სამეგრელოში გიორგი გახარიას თანამოაზრეებმა თანამდებობები დატოვეს

© Sputnik / STRINGERზუგდიდის მერია
ზუგდიდის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მეგობრულ ურთიერთობას უკავშირებენ.

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ თანამდებობები დატოვეს, მათ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთეს.

ლაგვილავა და ხუნწელია აცხადებენ, რომ ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამოაზრეები არიან და საქმიანობას მასთან ერთად გააგრძელებენ.

„დილით ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან მქონდა შეხვედრა, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით მოთხოვნა იყო თანამდებობიდან გადავმდგარიყავით. ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, ალბათ ეს იყო ძირითადი მიზეზი“, - განაცხადა პაატა ლაგვილავამ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა აკაკი ხუნწელიამ. მისი თქმით, მარტვილის მერმა პარტიისგან და მთავრობისგან მიიღო დავალება, რომ მას დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რადგან ის გახარიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

გორი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
საკადრო წმენდა რეგიონებში – გორსა და ხაშურში მერების მოადგილეები გაათავისუფლეს

პოსტი დატოვა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ. გვასალია თანამდებობიდან გათავისუფლებას ასევე გიორგი გახარიასთან მეგობრულ ურთიერთობას უკავშირებს.

ამავე მიზეზით დღეს ასევე თანამდებობა დატოვა ხაშურის მერის მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა. თანამდებობები დატოვეს ასევე გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმაც.

რეგიონებში საკადრო წმენდას გამოეხმაურა გახარიას გუნდის წევრი ალექსანდრე მოწერელია, რომელმაც აღნიშნულს პოლიტიკური რეპრესიები უწოდა.

„ეს საჯარო მოხელეები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, იყვნენ ჩვენი თანამოაზრეები და თანამოაზრეობის გამო ადამიანების სამსახურიდან იძულებით გაშვება დაუშვებელია. თუ ვინმემ რამე პროკლამაციები უპოვა ამ ადამიანებს, შეუძლიათ წარმოადგინონ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აგონიაშია, ძალიან ეშინია ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების და შესაბამისად, დაიწყო პოლიტიკური ნიშნით დევნა“, – განაცხადა მოწერელიამ.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ეს თანამდებობის პირები თავიდანვე პოლიტიკური ნიშნით დაინიშნენ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნების თარიღი ცნობილი გახდა

„თუ ვინმე იყო პოლიტიკური ნიშნით დანიშნული, ბუნებრივია, თანამდებობას დატოვებს პოლიტიკური ნიშნით. ეს არის მარტივი საკითხი. რაც შეეხება ე.წ. გახარიას გუნდს, ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ შორის რეგიონებშიც დადიოდნენ და ყველას უმტკიცებდნენ, რომ იყვნენ ე.წ. „ქართული ოცნების“ პროექტი, ანუ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ.“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა და უკვე აპრილში საკუთარი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას შეუდგა. ექს-პრემიერი საკუთარი პარტიის პრეზენტაციას მაისის ბოლომდე გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0