11:24 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)
73 0 0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ყველა პრეტენზიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს ღია, ცხადი და ნათელი პასუხები.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციის მხრიდან წამოყენებული ექვსპუნქტიანი მოთხოვნებიდან ოთხზე მუშაობს, განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

კვირის დასაწყისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, მათი მოთხოვნების საფუძველზე ექვსპუნქტიანი დოკუმენტი შეადგინა. 

მიშელის ვიზიტმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩაიარა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა.

„როდესაც პრეზიდენტი მიშელი იყო ჩამოსული, მასთან ერთად განვიხილეთ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი გარკვეული პუნქტები. „ქართული ოცნება“ მათ უმეტესობაზე უკვე მუშაობს. პირველი პუნქტი საარჩევნო რეფორმაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ რეფორმის ინიცირება უკვე მოვახდინეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კიდევ ერთ პუნქტს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა წარმოადგენს. საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეიქმნა, თუმცა ოპოზიცია კომისიაში მუშაობაზე უარს აცხადებს.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ: საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ან მის ფარგლებს მიღმა თუ რაღაც ფორმით დამტკიცდება კენჭისყრის შედეგების 1%-იანი ცვლილებაც კი, ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ახლა მათი ჯერია. მათ უნდა აჩვენონ, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა განმარტა, რომ ოპოზიციის ექვსი პუნქტიდან არც ერთში არ არის ნახსენები პოლიტპატიმრები.

„გთხოვთ, ამას ყურადღება მიაქციოთ – გვარები ნახსენები არ არის. ის პუნქტები წარმოადგენს პრეტენზიებს, რომლებიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მორიგი მოლაპარაკებების გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„მთავარია არა ის, თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებები, არამედ ის, თუ რამდენად არიან მხარეები მზად შეთანხმების მიღწევისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას ითხოვს – რა იქნება შემდეგ>>>

რაც შეეხება პლებისციტის გამართვას, მმართველი გუნდის წევრმა განაცხადა, რომ პასუხი ნათელია.

„ყველა ის კითხვა, რომელიც მიმართულია რიგგარეშე არჩევნებისკენ, დასაშვებია, თუ დამტკიცდება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არ აისახა“, – განაცხადა დეპუტატმა.

რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად პლებისციტის ჩატარების იდეა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის კომპრომისული ნაბიჯის სახით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მხარეების შეხვედრაზეც გამოითქვა. მიშელმა მხარეებს კრიზისული სიტუაციის გასანეიტრალებლად ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდა.

თემები:
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)

მთავარი თემები