06:32 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

საქართველოს პარლამენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს. პროექტის პირველი მოსმენა 24 მაისს გაიმართება.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტს შესაფასებლად 17 მაისს გაუგზავნის, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადეს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა („მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“). პროექტი ინიცირებულია თებერვალში. ვენეციის კომისიამ ცვლილებების პროექტი უკვე შეაფასა და რამდენიმე ხარვეზი გამოავლინა.

„ვენეციის კომისიამ მოიწონა ეს პროექტი, ჰქონდა ერთი საკითხი, რომელიც ასევე არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი და შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას. არის კიდევ სხვა ტექნიკური საკითხები, რაზეც, დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ შეხვედრაზე შევთანხმდებით. ჩვენი გეგმაა, რომ ორშაბათს უკვე გავგზავნოთ შეცვლილი პროექტი ვენეციის კომისიაში განმეორებითი დასკვნისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი მოსმენა 24 მაისის სხდომაზე გაიმართება, ხოლო საბოლოო მოსმენით 21 ივნისს იქნება მიღებული.

პროექტის სადავო ნაწილი

კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს შემადგენლობაში იქნება 17 წევრი ამჟამინდელი 11-ის ნაცვლად.

ამასთან, 17 წევრიდან რვას პარლამენტი პრეზიდენტის წარდგენით ხუთი წლის ვადით დანიშნავს, ცხრას დანიშნავენ პარტიები.

ცესკოს წევრის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში და მოპოვებული აქვთ მანდატები, ანდა იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც პარლამენტის მინიმუმ ერთი მოქმედი წევრი ჰყავთ.

ცვლილებების თანახმად, გაიზრდება ასევე საოლქო კომისიების შემადგენლობა (11-დან 17-მდე), ამასთან კომისიის რვა წევრს დანიშნავს ცესკო, ხოლო პარტიები საარჩევნოდ ექვსის ნაცვლად ცხრა წარმომადგენლის დანიშვნას შეძლებენ.

ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

იცვლება ასევე ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პრინციპი – კანდიდატურას წარადგენს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან, ხოლო შემდგომში მას მხარი უნდა დაუჭიროს კომისიის წევრთა არანაკლებ ორმა მესამედმა. ამჟამად მოქმედ კანონმდებლობაში ცესკოს შეუძლია არჩევანი გააკეთოს სამ კანდიდატს შორის, რომელთაც ასევე პრეზიდენტი წარადგენს.

აღნიშნულმა საკითხმაც ვენეციის კომისიის უკმაყოფილება გამოიწვია. კომისიის თვალსაზრისით, ასეთი სიახლე მიზანშეწონილი არ იქნება საზოგადოებაში ცესკოსადმი დაბალი ნდობის ფონზე.

ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, შეიცვალოს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი და მისი არჩევისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა პარლამენტში 76-დან 100-მდე გაიზარდოს.

 

მთავარი თემები