08:40 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
162 0 0

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ოპოზიციურ პარტიებს განცხადებით მიმართა და ევროპელი შუამავლების მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდა. შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება, რა სახის დოკუმენტს მიიღებენ მხარეები

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ფასილიტატორების და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო.

„რადგან პირველი მოვედი, ავიღებ გასაღებს, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ და სანამ არ შევთანხმდებით, არ დაგვიბრუნოთ გასაღები უკან“, – შეხვედრის წინ იხუმრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრა დღეს დაგეგმილთან შედარებით 5 საათიანი დაგვიანებით დაიწყო. მანამდე კი მმართველმა პარტიამ გაავრცელა მიმართვა ოპოზიციისადმი, რომელშიც მოუწოდა, ხელი მოაწეროს ფასილიტატორების მიერ შედგენილ დოკუმენტს. თავად მმართველმა პარტიამ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს დანიელსონმა შესთავაზა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და იმედი აქვთ, რომ საბოლოო დოკუმენტს მიიღებენ.

„ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ობიექტური დოკუმენტი, რომელიც ობიექტურად ასახავს ამ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. ეს არის დღევანდელი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი და რაღა თქმა უნდა, მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზაზე უნდა შევთანხმდეთ. ამაზე უნდა ვიყოთ ყველანი მობილიზებულები“, - აღნიშნა ვაშაძემ. 

ოპოზიციის წარმომადგენლებს მასპინძლობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას ესწრებიან - სალომე სამადაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), აკაკი მინაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ბადრი ჯაფარიძე  („ლელო საქართველოსთვის“), მამუკა ხაზარაძე („ლელო საქართველოსთვის“), ხათუნა სამნიძე („რესპუბლიკური პარტია“), ვახტანგ მეგრელიშვილი („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ალეკო ელისაშვილი („მოქალაქეები“), გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), გიგა ბოკერია („ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“), ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი – მეტი თავისუფლება“), დავით ბაქრაძე. მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ გამოცხადებულან.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები >>

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ამ საკითხში მმართველი პარტია დათმობაზე უარს აცხადებს.

მთავარი თემები