ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე განაცხადების შეტანის ვადა დღეს იწურება

© Sputnik / Alex Shlamovცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 30 ივნისის შემდეგ გახდა, როცა თამარ ჟვანიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ცესკოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე დოკუმენტების მიღების ვადა დღეს, საღამოს იწურება, ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა. ის საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს. ცესკოს კიდევ ერთი წევრის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა ან გაგზავნა შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ათონელის ქ. №25-ში, საკონკურსო კომისიაში, ან ელფოსტზე: info@president.gov.ge 6 ივლისის ჩათვლით. 
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა
კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.
ხოლო ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში რომელიმე პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შექმნილი სპეციალური კომისია მიღებული განაცხადებიდან შეარჩევს კანდიდატებს, რომლებიც პრეზიდენტმა პარლამენტს 15 ივლისამდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.
კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0