13:31 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)
46 0 0

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნამ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის პირობას წარმოადგენს, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმში. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მონაწილეობისთვის საქართველოს 18 ივლისს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მხრიდან პარლამენტის ახალი ბოიკოტისა და 5 ივლისის შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. 

ლგბტ-თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი მარშის ჩაშლამ და 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებმა საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ამას დაემატა ევროკავშირის უკმაყოფილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის გამო, რაც დასავლეთიდან რეკომენდაციების მიუხედავად მოხდა. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ არ გამორიცხა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის გამო საქართველომ შეიძლება ევროკავშირის ფინანსური დახმარება დაკარგოს.

„სასამართლო რეფორმა არის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი ნაწილი და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის პირობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დამტკიცება არ ასახავს სრულად საერთაშორისო და შიდა მოთამაშეებთან კონსულტაციების შედეგებს... ეს ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა“, – განაცხადა მიშელმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატიდან ექვსს მხარი დაუჭირა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე – შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო რეფორმის გატარებამდე. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს. 

მოსამართლეების დანიშვნამ საერთაშორისო პარტნიორების – ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკა დაიმსახურა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დამტკიცებით, რაც 19 აპრილს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევაა.

ადრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირადად იკისრა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი და მისი ეგიდით 19 აპრილს ხელი მოეწერა შეთანხმებას ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ.

„დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რათა განგვეხილა საქართველოში ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება მთავარი გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშრებით, რომ შეთანხმებაზე ხელმომწერმა ყველა მხარემ საკუთარი ვალდებულებების შესრულების მზადყოფნა გამოხატა.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)

მთავარი თემები