მიხეილ რომის მოსწავლე ქართველი რეჟისორი – „სინემა“ და იძულებითი ემიგრაცია ფინეთში

© პირადი არქივიკინორეჟისორი ლიანა ელიავა
კინორეჟისორი ლიანა ელიავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიანა ელიავა – ნიჭიერი ქართველი რეჟისორი, რომელმაც ისეთი გახმაურებული ფილმები გადაიღო, როგორებიცაა „ბზიანეთი“, „სინემა“, „ფერმა მთაში“, „მშვენიერი კოსტიუმი“, „ეპისკოპოსი ნადირობაზე“... რეჟისორი, რომლის ფილმებს უცხოეთის საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატება ხვდა წილად, იძულებული გახდა ჯერ კინოდან, მოგვიანებით კი ქვეყნიდანაც წასულიყო.

დღეს ის ფინეთში ცხოვრობს, სადაც სულ ახლახან მისი განვლილი ცხოვრების შესახებ წიგნი „ჩემი სკანდინავია“ გამოიცა.

ქალბატონი ლიანა თბილისში ყოფნის დროს ჩავწერეთ.
– რატომღაც მსახიობებისა და კინორეჟისორების უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ამ სფეროში შემთხვევით მოხვდნენ, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო საქმე?

— დამიჯერებთ, რომ გითხრათ, მეც შემთხვევით მოვხვდი–მეთქი? ქუჩაში მივდიოდი, როცა ერთმა რეჟისორმა გამაჩერა და მკითხა, ფილმში გადაღება თუ მინდოდა. მე მსახიობობაზე ცხოვრებაში მართლა არ მიოცნებია, მაგრამ გადასაღებ მოედანზე რომ მივედი, ისე მოვიხიბლე იქ არსებული სიტუაციით, რომ მსახიობობა არა, მაგრამ რეჟისორობა კი ნამდვილად გადავწყვიტე. სკოლა ოქროს მედალზე, უნივერსიტეტი კი წითელ დიპლომზე დავამთავრე. როცა რეჟისორობა დავაპირე, მაშინ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. კინოს სიყვარულით დავთანხმდი, რომ ყველაზე დაბალ, მესამე კატეგორიაზე, ანუ რეჟისორის თანაშემწედ მემუშავა. მახსოვს, ერთხელ არნოლდ ჩიქობავას გავექეცი გადასაღებ მოედანზე. მას უნდოდა, რომ მე არჩეულ პროფესიას გავყოლოდი… რეჟისორის თანაშემწედ სამუშაოდ რომ მივედი, გამოვაცხადე, რომ „ვგიკში“ ჩაბარებისთვის სტაჟი იყო საჭირო და რეკომენდაცია მჭირდებოდა. მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი კინო-ცხოვრება…

– „ვგიკში“ ლეგენდარულ მიხეილ რომთან მოხვდით…

— დიახ, ჩემი ფილმი „ბზიანეთი“ მიხეილ რომმა საკურსო და სადიპლომო ნამუშევრად ჩამითვალა. საოცარი ადამიანი იყო, უყვარდა ნიჭიერი სტუდენტები და მათ ხელს ყველანაირად უწყობდა. სხვათა შორის, ჩემ ფილმზე „ბზიანეთი“ ელდარ რიაზანოვმა არაჩვეულებრივი რეცენზია დაწერა, ის აღფრთოვანებული იყო. მიუხედავად ამისა, სარეჟისორო მოედანზე ქართველი კონკურენტები ჩემს ნამუშევარს არ უშვებდნენ. ერთხელ მითხრეს, რომ ფილმისთვის ტიტრები ხუთ ენაზე გამეკეთებინა, მაგრამ მერე გავიგე, რომ ფესტივალზე სხვა ქართული ფილმი გაგზავნეს. ხომ იცით, ჩვენთან როგორც ხდება ხოლმე…

© კადრი ფილმიდანკადრი ფილმიდან მშვენიერი კოსტიუმი
კადრი ფილმიდან მშვენიერი კოსტიუმი - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან მშვენიერი კოსტიუმი

– თქვენი ფილმი „სინემას“ ბედიც უჩვეულოდ წარიმართა, რა მოხდა მასთან დაკავშირებით?

— ამ ფილმის სცენარი, რომელიც ლევან ჭელიძეს ეკუთვნის, რეზო ჩხეიძემ რამდენიმე რეჟისორს შესთავაზა, მაგრამ არავინ აიღო. მახსოვს, ერთი მათგანი ლელა გორდელაძე იყო. მე მომეწონა ის, რადგან მასში საინტერესო მარცვალი იყო იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა კინო და ეს ფაქტი რეტრო ფილმის გადაღების საშუალებას იძლეოდა. მე მომწონს რეტრო, მაგრამ ფილმისთვის სცენარის, რომელსაც „სოსიკო“ ერქვა, გადაკეთება მომიწია. სცენარის მიხედვით გამოდიოდა, რომ სამყაროში კინო ქართველის გამოგონილია. არადა ყველამ იცის, რომ კინო საფრანგეთში ძმებმა ლუმიერებმა გამოიგონეს და ეს ზღაპარი ვის სჭირდებოდა?! როცა სცენარისტმა ჩემი ფილმი ნახა, დიდი დავიდარაბა ატეხა. ეს იყო თელავის ფესტივალზე, სადაც ფილმი რვა ქართულ ფილმს შორის არ დაუშვეს. აი, მერე კი სასწაული მოხდა!..

– ვენეციის კინოფესტივალზე მის წარმატებას გულისხმობთ?

— დიახ, საქმე ისაა, რომ მოსკოვში ვენეციის ფესტივალის ორგანიზატორები – კინორეჟისორი და თეორეტიკოსი კარლო ლიზანი და მწერალი ალბერტო მორავია ჩამოვიდნენ. წინა წლებში ჩავარდნა იყო და მათ ამ ფესტივალის აღდგენა უნდოდათ. ამ მიზნით ისინი ორგანიზატორების რანგში სხვადასხვა ქვეყანაში ჩადიოდნენ და თავად არჩევდნენ ფილმებს. 200 საბჭოთა ფილმს შორის მათ 20 შეარჩიეს და მათ შორის ჩემი „სინემაც“ მოხვდა. ამ ფილმებს შორის იყო ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, ნიკიტა მიხალკოვის „ხუთი საღამო“, ანდრეი კონჩალოვსკის „სიბირიადა“ და სხვ. სანამ ამ ფილმს ფესტივალზე გაიტანდნენ, მე დამიკავშირდა იტალიელი ჟურნალისტი კარლო ბენეტი, რათა ჩემგან ამ თემაზე ინტერვიუ აეღო. ჟურნალისტი გაოცებული დარჩა, როცა გაიგო, რომ ამ ფაქტის შესახებ არაფერი ვიცოდი. შერჩეულ საბჭოთა ფილმებს შორის ჩემიც რომ იყო, ეს ამბავი სწორედ მისგან შევიტყვე. როდესაც ფესტივალი დამთავრდა, მოსკოვის კინოცენტრში ვიკითხე, რა გამოხმაურება მოჰყვა ფილმს–მეთქი და იქ მიპასუხეს, რომ ჩვენებამ უკვალოდ ჩაიარაო. მე გამახსენდა იტალიელი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი ტელეფონის ნომერი დამიტოვა და მას დავუკავშირდი. კარლოს გაუხარდა ჩემი ზარი და მითხრა, რომ მთელი საქაღალდე აქვს გაზეთების, სადაც ამ ფილმზე აღფრთოვანებული რეცენზიები წერია.

– იქნებ რამდენიმე მათგანი გავაცნოთ მკითხველს…

— დიახ, მოგვიანებით ბაჩანა ბრეგვაძეს ვთხოვე, რომ ისინი ეთარგმნა. რამდენიმე მათგანი ზეპირად მახსოვს. იყო ასეთი შეფასება: „ქართველი რეჟისორის ფილმი „სინემა“ პოეზიით სავსე ფილმია“. რომის კინოცენტრის დირექტორი წერდა: „ეს ფილმი სხვა ფილმებს არწივივით დასტრიალებს თავზე“. იყო ასეთი შეფასებაც: „ფილმი „სინემა“ სარეველა ბალახით წალეკილ მინდორზე კეთილშობილი ყვავილივითაა“. აქ „მინდორში“ ვენეციის ფესტივალი იგულისხმეს. იმ წელს ვენეციის ფესტივალზე პრიზები არ გაიცემოდა და, ამდენად, ამგვარი შეფასება მართლაც დიდი წარმატება იყო. ამის შემდეგ ფილმი კონკურსგარეშე აჩვენეს მელბურნის ფესტივალზე, საიდანაც დიპლომი ჩამომივიდა.

– ქალბატონო ლიანა, პრინციპში, გასაგებია, მაგრამ მაინც გკითხავთ: ასე ადრე რატომ შეწყვიტეთ რეჟისორობა?

— პირდაპირ გეტყვით: საქართველოში ფილმების გადაღების საშუალებას არ მაძლევდნენ. მე სხვადასხვა ინსტანციებში სიარული და, შეიძლება ითქვას, ამისთვის ბრძოლაც მიწევდა. ძალიან ბევრი სცენარი მქონდა, ისინი თბილისისა და მოსკოვის სამხატვრო საბჭოშიც მქონდა მიტანილი, მაგრამ ისეთი პირობები შემიქმნეს, რომ ფილმები ვეღარ გადავიღე. ასეთი სიტუაციის გამო რეჟისორობა მართლაც ადრე, 40 წლის ასაკში შევწყვიტე. იმ დროს, როცა ეს ასაკი რეჟისორისთვის გაფურჩქვნის ასაკად ითვლება… ახლა ისიც კი მემუქრება, რომ, შესაძლოა, ჩემი ფილმები საერთოდ განადგურდეს. საქმე ისაა, რომ ძველი ფილმები ციფრულზე გადადის. ჩემი ფილმები კი ციფრულზე არავის გადაუყვანია…

© პირადი არქივიკადრი ფილმიდან სინემა
კადრი ფილმიდან სინემა - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან სინემა

 

– მაპატიეთ და, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, ეჭვი მეპარება, რომ არ გადააქვთ…

— ვიცი… ბოლო დროს არ მივსულვარ, იმიტომ რომ ასეთი რამის გამო ვინმესთან მისვლა და რაღაცის თხოვნა არ მიყვარს. თორემ ადრე ვიარე და ვიცი, რომ ჯერ არ არის გადაყვანილი. თუ ტელევიზიებში ჩნდება ეს ფილმები ეკრანზე, ეს იმის შედეგია, რომ ადრე ჩემი სახსრებით გადავიტანე ისინი ციფრულზე, მაგრამ კერძოდ გაკეთებული ისეთი ხარისხიანი არ არის… მე ჩემს რომანს იმით ვიწყებ, რომ ფრაიბურგის ფესტივალზე ჩემი ფილმი „ბზიანეთი“ მიიწვიეს და იმის გამო, რომ მისი ნორმალური ასლი არ მქონდა, ფილმი იქ ვერ წავიღე. სად არ დარეკეს, ფინეთში მეც დამიკავშირდნენ, საქართველოშიც საგანგებოდ ჩამოვედი და აღმოჩნდა, რომ ფილმის ნეგატივი დაკარგულია, ახალი ასლი კი დამზადებული არ არის.

– ქალბატონო ლიანა, დღეს ფინეთში ცხოვრობთ, რას საქმიანობთ იქ?

— ფინეთში ადგილობრივ უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს, სადაც საქართველოში მიმდინარე ამბებს განვიხილავ. ფილმის გადაღება იქ არც მიცდია და ამისთვის არსად მივსულვარ. პატარა ქვეყანაა, დიდი ბიუჯეტი არა აქვს, ამიტომ მეუხერხულა, რომ ფილმის გადაღების თხოვნით მივსულიყავი. მე ხომ ფინურ ფილმს ვერ გადავიღებ და ქართულს იქ ვინ გადამაღებინებს? სულ ახლახან დამიძახეს და მითხრეს, თქვენს „სინემას“ ვაჩვენებთო და გამიხარდა.

– საქართველოში ცხოვრებაზე არ ფიქრობთ?

— რა გითხრათ?.. ფინეთში ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს. მე ძალიან მძიმედ ვიყავი ავად, ურთულესი დაავადება ლიმფომა სამჯერ გადავიტანე. მკურნალობისთვის, შეიძლება ითქვას, კაპიკები დავხარჯე. ფინეთმა ისე მიმკურნალა და მიპატრონა, რომ გამოჯანმრთელების პრობლემა არ შემქმნია. იქ არ იციან განსხვავება ცნობილსა და უცნობ ადამიანს შორის, თავისიანსა და უცხოელს შორის, იქ ყველაზე ერთნაირად ზრუნავენ. სხვათა შორის, ჩემი რომანი იმ ავადმყოფობის დროს დავწერე. ისე, ფინეთში ლექსების წერაც დავიწყე. ეს ქვეყანა, გარკვეული გაგებით, უკვე ჩემიც გახდა…

ყველა ახალი ამბავი
0