თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ შვიდი მოთხოვნა წამოაყენა და მათგან თუნდაც ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მზადაა საქართველოს პარლამენტში შევიდეს.
„გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა. პარტიის წარმომადგენლები მზად არიან პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ გარკვეული პირობებით.
კერძოდ, გირჩი მოითხოვს:
1.ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
2.კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;
3.რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
4.პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
5.ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
6.მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.
7. რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.
„ჩვენ ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ თუ რომელიმე ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდება, არ იქნება დაპირება, რომ შევასრულებთ, არ იქნება განხილვა, რომ შევასრულებთ, არამედ მართლაც შესრულდება, ჩავთვლით, რომ შეიძლება ეს პარლამენტი იდეალური არ არის, ძალიან ცუდია, რომ მთელი ოპოზიცია წარმოდგენილი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ამ პუნქტის შესრულება ნიშნავს იმას, რომ ეს პარლამენტი უკეთესი იქნება, ვიდრე ნებისმიერი წინა პარლამენტი“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
დღესდღეობით პარლამენტში ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ პარტია „მოქალაქეები“ და პარტია „ევროპელი სოციალისტები“.
დანარჩენი პარტიები უარს აცხადებენ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობაზე და არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში.
იმ შემთხვევაში, თუ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ პარლამენტში შევა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობა სამით გაიზრდება და 99-ს მიაღწევს, რომელთაგანაც 9 ოპოზიციონერი იქნება.
კოლეგების რეაქცია
„გირჩის“ პოზიციას არ ეთანხმებიან სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
„ესაა მათი პოზიცია, თავისუფალი პოლიტიკური ძალაა, რაც უნდათ ის მოითხოვონ. ამ ჩამონათვალიდან უდიდესი ნაწილი საერთოდ არ შედის ხუთპუნქტიან გეგმაში. აქედან გამომდინარე „სტრატეგია აღმაშენებელი” მათ პოზიციას არ ვეთანხმებით“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია - აღმაშენებლის “ წევრმა სერგო ჩიხლაძემ.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ბარამიძეს კატეგორიულად მიუღებლად მიაცნია ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმა.
„ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, როგორ შეიძლება ამ საკითხების ერთ დონეზე დაყენება და რომელიღაც ამ საკითხის რეჟიმის მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, უკანა პლანზე გადადება არჩევნების მოთხოვნისა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ბარამიძემ.
საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს „წითელ ხაზად“ მიიჩნევს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.
ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნა, რომლის დათმობაზეც ხელისუფლება უარს აცხადებს, იმ პირების გათავისუფლებაა, რომელთაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრებს“ უწოდებს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის ნიკა რურუას.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე გავლენის მოხდენას, თუმცა, უშედეგოდ – ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.