23:14 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (420)
64 0 0

საქართველოს ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს, თუმცა გარკვეული პირობით.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წამომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მათ მიერვე შეთავაზებული რეფორმების განსახილველად მიიწვია. 

პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ შვიდი მოთხოვნა წამოაყენა და მათგან თუნდაც ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მზადაა საქართველოს პარლამენტში შევიდეს. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინარული გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრულ ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.

„მათ შვიდი პუნქტი და, შესაძლოა, მეტიც აქვთ ასეთი. ეს არის „გირჩის“ დღის წესრიგი, „გირჩის“, როგორც პოლიტიკური პარტიის პროგრამა და ამ პროგრამით ისინი გამოვიდნენ არჩევნებში. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა ამას მხარი. ამიტომ ერთადერთი შესაძლებლობა, „გირჩმა“ იმსჯელოს თავის სასურველ რეფორმებზე, არის პარლამენტში ყოფნა და პარლამენტში დისკუსია“, – აღნიშნა თალაკვაძემ. 

„გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა – დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

„ვფიქრობ, უპირველესად, დასაფასებელია პოზიცია, რომელიც მათ დააფიქსირეს დიალოგის ბოლო რაუნდში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ მზად იყვნენ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, რაც, ვფიქრობ, იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამჟამად პარლამენტში ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ პარტია „მოქალაქეები“ და პარტია „ევროპელი სოციალისტები“ – ჯამში ექვსი დეპუტატი. დანარჩენი პარტიები უარს აცხადებენ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობაზე და არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში.

იმ შემთხვევაში, თუ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ პარლამენტში შევა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობა სამით გაიზრდება და 99-ს მიაღწევს, რომელთაგანაც 9 ოპოზიციონერი იქნება.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (420)

მთავარი თემები