06:53 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თქმით, გამორიცხული არ არის, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხიც განიხილოს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში ახალ იმპულსებს შესძენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, აცხადებს აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ზურაბ პატარაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაემგზავრა ბაქოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, სადაც ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდება.

ელჩის თქმით, ბაქოში საკითხთა ფართო სპექტრი იქნება განხილული, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს ქვეყნებისთვის. განსახილველ საკითხთა შორისაა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი შესძენს დამატებით იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ამავდროულად განიხილება საკითხები, რომელიც ეხება ეკონომიკურ ჭრილს — სავაჭრო-ეკონომიკური კომისიისა და ასევე სხვა აქტივობების, ბიზნეს-ფორუმების ჩატარების თვალსაზრისით, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებას“, — განაცხადა პატარაძემ.

დიპლომატი ასევე შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის აქტუალურ თემასაც — საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ეს თემაც განიხილოს.

„რაც შეეხება უშუალოდ დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს, უახლოეს პერიოდში გაიმართება კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც ქვეყნები და მხარეები ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას“, — აღნიშნა ელჩმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთო საზღვრის რამდენიმე სადავო უბანი აქვთ, რომლებზე შეთანხმებაც დღემდე არ არის მიღწეული. ერთ-ერთ სადავო უბანზე მეექვსე საუკუნის ქართული სამონასტრო კომპლექსი დავით-გარეჯა მდებარეობს, რომლის ნაწილზეც აზერბაიჯანი აცხადებს პრეტენზიას.

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, წარმოების და სხვა სფეროებში.

მთავარი თემები