01:43 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (292)
42 0 0

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი ხდება, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შშმ პირთა უფლებები

თბილისი,  5 მარტი – Sputnik.  საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა, რაც ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

დადგენილების პროექტის „გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირებას 82–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

„ადამიანის უფლებადამცველებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს, ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UNCRPD), რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2013 წელს მოახდინა, სახელმწიფოებს ავალდებულებს შშმ პირთა სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების შეგროვებას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა, შეუძლებელს ხდის პრობლემის რეალური სურათის გამოვლენას და შშმ პირთა საჭიროებების დანახვას. 

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება კი ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, კონვენციით და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვან იმპლემენტაციას. 

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი უფლებამოსილია განიხილოს წევრი სახელმწიფოებიდან განხორციელებული ინდივიდუალური მიმართვები, ჩაატაროს გამოკითხვის პროცედურები, განიხილოს ქვეყნების პერიოდული ანგარიშები და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა. 

როგორც კანონის ზოგად დებულებებშია ნათქვამი, კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით.

„ჩვენ შევუერთდებით იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მაღალ დონეზე აყენებენ ადამიანის უფლებებს, კონკრეტულად შშმ პირთა უფლებებს და რომელთაც დამატებითი ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერა ექნებათ გაეროს შშმ პირთა უფლებების კომისიისაგან“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, შესაბამისი საექსპერტო მხარდაჭერა, რეკომენდაციები დაეხმარება მთავრობას, რომ მათი მხარდაჭერა შშმ მოქალაქეების მიმართ იყოს უფრო სრულყოფილი და გამართული.

ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 124,5 ათასი შშმ პირი ცხოვრობდა. ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს საქართველოში, ვინაიდან კონფიდენციალური მონაცემების გავრცელება აკრძალულია.

 

თემები:
საქართველოს პარლამენტი (292)

მთავარი თემები