09:35 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
83 0 0

ტრიბუნასთან მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები გარდაცვლილი ოპერატორის პორტრეტებით და მათსა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელუარის სიტყვის გამოსვლის დაწყებისთანავე ინციდენტი მოხდა და შესაძლოა მისი გამოსვლა გადაიდოს.

როგორც კი გომელაურმა თავისი გამოსვლა დაიწყო სამძიმრის სიტყვებით „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ტრიბუნასთან მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები გარდაცვლილი ოპერატორის პორტრეტებით და ტრიბუნის დაკავება სცადეს. მათსა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

„პროტესტის ფორმები და შინაარსი, რასაც ახლა ვხედავთ, არის ამორალური, როცა ხდება გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა, როდესაც აქვთ ამის მცდელობა პოლიტიკოსებს, როდესაც ამაში რთავენ მათ შორის რიგით ჟურნალისტებს... ვიდრე არ შეწყდება ამორალური ქმედება, მანამდე ალბათ უმჯობესი იქნება, არ დავიწყოთ  ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„ერთადერთი პასუხი, რომელიც საზოგადოებას სურს, რომ მოისმინოს გომელაურისგან და ერთადერთი განცხადება, რომელიც საზოგადოებას უნდა, რომ მოისმინოს თქვენგან ბატონო ვახტანგ, არის ის, რომ თქვენ გადადექით და გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც წაახალისა ძალადობა. რაც არ უნდა „აბრაგუნოთ“ და როგორ ველურებივით არ უნდა იქცეოდეთ, ახლა თქვენ ამხელთ თქვენს სახეს, რომ სწორედ იმ ველურების თანაგუნდელები ხართ, რომლებმაც მოკლეს ლექსო ლაშქარავა. მაინც ვერ გაგვაჩუმებთ. ვერ გააჩუმებთ მედიას, ვერ გააჩუმებთ ჟურნალისტებს“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს და ჟურნალისტებს მოხსნან ბანერები და ფოტოები, რათა სხდომა გაგრძელდეს.

„პოლიტიკური პროტესტი იყო? - იყო, ახლა გადადით სამუშაო რეჟიმზე ან მოგვიწევს სხდომის გაჩერება“, - მიმართა კუჭავამ ოპოზიციონერებს.

ოპოზიცია მოითხოვს სხდომის გაგრძელებას ბანერებით.

გიორგი ვაშაძის თქმით, დარბაზში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და მინისტრს არავინ არ უშლის სიტყვით გამოსვლაში.

მინისტრმა სხდომაზე უნდა ისაუბროს პოლიციის ქმედებებზე 5-6 ივლისს და შემდეგ დეპუტატების კითხვებზე უპასუხოს.

სხდომათა დარბაზში მიმდინარე მოვლენები ვითარდება ჟურნალისტების საპროტესტო აქციის ფონზე, რომლებიც პარლამენტში შესვლას მოითხოვენ.

დარბაზში ანშლაგია, თითქმის ყველა ადგილი შევსებულია. ოპოზიცია აპირებს დაუსვას მინისტრს კრიტიკული შეკითხვები შექმნილ სიტუაციასთან და განვლილი კვირის მოვლენებთან დაკავშირებით.

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო, სადაც 3,2 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმა, შსს-ს თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთეს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ამავე დროს გომელაურმა აღნიშნა, რომ თავდასხმა იყო ორგანიზებული და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებით.

ამ დროისთვის 5-6 ივლისის მოვლენებზე 25 ადამიანია დაკავებული.

მთავარი თემები