„ქართული ოცნება“ მზად არის ხელი მოაწეროს ოპოზიციასთან შეთანხმების დოკუმენტს

© photo: Sputnikარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს პარლამენტის ბოიკოტს ოპოზიციის მხრიდან, აღნიშნა თალაკვაძემ

თბილისი, 12 აპრილი  – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის ხელი მოაწეროს შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დაასრულოს დიალოგი ოპოზიციასთან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად თბილისს მარტის ბოლოს მეორედ ეწვია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა.

ბოლო შეხვედრაზე მის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერეს. ოდნავი დაახლოება, ისიც ზეპირი ფორმით, შეთანხმების ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტზე მოხდა: საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ხელისუფლების განაწილება პარლამენტში. მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს ორ საკითხში – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

„ხელისუფლებას ჰქონდა პრინციპული მზადყოფნა ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელიც დიალოგის ფარგლებში იყო დასმული... იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებზე დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გადააფასებს გარკვეულ ნაწილში“, - განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს პარლამენტის ბოიკოტს ოპოზიციის მხრიდან.

ტურისტები დედაქალაქში - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
პოლარიზაცია და უსიამოვნო სიურპრიზი: რა აჩვენა IRI-ს გამოკითხვამ საქართველოში

„ქვეყანაშიც უკვე სახეზეა ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს. ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს „წითელ ხაზად“ მიიჩნევს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნა, რომლის  დათმობაზეც ხელისუფლება უარს აცხადებს, იმ პირების გათავისუფლებაა, რომელთაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრებს“ უწოდებს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას და ოპოზიციური  ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის ნიკა რურუას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0