03:44 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიულ სიებში ყოველი მეორის ნაცვლად ქალი ყოველი მესამე იქნება.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. პარლამენტის შენობასთან საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება, რომელთა შორის ქალები ჭარბობდნენ, სუსტი სქესის წარმომადგენელთათვის კვოტების შემცირებამ გამოიწვია. როგორც საარჩევნო სისტემის რეფორმის გარდამავალ დებულებაშია ნათქვამი, 2028 წლამდე ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია იმგვარად უნდა შეადგინოს, რომ წარდგენილ სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად კი, სიაში ყოველი მეორის ნაცვლად, ქალი ყოველი მესამე უნდა იყოს.

პარტია „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მათთვის სრულიად მიუღებელია ეს ცვლილებები, რომელთა შეტანას საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტია გეგმავს.

„ეს არის უპრეცედენტო მაგალითი პარლამენტარიზმის ისტორიაში, როცა ჯერ არამოქმედებულ ნორმას აუქმებენ. ეს ეხება ქალთა კვოტირებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. როცა მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა პარტია ვალდებული იყო ყოველი მეორე ყოფილიყო განსხვავებული სქესის, ამ დიდი ბრძოლის შედეგს ერთი ხელის მოსმით უპირებს გაუქმებას „ქართული ოცნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

აქციის მონაწილეთა აღშფოთება ასევე გამოიწვია იმან, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები არავისთან არ შეუთანხმებია.

„დღეს, როცა იზრდება პროპორციული სია, მათ შეცვალეს ეს ქურდულად, მალულად და შეუთანხმებლად და სიურპრიზი გაგვიკეთეს ქალებს, არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ქალები თუნდაც 30 პროცენტით იყვნენ წარმოდგენილი თვითმმართველობებში. ამ კანონპროექტის მიღებას დიდი ბრძოლა უძღოდა წინ, ჩვენ ამას არ მოვითმენთ და მოჰყვება დიდი პროტესტი ყველა ჯგუფის მხრიდან“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბაია პატარაიამ.

საქართველოს პარლამენტი მუშაობს საარჩევნო რეფორმაზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

მთავარი თემები