23:20 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (61)
50 0 0

ევროპის დღის აღსანიშნად და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ხაზგასასმელად, დღეს საქართველოში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.

 

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა და წინსვლა ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანაა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით.

დღეს, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

პრეზიდენტი ევროპის დღეს საქართველოს ყველა ევროპელ პარტნიორსა და ევროპაში მცხოვრებ თანამოქალაქეებს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს დღე ერთობლივი დღესასწაულია.

„ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა,  ამის დადასტურებაა ევროპის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადასალახავად. ევროპა გვერდში დაგვიდგა. ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა არც ადვილი, არც ერთგვაროვანია, თუმცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ ეს ჩვენი წინსვლის რეალური გზაა. ეს დღე ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროპის გზები ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო და, ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნა ევროპული კულტურა და ევროპასთან კავშირები.

საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა „ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“.

საქართველოში, ევროპის დღის აღსანიშნად,  სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი შეასრულებენ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებს. ასევე, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ღირსშესანიშნაობები საქართველოს ყველა რეგიონში. საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი და პარტნიორები ერთობლივ ვიდეოგზავნილს გაავრცელებენ და ა.შ.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, ამ დღეს იხსენებენ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა.

ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს.

ევროპის დღეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მიზანი — საქართველოს მოქალაქეებისთვის  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებულ აქტივობების გაცნობაა.

 

თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (61)

მთავარი თემები