19:44 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (184)
74 0 0

გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად ოპოზიცია უყენებდა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ხელს მოაწერენ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე შეთანხმებას, პრეზიდენტი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" თანამფლობელ გიორგი რურუას შეიწყალებს, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნაა, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად უყენებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. თუმცა, ის საკუთარ შეხედულებებზე მაღლა აყენებს ქვეყნის ინტერესებს და მზადაა მიიღოს სკანდალური გადაწყვეტილება.

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას... ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ შემდეგი პირობით: ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და, მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ივლისში რურუა ბრალდებულად ცნო და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ახალი ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. ახალ დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს.

როგორც დღეს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ განაცხადა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაში გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა არის მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი, მაგრამ თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს მის შეწყალებას, პარტია კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებს.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადყოფნა გამოთქვა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს ხელი მოაწეროს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერებმა. დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოთქვა ასევე ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (184)

მთავარი თემები