17:16 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

კახა კალაძის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ბოლო დროს მასმედიაში ბევრს საუბრობენ, თავად დედაქალაქის მერი კი საკუთარი გეგმების გამხელას არ ჩქარობს.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, სავარაუდოდ, თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელებს, იუწყება ქართული მასმედია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. ამ ეტაპზე თბილისის მერის პოსტს კახა კალაძე იკავებს. ბოლო პერიოდში ქართული მედია წერს, რომ კალაძე მმართველი პარტიიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.

დედაქალაქის მერის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის შესაძლო დასახელების შესახებ ინფორმაციის თაობაზე მმართველ პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ. 

არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. როგორც მან განაცხადა, მმართველმა პარტამ „როტაცია“ განახორციელა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას „ნეიტრალური“ პოზიციების მქონე ადამიანი დაიკავებს. თალაკვაძე პარლამენტის სპიკერის თანამდებობას 2019 წლის ივნისიდან იკავებდა.

შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.

კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

რაც შეეხება დედაქალაქის მოქმედ მერს კახა კალაძეს, ჯერჯერობით უცნობია მისი პოზიცია – იბრძოლებს თუ არა ხელმეორედ თბილისის მერობისთვის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

მთავარი თემები