პროდიუსერმა, არჩილ მენაღარიშვილმა მთვარეზე, კრატერ კალამედასთან 1770 აკრი მიწა შეიძინა. მერე რაა, რომ მიწის შეძენა სიმბოლურად მოხდა, მთავარია, რომ ასეთი პრეცედენტი არსებობს და ის ქართველთანაა დაკავშირებული…

 

ყველა ახალი ამბავი
0