ჭადრაკი უფრო საინტერესოა თუ ტორტი უფრო გემრიელია?

CC BY 2.0 / Flickr/ Raelene Gutierrez / Chess cake!ჭადრაკის ფორმის ტორტი
ჭადრაკის ფორმის ტორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ გინდათ მთელ მსოფლიოსთან ერთად ღირსეულად აღნიშნოთ საერთაშორისო დღესასწაული, მეგობრებს ტორტით ხელში ეწვიეთ ჭადრაკის სათამაშოდ!

სათაურიდან გამომდინარე, ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა ნუ შეგაშფოთებთ, არც ეჟენ იონესკუს აბსურდის სამყაროში ვიმყოფებით. საერთოდაც, ეს ფრაზა მე არ მეკუთვნის: შორეულ 1973 წელს სერბულ (მაშინდელი იუგოსლავია) ქალაქ ნოვი სადში დიდი საჭადრაკო ტურნირი ტარდებოდა, ბოლო ტურის წინ იუგოსლავი დიდოსტატი სვეტოზარ გლიგორიჩი ნახევარი ქულით ასწრებდა საბჭოთა კავშირის წარმომადგენელ მიხეილ ტალს.

მოხდა ისე, რომ სწორედ იმ დღეს გლიგორიჩი 50 წლის გახდა და ვიღაცამ ულამაზესი ტორტი გამოუგზავნა. თურმე, ტკბილეულის მოყვარულ იუგოსლავ მოჭადრაკეს ტორტის დანახვაზე ამქვეყნად ყველაფერი ავიწყდებოდა. ტალი საჭადრაკო წრეებში ცნობილი იყო თავისი უცნაური ხუმრობებით, ეს ტორტიც მისი „შემოქმედება“ ყოფილა. გლიგორიჩი ძალიან მალე ყაიმზე შეუთანხმდა მოწინააღმდეგეს და კულისებს მიაშურა. ცოტა ხანში ჟურნალისტებიც მიყვნენ და რას ხედავენ — იუგოსლავ დიდოსტატს ტორტის მოზრდილი ნაჭერი გადმოუღია ლამბაქზე და სახეზე ნეტარი ღიმილი დასთამაშებს. ერთი ჟურნალისტი გაკვირვებული ეკითხება: კი, მაგრამ, არ გაინტერესებთ ტალი რას იზამს?! ამაზე გლიგორიჩს მშვიდად უპასუხია – ჭადრაკი უდავოდ ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამ წუთში ეს ტორტი უფრო გემრიელიაო. ტალმა თავისი პარტია მოიგო და იმ ტურნირის გამარჯვებულის დაფნის გვირგვინიც მას ერგო. თუმცა, განაწყენებული არც გლიგორიჩი დარჩენილა.

სათაურთან დაკავშირებული ცნობისმოყვარეობა ბოლომდე რომ დავაკმაყოფილო, ახლა იმასაც მოგახსენებთ, რატომ ვახსენე ეს ორი სრულიად სხვადასხვა პოლუსზე მყოფი პროდუქტი ერთ კონტექსტში. საქმე ისაა, რომ დღეს, 20 ივლისს ერთდროულად ორი დღესასწაულია. აღინიშნება ჭადრაკის დღე და ამავდროულად ტორტის დღე. დავით გურამიშვილის მცნებას — „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი“ – თუ მივყვებით, ალბათ ჭადრაკით უნდა დავიწყოთ (თუმცა, არ ვიცი, რატომ გავიყვანე „მწარეთა“ კატეგორიაში).

თეა ლანჩავა - Sputnik საქართველო
მსოფლიოსა და ჰოლანდიის ჩემპიონი ჭადრაკში - თეა ლანჩავას ქართული სიზმრები

ჭადრაკის სამშობლოდ ინდოეთი ითვლება. ვინმე სინმა V თუ VI საუკუნეში გამოიგონა და სახელად ჩატურანგა უწოდა. შემდეგ ის სპარსეთშიც გავრცელდა უკვე ჩატრანგის სახელწოდებით. მალე სპარსეთში არაბები გამოჩნდნენ და მათ ახალ თამაშს შატრანჯი უწოდეს. არაბებმა მაშინ ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთიც კი დაიპყრეს. არაბების მიერ შეტანილმა შატრანჯმა ყველგან მოიკიდა ფეხი. XI საუკუნეში თამაშს ევროპაც გაეცნო და სათანადო გავრცელებაც ჰპოვა. XI-XII საუკუნეებში ჭადრაკმა ევროპაში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ იგი შეტანილი იყო რაინდული აღზრდის პროგრამაში. ჭადრაკი მოხსენიებულია მრავალ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროსა და ძეგლშიც. პირველად მოხსენიებულია ბასილი დიდის თხზულებაში „ექუსთა დღეთა“, რომელიც XI საუკუნის საეკლესიო მოღაწემ გიორგი ათონელმა გადმოაქართულა. სავარაუდოა, რომ ჭადრაკი ჩვენში ან ინდოელი ვაჭრების, ან სპარსელების შემოტანილია. ყოველ შემთხვევაში, იგი საქართველოში არაბთა მოსვლამდე იყო ცნობილი. თანდათან ჭადრაკმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველთა ცხოვრებაში, იმდენად საპატიო, რომ ქალს მზითვად გენიალურ „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ. ალბათ ამიტომაც ქართველი ქალი მოჭადრაკეები მიღწევებით დიდად აღემატებიან მამაკაცებს, ამის დასტურად მარტო ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის სახელებიც კმარა.

20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღედ 1966 წელს გამოაცხადა ფიდემ (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) და მას შემდეგ რეგულარულად აღინიშნება. სავარაუდოდ, ფიდეს შტაბ-ბინაში ეს დღე 20 ივლისის მეორე იუბილარის გარეშე არ ჩაივლის. თუმცა ტორტის დღესასწაულის (International Cake Day) იდეა არა მოჭადრაკეებს, არამედ სიყვარულის სამეფოს „მილანურ კლუბს“ ეკუთვნის, რომლის წევრებიც არიან მუსიკოსები, კულინარები და, ზოგადად, ხელოვნებით გატაცებული ადამიანები. დღესასწაული შედარებით ახალგაზრდაა, პირველად 2011 წლის 20 ივლისს გამოცხვა „მრავალნაციონალური“ და მშვიდობის მეგზური ტორტი. საინტერესოა, რომ ამ ინიციატივის სათავეებთან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიხსენიება. დღეს დღესასწაულის აღმნიშვნელ საორგანიზაციო კომიტეტში უკვე მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებს ვხვდებით და მალე ალბათ სრულიად სამყაროს ყოველწლიურ ტკბილ ტრადიციად იქცევა.

არ ვიცი, გავეცი პასუხი თუ არა სათაურში დასმულ რიტორიკულ შეკითხვას, მაგრამ მე ამ ორი დღესასწაულის შეთავსების პრობლემა ნამდვილად არ მაქვს – გემრიელი ტორტი არანაირად არ უშლის ხელს ჭადრაკის საინტერესო პარტიას…

ყველა ახალი ამბავი
0