17:36 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერებისთვის, ასევე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის, განაცხადეს დიპლომატებმა.

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა არ მოაწეროს ხელი აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად შესთავაზა.

შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ენმ-ში არ აპირებენ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას. არჩევნების შედეგების მიხედვით, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 33 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

„ძალიან ვწუხვართ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის“, - ნათქვამია შუამავლების განცხადებაში.

მათი თვალსაზრისით, ამ შეთანხმების ხელმოწერით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებდა მზადყოფნას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

ამავე დროს დიპლომატები მიესალმებიან ენმ-ის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის შესახებ.

„ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო შუამავლები ასევე აღნიშნავენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერებისთვის, ასევე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის.

მთავარი თემები