ნიჭიერი გოგონა ბავშვობაში ნონა გაფრინდაშვილმა აღმოაჩინა. დღეს თეა ლანჩავა ჭადრაკში გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონი ორჯერ იყო და საერთაშორისო დიდოსტატისა წოდებასაც ფლობს.
90-იან წლებში საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადავიდა. არის ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური ნაკრების წევრი და ქალთა შორის ჰოლანდიის ჩემპიონიც. მსოფლიოს ჩემპიონი ტიტული ორჯერ, 1992 და1994 წლებში მოიპოვა. 2007 წელს მან სხვა სფეროში და ასევე წარმატებულად გადაინაცვლა. დაამთავრა ჰოლანდიის საბანკო და ფინანსური ბაზრის ფაკულტეტი, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი KLM-ის ფონდის მენეჯერი იყო. აღნიშნული ფონდი დაახლოებით 7 მილიარდი ევროს ფასეულობის აქციების მქონე ორგანიზაციაა. ასე რომ დღეს იგი „საჭადრაკო სვლებს“ ცხოვრებაში ახორციელებს, ანუ ფირმაში, სადაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ინვესტიციების გადაწყვეტილებების ფინანსური მრჩეველია. ყოველთვის როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა, ინვესტიციებით დაინტერესებულ პირებს პირველ რიგში საქართველოში შესაძლებლობებზე ესაუბრება…
–ქალბატონო თეა, ქართველებს ჭადრაკის სფეროში წარმატებული ქალები დიდი ხანია, აღარ გვიკვირს. თქვენს შემთხვევაშიც ჭადრაკი ბავშვობაში შეისწავლეთ და გაგიმართლათ, რადგან თქვენზე მეურვეობა თვით ნონა გაფრინდაშვილმა აიღო…
– იმ დროს ქუთაისში ვცხოვრობდით. ხუთი წლის ვიყავი, როცა ვუყურებდი დედა და მამა როგორ თამაშობდნენ ჭადრაკს და ასე შევისწავლე. მერე მშობლებმა ქუთაისის საჭადრაკო კლუბში მიმიყვანეს. ერთ-ერთი სეანსის დროს ნონა გაფრინდაშვილმა მომაქცია ყურადღება. მაშინ 12 წლის ვიყავი. მან მიშუამდგომლა და ერთი წლის მერე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, თანაც ოთხოთახიანი ბინა მოგვცეს და ქალბატონმა ნონამ ჭადრაკში ჩემი მომზადებაც საკუთარ თავზე აიღო.
-წარმატებული მოჭადრაკე გოგონა ჰოლანდიაში როგორ აღმოჩნდა?
–კარგად იცით, როცა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართულ სპორტსაც რთული პერიოდი დაუდგა.1988 და1990 წელს 14 და16 წლიან გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონი გავხდი.1992-94 წლები კი ჩემი მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის მოპოვების შემდეგი წლებია. ამ პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება უფრო გართულდა, რასაც ჩემი პირადი პრობლემებიც დაერთო. რის გამოც ტურნირებზე ვერ გამოვდიოდი, ამიტომ ყველაფერმა ერთად უცხოეთში გამგზავრება გადამაწყვეტინა. დასაწყისში გერმანიაში გავემგზავრე, შემდეგ ჩემმა ჰოლანდიელმა შეყვარებულმა ჩამომაკითხა და ასე გავემგზავრეთ ჰოლანდიაში, სადაც მალევე ვიქორწინეთ კიდეც.
- ჰოლანდიის სახელით ასპარეზობა როდის დაიწყეთ?
— ჰოლანდიის სახელით ასპარეზობა 1996 წლიდან დავიწყე და ოსტატის წოდებაც მალე მომანიჭეს. საერთაშორისო ოსტატის წოდება მამაკაცებშიც მოვიპოვე. 2007 წელს ტურნირებში ასპარეზობა შევწყვიტე, მაგრამ როგორც მოხალისე, წელიწადში ორ ტურნირზე მაინც გამოვდივარ.
- თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად რა მიგაჩნიათ?
— ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ გამარჯვებად ევროპის ვიცე-ჩემპიონობას ვთვლი. ჩემპიონიც შემეძლო გავმხდარიყავი, მაგრამ ბრძოლა ბოლო ტურში შევწყვიტე, რადგან ქართველს ვხვდებოდი… ეს კი ჰოლანდიაში ჩემი ცხოვრების დროს ყოველთვის მტკივნეული მომენტი იყო. გადაწყვეტილი მქონდა, იმ ტურნირის შემდეგ პროფესიონალურ ჭადრაკს თავს დავანებებდი.
– ჭადრაკი — ცხოვრებისეული თამაშია და მაინტერესებს, მისი ცოდნა ცხოვრებას თუ გიადვილებთ?
— იცით? ჭადრაკმა ის მასწავლა, რომ ცხოვრებაში გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. არის უამრავი შესაძლებლობა, ამიტომ გამარჯვებას სურვილის შემთხვევაში ყოველთვის მიაღწევ. ოც წელზე მეტია, რაც ჰოლანდიაში ვცხოვრობ, ჩემი დედმამიშვილები ნიუ-იორკში არიან და მათთან ჩასვლას ყოველ წელს ვახერხებ. სამწუხაროდ საქართველოში ხშირად ჩამოსასვლელად ყოველთვის ცოტა დრო მაქვს, თუმცა ყველა სიზმარში საქართველოში ვარ… შეუდარებელი გრძნობაა, როცა სხვა ქვეყანაში ყოფნის მერე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ეშვება… ყოველთვის, როცა შესაძლებლობა მეძლევა და ინვესტიციებით დაინტერესებულ ადამიანებს ვხვდები, მათ პირველ რიგში საქართველოში შესაძლებლობებზე ვესაუბრები. არასოდეს გამოვრიცხავ, რომ ოდესმე სამშობლოში დავბრუნდები, მაგრამ ამისთვის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელსაყრელ დროსა და შემოთავაზებას ველოდები. მინდა, საქართველოს რაიმეში გამოვადგე…