თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აუცილებლად უახლოეს დროს შედგება, განაცხადა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
დანიელსონი იმყოფება თბილისში და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლს შეასრულებს.
„დიდი ალბათობით, მხარეების შეხვედრა შედგება დღეს ან ხვალ, ვერ გეტყვით კონკრეტულ დროს, დამოკიდებულია პირველ რიგში შუამავლებზე. როგორც იცით, ახლა დასრულდება ოპოზიციასთან შეხვედრების პირველი რაუნდი. ამის შემდეგ შუამავლებს სავარაუდოდ დასჭირდებათ გარკვეული დრო, რომ თავად ჩამოყალიბდნენ საკუთარ წინადადებაში და უკვე ამის შემდეგ, სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში განახლდება მოლაპარაკებები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხუთი პარტიის წარმომადგენლები და დანიელსონი განიხილავდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ექვსპუნქტიან გეგმას. ეს გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, „პოლიტპატიმრებისა“ და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და დიალოგის სავალდებულო გაგრძელება 15 მარტამდე.
„ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ მიშელის მიერ მომზადებულ ექვსპუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს. ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ ყველა პუნქტზე, თუ რა არის ოპოზიციის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იქ ჩამოწერილი პრობლემების მოსაგვარებლად და სად შეიძლება იყოს ის კომპრომისის ხაზი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს შექმნილი ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, კრიზისიდან გამოსვლის პირობებს შორის დაასახელეს „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.
თავის მხრივ, პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეხვედრაში, აღნიშნა, რომ აქცენტი ქვეყნის მომავალზე გაკეთდა.
„აქ არ უნდა იყოს დამარცხებული ან გამარჯვებული, გამარჯვებული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო მიაღწევს გამარჯვებას თუ ჩვენ მოვახდენთ გადატვირთვას, ჩვენ მოვახერხებთ იმ კრიზისის ერთიანად, ერთობლივად დაძლევას“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნების გზით კრიზისი არ დაიძლევა და ქვეყანას კონკრეტული რეფორმები სჭირდება.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ - პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების ფალსიფიკაციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და მოლაპარაკებებზე კონცენტრირებას სხვა საკითხებზე სთავაზობს.