თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათშორისი საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათშორის საბჭოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები.
„განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები", – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, განვითარებისა და რეფორმების საბჭოს მიზანია, 2021 წლის 31 მაისამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.
ათწლიანი განვითარების გეგმის შექმნის დაპირება ღარიბაშვილმა პარლამენტში პრემიერად დამტკიცებამდე დადო. როგორც მან მაშინ აღნიშნა, გეგმა გაყოფილი იქნება შუალედურ მოკლევადიან ეტაპებად და გახდება საზოგადოების განხილვის საგანი. ამის შემდეგ კი გადაიქცევა სამთავრობო პროგრამად.